საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტთან გუშინდელ აქციაზე მომხდარ ინციდენტს სამწუხაროს უწოდებს და მას სახალხო დამცველის თანამდებობაზე ამჟამინდელ საქმიანობას არ უკავშირებს.
იოსელიანის შეფასებით, პარლამენტთან იყვნენ სხვადასხვა მოსაზრების ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონდათ პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში მისი პოლიტიკური შეფასებები და ამის მიმართ მიუღებელი ფორმით გამოხატეს პროტესტი.
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ ამ ინციდენტს არ ვუკავშირებ ჩემს საქმიანობას. იქ იყვნენ განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული მოსაზრებებით, რომელთაც არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური შეფასებები, როცა პოლიტიკაში ვიყავი და ამის მიმართ გამოხატეს პროტესტი იმ ფორმით, რომელიც ყველასთვის მიუღებელია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
აღნიშნული განცხადება მან თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გააკეთა, სადაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების მოსანახულებლად მივიდა.
