საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და სადავოდ ხდის საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ მე-17 (სეკუნდა) მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმადაც „მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება.“
გამოცემა “ლიბერალის” ცნობით, მოქალაქე ნ. გ. ლგბტ თემის წევრია. მას შემდეგ, რაც მოსარჩელე ნ. გ. იხდის სასჯელს, მას არ ეძლევა საშუალება, ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნის უფლებით თავის პარტნიორთან.
სარჩელის თანახმად, მაშინ, როდესაც სადავო ნორმის შესაბამისად ჰეტეროსექსუალი პატიმრები სარგებლობენ მეუღლესთან ხანგრძლივი პაემნის უფლებით, ჰომოსექსუალი პატიმრები, მოკლებულნი არიან ამ უფლებას, რაც არღვევს ლგბტ თემის წარმომადგენელ პატიმართა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
სარჩელში ნათქვამია, რომ ამ რეგულაციის შინაარსით გათვალისწინებულ შეზღუდვას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელი ობიექტური გამართლება და გონივრული დასაბუთება. აქვე ნათქვამია, რომ სადავო ნორმა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ვინაიდან ვერ სარგებლობს ჰეტეროსექსუალი პატიმრების მსგავსი, თანაბარი უფლებით და ამ განსხვავებული მოპყრობის საფუძველი გახლავთ სექსუალური ორიენტაცია.
როგორც სარჩელშია ნათქვამი, არსებული რეგულაცია დისკრიმინაციულია და წარმოადგენს თანასწორობის უფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას.
