ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

ლეგენდარული კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია 82 წლის გახდებოდა

შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორი და მუსიკოსი, თაობებისათვის საყვარელი ადამიანი, ალექსანდრე ბასიალაია   1942 წლის 11 მარტს დაიბადა. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, კონტრაბასის კლასი.  1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორიაში პიანისტ-აკომპანიატორად.

მისი და თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვების ხანა დაიწყო 1968 წლიდან, როცა ალექსანდრე ბასილაია გახდა ანსამბლ „ივერიის“ ხელმძღვანელი.

1960 წლები ურთულესი პერიოდი იყო მთელი მსოფლიოს მუსიკოსებისათვის, მათ შორის საბჭოთა კავშირში მცხოვრებთათვის.

ამ პერიოდში დიდი გარდატეხა ხდება მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში. ასპარეზზე გამოსულები არიან ბითლზები, როლინგ სთოუნზი, ჰუ, ლედ ზეპელინი, დიიფ ფარფლი და სხვა ლეგენდარული ჯგუფები თუ სოლისტები. მსოფლიო აღტაცებულია თავისი მუსიკალური კერპებით, ახალი სტილებით, ახალი მიმართულებებით.

მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ს საზღვრები ჩაკეტილი იყო, საბჭოელი მუსიკის მოყვარულები მაინც ახერხებდნენ და ეცნობოდნენ უცხოეთის მუსიკალურ მიღწევებს. ლეგენდარული ჯგუფების ჩანაწერებიც შემოდიოდა თბილისში და იპყრობდა ქართველი მსმენელის გულს. ასეთ დროს, კონკურენციის გაწევა უცხოური ლეგენდარული ჯგუფებისათვის ურთულესი საქმე გახლდათ.

გარდა ამისა, ქართველი მსმენელი თავის ტრადიციული კარგი გემოვნებით შეჩვეული იყო მაღალმხატვრული შემოქმედების მოსმენას. ქართველი მსმენელის გემოვნება ათასწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ქართული მუსიკალური ხელოვნება, ხალხური, საეკლესიო თუ საქალაქო, ჯერ კიდევ ძალიან პოპულარული იყო (და არის საბედნიეროდ) საქართველოში. ამასთან, “ივერიის” მოღვაწეობას წინ უძღოდა “ორერას” პოპულარობა და სხვა შესანიშნავი ჯგუფების შემოქმედება ქვეყანაში. ასეთ ვითარებაში სცენაზე გამოსვლა ურთულესი რამ გახლდათ.

სწორედ, ასეთ დროს გამოვიდა ასპარეზზე “ივერია” და მაშინვე მოახერხა ქართველი მაყურებლის დიდი სიყვარულის დამსახურება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები იყვნენ და ქართულად მღეროდნენ, არამედ იმიტომ, რომ ძალიან დიდი შემოქმედებითი ძალით და შესანიშნავი ნიჭით იყო “ივერია” აღსავსე. თითქმის ყველა მათი სიმღერა ჰიტი ხდებოდა, რომელსაც ხშირად მოისმენდი ღია ფანჯრებიდან ქუჩაში…

ალექსანდრე ბასილაიას დამსახურებებზე საუბარი სასიამოვნოა. გავიხსენოთ მისი უკვდავი სიმღერები და შესანიშნავი მიუზიკლები: “ჩხიკვთა ქორწილი”, “არგონავტები”, “თოვლის ბებოს ზღაპარი”, “ფიროსმანი” და სხვა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მისი მუსიკა ფულმებში თუ ანიმაციური ფილმებში. რამდენად გაღარიბდებოდა თანამედროვე ქართული კულტურა, ეს შესანიშნავი ნაწარმოებები რომ არ გვქონდოდა და რაოდენ კიდევ უფრო მოსაწყენი იქნებოდა ჩვენთვის ცხოვრება საბჭოეთში.

მართლაც დიდი დამსახურებისათვის ალექსანდრე ბასილაიას 1987 წელს მიანიჭეს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის დირექტორი და სამხატვრო ხემძღვანელი გახდა, სადაც ჩვენი თანამედროვე მუსიკასთან შეხვედრის ცენტრი იყო ჩვენთვის. 2002 წელს ალექსანდრე ბასილაიას მიანიჭეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

რა თქმა უნდა, მცირერიცხოვანი და ისიც დაპყრობილი, რკინის ფარდის უკან მცხოვრები ერის მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებისათვის მსოფლიო პოპულარობისათვის საზღვრები, ფაქტიურად, გადაღობილი იყო. თუმცა ალექსანდრე ბასილაიამ და “ივერიამ” მაინც შეძლეს და წარმატებით მოიარეს პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, პორტუგალია. მთელი რუსეთი და საბჭოთა კავშირი რომ მოხიბლული ჰყავდათ, ეს ყველამ იცის. მაგრამ ეს ძალიან ცოტა იყო ალექსანდრე ბასილაიასათვის. ის გაცილებით დიდი მასშტაბის კომპოზიტორი გახლდათ, რომელსაც სცენის სივრცე ჰქონდა ჩაკეტილი კომუნისტური ხელისუფლების მიერ.

დიდ ბრიტანეთში როლინგ სთოუნზის სიმღერებს სიმფონიური ორკესტრი უკრავდა ხოლმე კლასიკურ სტილში და ძალიან კარგი გამოდიოდა. რომ გავიხსენოთ, ასევე შესანიშნავია ალექსანდრე ბასიალიას ნაწარმოებები, არა მარტო თანამედროვე, ასევე კლასიკური მუსიკალური სტილით შესრულებისას. მისი ლირიკა უზადოა, ბრწყინვალეა მისი ჰეროიკული თემა, პატრიოტული თემატიკის მელოდიაც.

მსოფლიოში მუსიკოსებისა და ჯგუფების

პოპულარობა, ხშირად, მათ მიერ გაყიდული სინგლებისა და ალბომების რაოდენობით განისაზღვრება. საქართველოში ვერ იპოვნიდით ოჯახს, რომ არ ჰქონოდა “ივერიის” სინგლები და ალბომები, ასევე ჩანაწერები ბაბინებზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალექსანდრე ბასიალიას მუსიკამ და ჯგუფმა (რომელშიც ბრწყინვალე მუსიკოსები იყვნენ), პროცენტულად მსოფლიო რეკორდები დაამყარა საქართველოში.

თუ უცხოეთში რომელიმე ლეგენდარული ჯგუფის ფანები, მეტნაკლებად მაინც, ამა თუ იმ ასაკს მიეკუთვნებოდნენ, საქართველოში ყველა, დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ალექსანდრე ბასიალაიასა და “ივერიის” ფანი იყო.

დიდი კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია გარდაიცვალა 2009 წლის 3 ოქტომბერს. სრულიად დამსახურებულად ქართველმა ხალხმა ის დიდუბის პანთეონში დაკრძალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – მინდა, ირანი იყოს დიდი და წარმატებული ქვეყანა, თუმცა ისეთი, რომელსაც არ შეუძლია, ჰქონდეს ბირთვული იარაღი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ამაზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყება. „მინდა, რომ ირანი იყოს დიდი და წარმატებული ქვეყანა, თუმცა ისეთი, რომელსაც არ შეუძლია, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ცნობები იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები, ისრაელთან ერთად თანამშრომლობით, აპირებს, ირანი ნამსხვრევებად აქციოს, ძალიან გადაჭარბებულია. მე ბევრად მირჩევნია დამოწმებული ბირთვული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ირანს მისცემს მშვიდობიანად ზრდისა და განვითარების საშუალებას. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა და მოვაწყოთ ახლო აღმოსავლეთში დიდი ზეიმი, როდესაც ის ხელმოწერილი და დასრულებული იქნება. ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი!“, – წერს ტრამპი.

„ბლუმბერგი“ – აშშ-მა შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა თებერვალში წარადგინოს

აშშ-მა შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა თებერვალში წარადგინოს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის მოკავშირეები ელოდებიან, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რუსეთსა და უკრაინას შორის „ომის დასრულების გეგმას“ წარადგენს. გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის დასრულების გეგმა, სავარაუდოდ უნდა წარადგინოს უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა, რომელიც მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. წყაროებმა უარი თქვეს დაეკონკრეტებინათ, რამდენად დეტალური იქნება გეგმის განხილვა და რა ფორმატში გაიმართება ის. წყაროების თქმით, სავარაუდო გეგმის ელემენტებს შორისაა: პოტენციურად კონფლიქტის გაყინვა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განუსაზღვრელი სტატუსი, ასევე უკრაინისთვის დაუკონკრეტებელი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, კელოგმა დაადასტურა, რომ გეგმავს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას და „ამერიკის იმ მოკავშირეებთან შეხვედრას, რომლებიც მზად არიან აშშ-სთან თანამშრომლობისთვის“. მანამდე, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ს უკვე აქვს „კარგი, საიმედო გეგმა“ უკრაინაში ომის დასასრულებლად.

მოსამართლემ გიგი უგულავას და კიდევ 7 დაკავებულს გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლე დავით კურტანიძემ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 8 დაკავებული პირს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.. დაკავებულებს შორის იყო თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.  მოსამართლემ დაკავებულებს გირაო შეუფარდა. გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3 500-ლარიანი. დაკავებულები გირაოს გადახდის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორს დატოვებენ. შეგახსენებთ, შსს-მ 4 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას. აღსანიშნავია, რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 18 ივნისს მიღებული №407-ე დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ნუსხაშია შესული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთს სრულად მიეკუთვნება აღმაშენებლის ხეივანი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 2 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში დაიწყეს შეკრება და მოგვიანებით, მსვლელობით თბილისის გასასვლელის მიმართულებით გადაინაცვლეს. შეკრების ადგილებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებთან. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადებებისა და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აქციის წევრებს არ მოეხდინათ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება , შეკრების დაწყებიდან მალევე აქციის მონაწილეთა ნაწილი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გადავიდა გზის სავალ ნაწილზე და შეეცადა საავტომობილო გზის ბლოკირებას. სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, დაკავებულია 8 პირი. საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება."

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველმა დაინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა,- ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული. სახალხო დამცველი მიმართვის მიზეზს განმარტავს. „დღეს, 5 თებერვალს სახალხო დამცველმა მიმართა ეუთო/ოდირს და სთხოვა სამართლებრივი დასკვნის მომზადება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე კვირას დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. წარმოდგენილი ინიციატივა დაჩქარებულად განიხილება და მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში. მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართვის შესაძლებლობას. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალგაზრდა, რომელსაც ოთხი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, ასპინძის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები, 27 წლის სანდრო შემაზაშვილი, დღეს საღამოს გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ავრცელებს. ახლობლების ინფორმაციით, სანდრო შემაზაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. სანდრო შემაზაშვილი, სახლიდან პირველ თებერვალს, გვიან ღამით გავიდა. მას ოჯახი და სამართალდამცველები ქვეყნის მასშტაბით, ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები