მინდა მივმართო თეა წულუკიანს: არ გჭირდებოდათ 450-გვერდიანი დოკუმენტის დაწერა იმის დასადგენად, რომ „ნაცები“ ხართ. თქვენი წარუმატებლობა, რომელიც დაიწყო სასამართლოში, გაგრძელდა კომისიაზე. თქვენ აქაც დამარცხდით სააკაშვილის მემკვიდრეობასთან, -ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს.
ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები უნდა გამოეძიებინა, დაადგინა, რომ „ქართული ოცნება“ თავად იქცა „ნაციონალურ მოძრაობად“.
„წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა. კომისიამ, რომელსაც უნდა გამოეძიებინა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები, დაადგინა, რომ თავად „ოცნება“ იქცა „ნაციონალურ მოძრაობად“. კომისიას არ დაუბარებია სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, კოდუა, ბარამიძე, მაგრამ კომისიამ 2- ჯერ დაიბარა გიორგი გახარია. კომისიაზე გამოვლინდა, როგორ დამარცხებულა წულუკიანი მურუსიძე-ჩინჩალაძესთან. რა გავიგეთ წინა რეჟიმის მიერ დაზარალებულებისგან – . გიული ავალიშვილი ადანაშაულებს საკუთარი ძმის მკვლელობაში ხუტა პაჭკორიას, რომელიც დღეს „ოცნების“ მაღალჩინოსანია და თბილისის პოლიციის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ხარძიანის შვილი ხელს ადებს კონკრეტულ პოლიციელს, გვარად მესხს, რომელმაც ხარძიანს ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ „ჰეროინი“ ძალით გადააყლაპა დაკავების დროს, დღეს მესხი ისევ პოლიციელია. ბატონი გურამ თირქია ზეწოლაში და 10-წლიანი ციხის მუქარაში ადანაშაულებს როლანდ ახალაიას მაშინდელ პროკურორს, ვინმე ბერიშვილს, რომელიც დღესაც მოქმედი პროკურორია. „ფოტოგრაფების ე.წ საქმის“ დეტექტივ-გამომძიებელი, რომელმაც საზოგადოებას აუწყა „რუსეთის საშიში აგენტების“ დაკავების შესახებ, მერაბიშვილის პოლიციელი იყო, დღეს ეს ადამიანი „ოცნების“ აჭარის პოლიციის უფროსია. მანუჩარ კაპანაძე, რომელსაც სულხან მოლაშვილის მამა – ბატონი თამაზ მოლაშვილი საკუთარი შვილის სიკვდილში ბრალს დებს, ივანიშვილმა და წულუკიანმა უვადო მოსამართლედ დანიშნეს. საბოლოოდ, წულუკიანის კომისიამ საკუთარი თავი გამოიძია და დაასკვნა, რომ „ოცნება“ სავსეა „ნაცებით“. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს კომისია ადამიანებს აღუდგენს უფლებებს, დაუბრუნებს წართმეულ ქონებას, დასჯის ხუტა პაჭკორიას, მანუჩარ კაპანაძეს, პროკურორ ბერიშვილს, პოლიციელ მესხს, გაუშვებს აჭარის პოლიციის უფროსს, სისტემიდან მოიშორებს მურუსიძე-ჩინჩალაძეს და ყველა სხვა ზონდერ მოსამართლე-პროკურორს.
დაბოლოს, მინდა მივმართო თეა წულუკიანს: არ გჭირდებოდათ 450- გვერდიანი დოკუმენტის დაწერა იმის დასადგენად, რომ „ნაცები“ ხართ. თქვენი წარუმატებლობა, რომელიც დაიწყო სასამართლოში, გაგრძელდა კომისიაზე. თქვენ აქაც დამარცხდით სააკაშვილის მემკვიდრეობასთან“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.