ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025

ლევან დავითაშვილი – ალბათ, სიმბოლურია, რომ წლევანდელი წლის თემატიკა ტურიზმი და მშვიდობაა – ტურიზმი არცერთ ქვეყანაში არ ვითარდება ომის პირობებში, ტურიზმი ვითარდება მხოლოდ მშვიდობის პირობებში

ალბათ, სიმბოლურია, რომ წლევანდელი წლის თემატიკა ტურიზმი და მშვიდობაა – ტურიზმი არცერთ ქვეყანაში არ ვითარდება ომის პირობებში, ტურიზმი ვითარდება მხოლოდ მშვიდობის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით განუცხადა, რომელსაც საქართველო მასპინძლობს.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით საქართველოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან სტუმრობენ, რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

„ალბათ, სიმბოლურია, რომ წლევანდელი წლის თემატიკა ტურიზმი და მშვიდობაა. ეს თემატიკა საქართველოსთვის ძალიან აქტუალურია. ზოგადად, საქართველოსთვის მშვიდობის თემა ძალიან აქტუალურია, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში რამდენიმე ომი გადახდა თავს და რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია ომის პრობლემები, გამოწვევები, ტრაგედიები. ასე რომ, ალბათ, ყველაზე უკეთ ვიცით მშვიდობის ფასი. ეს თემა არ არის აქტუალური მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. ტურიზმი არცერთ ქვეყანაში არ ვითარდება ომის პირობებში. ტურიზმი ვითარდება მხოლოდ მშვიდობის პირობებში. ტურიზმს გარკვეულწილად აქვს ფუნქცია, რომ მშვიდობას ხელი შეუწყოს და ხალხებს შორის მშვიდობა გაამყაროს. ეს არის ძირითადი თემატიკა. ვფიქრობ, საქართველოსთვის ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია ჩვენი ცნობადობის ამაღლებისთვის. 40-ზე მეტი ქვეყნიდან გვყავს სტუმარი, 150-ზე მეტი დელეგატი. ესენი არიან ინდუსტრიის წამყვანი ინვესტორები, მსოფლიო ტურიზმის მიმართულებით პოლიტიკის შემქმნელი ორგანიზაციები. ვფიქრობ, საქართველოში მათი ყოფნა ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო ასპარეზზე”,- განაცხადა დავითაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თაკო ჩარკვიანი ადასტურებს, რომ სუპერმარკეტის თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებს შორის ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანია

სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანია.როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მისმა მამიდამ, თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, მისი ძმიშვილი დაკავებული არ არის, ის არ გამოუკითხავთ და არც არსად მიმალვას არ აპირებს.ჩარკვიანის თქმით, მის ძმიშვილს მანანა გიორგობიანმა დაურეკა და დახმარება სთხოვა.„ჩემი ინფორმაციით, ამ ქალმა დაურეკა, მცემენ და მიშველეო, ის ჯაკოს გარდაცვლილი მეგობრის დედაა. ვიდეოშიც ისმის ფრაზა, „ახლა მე ბიჭებს დავურეკავო“ და მერე ამბობს კიდეც, ამან, მეორემაც დამარტყა ხელიო. აბსოლუტურად შეცდომაში შეყვანაა ადამიანების... შვილის ხელა ბავშვებს რანაირად უნდა დაურეკო ქალმა, არ ვიცი.... გარდაცვლილი მეგობრის დედა რომ გირეკავს, მიშველე, მირტყამენ, მიშველეო, ჩახვალ, ადამიანური რეაქცია იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვამართლებ, ნამდვილად ასე იყო. ძალიან ბევრი თვითმხილველია“, - აცხადებს ჩარკვიანი.ცნობისთვის, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ „სპარში“ ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მანანა გიორგობიანი დააკავეს.შსს-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.

დავით სონღულაშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა დამატებითი შესაძლებლობაა, ქართული პროდუქცია კიდევ უფრო მეტად ცნობადი გახდეს ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრო.მინისტრის თქმით, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა დამატებითი შესაძლებლობაა, ქართული პროდუქცია კიდევ უფრო მეტად ცნობადი გახდეს ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე.„ჩინეთში, საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი. ჩინეთის ბაზარს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობა შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ჩინეთის ბაზარზე კიდევ უფრო მეტი წვდომა გაგვიჩნდეს. წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 40-ზე მეტი ქართული კომპანია.გამოფენის გახსნამდე, საქართველოს და ჩინეთს შორის გაფორმდა არაერთი მემორანდუმი და ხელშეკრულება. ერთობლიობაში, იქმნება ყველა პირობა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, იქმნება შესაძლებლობები, ქართული კომპანიები და პროდუქცია მეტად ცნობადი გახდეს ჩინეთის ბაზარზე, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს საქართველოდან ექსპორტის ზრდას და ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა ხელი მოაწერა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმებს, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებს მოიცავს.საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პრემიერის ლი ციანის მიწვევით იმყოფება.

თინა ბოკუჩავა – ნონსენსია, რეჟიმი პარტიას გაუქმებით ემუქრებოდეს, ამ დროს შენ საკრებულოებში ერთი და ორი ადამიანით ძალაუფლების გამოგლეჯაზე საუბრობდე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა პარტია ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სამართლებრივ ბრძოლას გულისხმობს.მისი თქმით, წინსწრებით განსაზღვრული პროცესია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით ხდება და მისი ფინალი ნათელია.„ნონსენსია, რეჟიმი პარტიას გაუქმებით ემუქრებოდეს, ამ დროს შენ საკრებულოებში ერთი და ორი ადამიანით ძალაუფლების გამოგლეჯაზე საუბრობდე. თუმცა მე სხვა პარტიის გადაწყვეტილებაზე ვერ ვისაუბრებ. „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, ჩვენ უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა ამ პროცესში მონაწილეობას. ეს პროცესი წინსწრებით განსაზღვრული პროცესია, ანუ ტრაგიკომედიის ფინალი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით, რომელიც რეალურად არა რომელიმე პარტიის გაუქმებაზე, არამედ დემოკრატიის, თავისუფალი სივრცის გაუქმებაზეა ორიენტირებული, სამწუხაროდ, ნათელია. საკონსტიტუციო სასამართლო ისეთივე მორჩილია, ერთეული მოსამართლეების გამოკლებით, როგორც ყველა სხვა ინსტანციის სასამართლო, მაგრამ ფორმალურად მაინც მივიღებთ თუ არა მონაწილეობას ამ პროცესში, სიმართლის დასაფიქსირებლად და ისტორიისთვის, რომ დარჩეს საქართველოს უახლეს ისტორიას, უახლოეს დღეებში განვსაზღვრავთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პაატა იმნაძე – მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ის ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია, მუნის მკურნალობა ადვილია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.მისი თქმით, წლის განმავლობაში არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. დაახლოებით, ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც.პაატა იმნაძის თქმით, მუნის მკურნალობა ადვილია, დაავადება კანით კანზე, მჭიდრო, ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება.„მუნი არის ტკიპით გამოწვეული დაავადება. მისი ძირითადი სიმპტომი ძლიერი ქავილია. გადადის მხოლოდ მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით კანით კანზე, თუმცა შესაძლებელია, გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით, ტანსაცმლით. მკურნალობა საკმაოდ ადვილია, სპეციალური მალამოების საშუალებით. პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო იმას, ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ყველა ოჯახის წევრს და ასევე, ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მანანა გიორგობიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.შსს-ს ცნობით, დანაშაული ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს – 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები