ორშაბათი, თებერვალი 24, 2025

ლევან დავითაშვილი – მთელი ძალისხმევა მიმართული გვექნება, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს ინკლუზიური, მოვახდინოთ სამუშაო ადგილების გენერირება და დავასაქმოთ ჩვენი მოსახლეობა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2024 წლის მაღალი, 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებელზეც აისახა და გასულ წელს დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ საკითხზე ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ბუნებრივია, რომ ის ეკონომიკური მონაცემები, რომლებიც 2024 წელს გვქონდა, უნდა ასახულიყო დასაქმების მაჩვენებლებზე – გასულ წელს დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 70,000 ადამიანით გაიზარდა და, ფაქტობრივად, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ წელს ჩვენ 1,402,000 დასაქმებული გვყავდა, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. ჯამში, 2024 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობა შემცირდა დამატებით 2.5%-იანი პუნქტით და 13.9% შეადგინა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, რომ უმუშევრობის არსებული მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებელია საერთაშორისო სტანდარტებით, თუმცა აქამდე არსებული საუკეთესო შედეგია და რაც მნიშვნელოვანია, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობა დასაქმებული იყოს, ეზრდებოდეს შემოსავალი და ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება.

„შემდეგ ოთხწლიან პერსპექტივაში შევქმნათ 200,000 სამუშაო ადგილი – ეს დაპირება რჩება უმთავრეს პრიორიტეტად. ამისკენ გვექნება მიმართული მთელი ძალისხმევა, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს ინკლუზიური, ასევე მოვახდინოთ სამუშაო ადგილების გენერირება და დავასაქმოთ ჩვენი მოსახლეობა. ეს არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი ფოკუსი და პრიორიტეტი. ცალსახაა, რომ ოპოზიციისთვის ეს არ არის იგივე, პირიქით, მათთვის, პრინციპში, საპირისპირო ამოცანა და გეგმაა პრიორიტეტი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უბრალოდ ვიწრო პოლიტიკური მიზანი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად ისაუბრა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვრის თვის ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინასწარი მონაცემებით, ის ასევე მაღალი იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორთან კონტრაქტი, შესაძლოა, გაზაფხულზე გაფორმდეს

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორთან კონტრაქტი, შესაძლებელია, მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდეს. როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. „ვფიქრობ, შევძლებთ, კონტრაქტი უკვე გაზაფხულზე გავაფორმოთ, არაუგვიანეს ზაფხულისა. ჩემი მოლოდინი იყო, რომ მოლაპარაკების რაუნდები უფრო სწრაფად შედგებოდა და შედეგებიც უფრო სწრაფად იქნებოდა, თუმცა გვესმის, რომ მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი კომპანიაა მოლაპარაკებებში ჩართული და ამ პროცესში კონფიდენციალობაა საჭირო, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – დარეგისტრირებულია ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვითი თარგმანი, პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგი არის დარეგისტრირებული პარლამენტში და სწორედ მისი განხილვა იგეგმება. როგორც ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ,ა, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა, წარმოდგენილი ინიციატივა არის აშშ-ში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანი, შესაბამისად, ერთგვარ სამართლებრივ და შინაარსობლივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში აუცილებლად დასაკონკრეტებელი იქნება. „კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში არის ამ კანონისთვის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან ერთგვარად შეუსაბამოა. მაგალითად, საქმე ეხება კანონპროექტში მოხსენიებულ ორგანოს, მაგალითად კონგრესს, კონგრესის ბიბლიოთეკას, სახელმწიფო დეპარტამენტს, იუსტიციის დეპარტამენტს, ხაზინის მდივანს, ფოსტის გენერალურ დირექტორს, შტატების პრეზიდენტს. ეს გარკვეულწილად უნდა იყოს ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი“,- აღნიშნა ტაბატაძემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება აღნიშნული კანონპროექტის ქართულ სამართლებრივ სივრცესთან შესაბამისობაში მოყვანა. „ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არის საქართველოს კანონის პროექტი – უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, პაკეტი. არსი არის იმაში, რომ არის ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვით, მძიმე-წერტილით თარგმანი. შემდეგ უკვე პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან. თუმცა ამით დასრულებულია ნებისმიერი ყალბი, ცრუ ნარატივი, რომელსაც ზოგიერთი შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდა ხოლმე ქართულ კანონებთან დაკავშირებით. არის კანონპროექტი, რომელიც არის სიტყვასიტყვითი თარგმანი. ყველა სიტყვა, ყველა ტერმინი, ყველა მძიმე, ყველა წერტილი არის იდენტური აშშ-ში მოქმედი კანონისა და საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ე.წ. თრექჩეინჯით დააკვირდნენ, რა შეიცვლება ამ კანონში. ნებისმიერი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც რაიმე საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამით დასრულებული იქნება. ამიტომ, გთხოვთ გადაწყვეტილებას, რომ გადავცეთ სამსჯელოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და, შესაბამისად, უკვე მოხდება ამ კანონპროექტზე მსჯელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კაია კალასი – ყველა დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს, არ არის ევროპის მიმართულებით გადადგმული

ყველა დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს, არ არის ევროპის მიმართულებით, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კალასის თქმით, „საქართველო ნამდვილად არ დგამს სწორ ნაბიჯებს“. „მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენება რეგიონში საგანგაშო მდგომარეობას ქმნის. ყველა ეს დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ცხადია, რომ ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს, არ არის ევროპის მიმართულებით გადადგმული. ჩვენ მოველით გარკვეულ ღირებულებებს, ნაბიჯებს კანდიდატი ქვეყნებისგან, როგორიც საქართველოა. ნათელია, რომ საქართველო ნამდვილად არ დგამს სწორ ნაბიჯებს“, – განაცხადა კაია კალასმა.

კანონპროექტის მიხედვით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს „ქალისა და მამაკაცის თანასწორების შესახებ“ კანონი დაერქმევა

ქართული კანონმდებლობიდან ტერმინების „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მიზნით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს სახელწოდება ეცვლება და მას „ქალისა და მამაკაცის თანასწორების შესახებ“ კანონი ერქმევა. ცვლილებების მიხედვით, კანონებში არსებული ჩანაწერი „გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით – „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი „გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადგმი შეუწყნარებლობით“, კანონში გამოყენებული სიტყვები „გენდერულად მგძნობიარე“ შეიცვლება სიტყვებით „სქესის ნიშნისადმი მგძნობიარე“.

ფრიდრიხ მერცი – ტრანსატლანტიკური ურთიერთობა თუ განადგურდება, საზიანო იქნება ევროპისთვის და ძალიან ნეგატიურად აისახება აშშ-ზე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევინარჩუნო კარგი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები

ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალისტური კავშირის ლიდერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიას ახალი მთავრობა აღდგომისთვის ეყოლება. კანცლერობის კანდიდატმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. მერცის თქმით, აშშ-დან წამოსული სიგნალები მკაფიოდ მეტყველებს, რომ ევროპასთან თანამშრომლობის ინტერესი და სურვილი მცირდება, თუმცა ის შეეცდება დაარწმუნოს ვაშინგტონი, რომ მათ ინტერესშია, კარგი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ქონა, რადგან „თუ ტრანსატლანტიკური ურთიერთობა განადგურდება, ეს საზიანო იქნება ევროპისთვის და ასევე ძალიან ნეგატიურად აისახება აშშ-ზე“. „მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევინარჩუნო კარგი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები“, – განაცხადა მერცმა. ამასთან, კანცლერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ, აშშ-თან დაძაბულობის მიუხედავად, ნატო კარგად ფუნქციონირებას განაგრძობს. ფრიდრიხ მერცის თქმით, მას კარგი საუბარი ჰქონდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერთან, მარკ რუტესთან, რომელსაც, თავის მხრივ, კარგი პირადი ურთიერთობა აქვს დონალდ ტრამპთან და არის შანსი აშშ-სა და ნატო-ს შორის კარგი ტრანსატლანტიკური ურთიერთობის შენარჩუნებისთვის.

ბოლო სიახლეები