საქართველოს ევროპული მომავლის საკითხი არის ის თემა, რომელსაც პირდაპირი ბმა აქვს, როგორც საქართველოს ისტორიაში განვითარებულ არა ერთ მნიშვნელოვან მოვლენასთან, მათ შორის, დაღვრილ სისხლთან, ასევე ჩვენი ქვეყნის დიდ მისწრაფებასთან, რომლისკენაც ჩვენ მივდიოდით უახლეს ისტორიაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, – ამის შესახებ ნატო-ში ყოფილმა ელჩმა, ლევან დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„თუ რამე გაკეთდა ქვეყანაში ამ მიმართულებით, თუ რამე სახელმწიფო ინსტიტუტები იქმნებოდა, ეს ბუნებრივია, ჩვენი დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერით ხდებოდა და ცხადია, ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ევროინტეგრაციის საკითხი ეს არ არის მარტივად რომ ვთქვათ, რომელიმე ერთი კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ამოცანა. ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანი“, – განაცხადა დოლიძემ.
„არის უამრავი ადამიანი, რომელიც გუშინ, გუშინწინ მაგალითად, მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ და რომელსაც არ მოსწონს მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ და არ მოსწონს სხვა ოპოზიციური პარტიებიც კი, მაგრამ საკუთარი ღირსების საკითხად თვლიან ამ პრობლემაზე რეაგირებას. სწორედ აქედან გამომდინარე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ძალიან რთული ვითარების წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა დოლიძემ.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მდგომარეობა გასცდა საქართველოს ევროინტეგრაციის პრობლემას და საკითხს.
„დღეს სხვა კითხვები ჩნდება. დღეს საუბარი იმაზე კი არ არის, როგორია ჩვენი ევროინტეგრაციის დინამიკა, რა პერსპექტივები ისახება ამ მიმართულებით, რა დავკარგეთ ამ მიმართულებით და როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მომავალში აღდგეს? ეს კითხვები დღეს ფაქტობრივად, მოხსნილია და პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ქართული სახელმწიფო დგას, ეს არის თავისუფალ დასავლურ სამყაროსთან ცივილური ურთიერთობები“, – განაცხადა დოლიძემ.
დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო შავი ზღვის ქვეყნებს შორის ლიდერი ქვეყანა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი იყო, ამ დიდ სახელმწიფოსთან სტრატეგიული პარტნიორობა კი კიმბერლი ლოუს დონემდე ჩამოვიდა და ჩვენ აღმოვჩნდით იზოლაციაში, როგორშიც ვართ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია.
„ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე. ამას ბევრი წახნაგიდან შეგვიძლია, შევხედოთ და ეს არის ძალიან დიდი ზიანი, მიყენებული ქართული სახელმწიფოებრიობისთვის“, – განაცხადა დოლიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს „ქართული ოცნების“ განცხადებებს, სადაც მმართველი გუნდი საუბრობს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ, ლევან დოლიძემ განაცხადა, რომ მას არანაირი პრობლემა არ აქვს, ძალიან ღიად და მკაფიოდ ისაუბროს იმ შედეგებზე, რასაც თავის დროზე, „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია.
„კი ბატონო, მე შემიძლია, ამას დავამატო მათ შორის, ნატო-სთან ურთიერთობებში გადადგმული არა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ვიზალიბერალიზაცია, ასოცირება, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება, ვახსენოთ კანდიდატის სტატუსი და ა.შ, მაგრამ მე ვსაუბრობ, რომ არათუ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, არამედ ფაქტობრივად, ხელყოფა მოხდა ყველაფრის, რაც ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაშენეთ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ გადადგმულ ნაბიჯებსაც ვგულისხმობ, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს“, – განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, სხვადასხვა დროს, დასავლეთის მხრიდან ბევრი არასწორი ნაბიჯი მოგვისმენია და გვინახავს, მაგრამ დღეს დასავლეთის დადანაშაულება იმაში, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის პროცესი შევაჩერეთ, აბსოლუტურად არასწორია.
„რა თქმა უნდა, ეს ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის რაღაც წარმოუდგენელ კონსპირაციულ თეორიებს და გამუდმებით საუბარი გლობალური ომის პარტიის შესახებ გლობალურ აბსურდად იქცა“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.
ამასთან, როგორც ლევან დოლიძემ აღნიშნა, როდესაც ის ახალ არჩევნებზე საუბრობს, მიაჩნია, რომ დიალოგი უნდა შედგეს და ახალი არჩევნები ამ დიალოგის ნაწილი უნდა იყოს.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ვის და ვის შორის უნდა შედგეს დიალოგი, ლევან დოლიძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში, ქართველი ხალხი იმსახურებს, თავად ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოზიცია გააცნოს მოქალაქეებს და ამასთან, თუ დიალოგი შედგება, მათ შორის, პოლიტიკური პარტიებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან უნდა შედგეს.