ორშაბათი, მაისი 5, 2025

ლაშა ხუციშვილი – ADB-ის მხრიდან გამოითქვა მზაობა, გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს ბანკის დაფინანსება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის პროექტებში

ADB-ის მხრიდან გამოითქვა მზაობა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს ბანკის დაფინანსება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის პროექტებში, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, საუბარი შეეხო ყველა პროექტს, რომელსაც საქართველო აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს ქვეყანაში.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ ხაზგასმულ იქნა ქვეყანაში ეკონომიკისთვის ხელსაყრელი გარემო, მაღალი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია დაფინანსების მიღებისთვის.

„აზიის განვითარების ბანკს საქართველოსთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აკავშირებს. ბანკს, დაახლოებით, 5.1 მილიარდი აშშ დოლარის პორტფელი აქვს საქართველოში და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები ამბიციურია იმისთვის, რომ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში, უფრო მეტად შეეწყოს ხელი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ბანკის ერთ-ერთი მთავარი  პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კახა კალაძე – აქციებზე პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, ეს დემოკრატიულ პროცესად წარმოეჩინა

თბილისის მერის განცხადებით, თბილისში გამართულ აქციებზე  მომიტინგეები პოლიციელებს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და მძიმე საგნებს, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, ეს დემოკრატიულ პროცესად წარმოეჩინა.ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საფრანგეთში აქციის დაშლის თემაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ასე ხდება აქციების დაშლა. საუბარია არა მხოლოდ საფრანგეთზე, ასეა ზოგადად ევროპის ქვეყნებში. ეს დამოკიდებულებაა ზოგადად. როდესაც შენ ატარებ აქციას, მისი ჩატარების უფლება, როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ქვეყნებში, აქვს ნებისმიერ მოქალაქეს. მოქალაქეებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც აქციით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, რაც გაწერილია კონსტიტუციით, კანონმდებლობით. როგორც კი შენ გადადიხარ კანონის ჩარჩოებს, რა თქმა უნდა, პოლიცია მოქმედებს კანონის შესაბამისად. ძალიან მარტივია. იმ თემის ირგვლივ, რაც საქართველოში ხდებოდა, პოლიტიკური სპეკულაციები იყო. იყო ფიზიკური  შეურაცხყოფა პოლიციელების მიმართ, „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და მძიმე საგნებს ესროდნენ, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, რომ ეს წარმოეჩინა, თითქოს დემოკრატიული პროცესები იყო. მოსამართლეებს კვერცხებს ესროდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია. ორმაგი სტანდარტია: როგორც უნდათ, ისე ათამაშებენ მუსიკას. თუ რამე აწყობთ, მაშინ სხვა მესიჯებს გააჟღერებენ, თუ რამე საწინააღმდეგო იქნება, ამ შემთხვევაში იტყვიან, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გია ვოლსკი – იმედს ვიტოვებთ, მოვა ის დრო, როცა აშშ-თან ურთიერთობას მართლაც სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ

რთული სიტუაციაა. როდესაც კონგრესმენები ასე გიტევენ და მეგობარი აქტის სახელს არქმევენ დოკუმენტს, რომელშიც ყველა პუნქტი უსამართლოა, რასაკვირველია, რთულ სიტუაციას გვიქმნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება არ ექვემდებარება გარკვეულ კონტროლს და გამოსწორების პერსპექტივა არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საქართველო და აშშ ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ.„ახლახან ამერიკაში ვიცე-პრემიერს ამხელა ვიზიტი ჰქონდა, სადაც საუბრები იყო როგორც ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ის დრო მოვა, როცა ურთიერთობას მართლაც სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, ამას ექნება რეალური შინაარსი და არა მხოლოდ სათაური და დასახელება. მეორე მხრივ, ნახეთ, ამერიკისაც აქვს პარტნიორული ურთიერთობები, რომელმაც ჩვენს მეზობელ, მეგობარ სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა. ამ მიმართულებით წარმატებებს ვუსურვებთ, მაგრამ ახლახან სომხეთმა ირანთან ერთად სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ანუ, ყველა ქვეყნის დამოკიდებულება ინტერესებიდან გამომდინარეობს. ვფიქრობთ, რომ ამერიკაში ინტერესები დადგება წინ, მათ შორის აშშ-ის ინტერესები და არა კონკრეტული ცალკეული კონგრესმენების მოსაზრება, რომ აუცილებლად „ნაცმოძრაობა“ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში“, – განაცხადა ვოლსკიმ.აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარ აქტს“ დღეს განიხილავს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ 27 მარტს დაუჭირა მხარი.„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას; გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით; გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.

„ჩემი უდიდესი თხოვნაა, ილოცოთ მისი სულისთვის…“ – თამუნა მდივანი მიმართვას ავრცელებს

თბილისში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის, გიორგი მდივანის დედა მიმართვას ავრცელებს:„უფალმა ნათელში ამყოფოს ჩემი გიორგის სული“, - წერს სოციალურ ქსელში, მსახიობი და ინფლუენსერი, თამუნა მდივანი.მას რამდენიმე დღის წინ შვილი დაეღუპა და საზოგადოებას სთხოვს, რომ გიორგის სულისთვის ილოცონ.„დღე მეცხრე, ჩემი უდიდესი თხოვნაა, ილოცოთ მისი სულისთვის“,- წერს თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში. 

გოჩა კაკოიშვილი – 2011 წელს თეთრიწყაროში, დროებითი მოთავსების საკანში ბორკილებდადებულს მცემდნენ, მაწამებდნენ, გათავისუფლების შემდეგ ისე ვიყავი, სკამზე დამჯდარი ამიყვანეს სახლში

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გოჩა კაკოიშვილმა, რომელიც „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით იყო დაკავებული, პატიმრობის პერიოდი გაიხსენა.როგორც გოჩა კაკოიშვილმა აღნიშნა, დროებითი მოთავსების საკანში ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ გათავისუფლების შემდეგ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შეძლო.„მომისაჯეს პატიმრობა. წამიყვანეს და ჩამაგდეს თეთრიწყაროში, „კაპეზეზე“. გათავისუფლების შემდეგ ისეთ დონეზე ვიყავი, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შევძელი. მანქანიდან რომ გადმომიყვანეს, სკამზე დამსვეს მეგობრებმა და სკამზე დამჯდარი ამიყვანეს სახლში, ისე ვიყავი ნაცემი და ნაწამები. ორი კვირის განმავლობაში მეუღლე მეხმარებოდა, აბაზანაში დამჯდარს რომ დამებანა“, – განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის კითხვაზე საპასუხოდ, გოჩა კაკოიშვილმა დააზუსტა, რომ წამების ფაქტები ხდებოდა თეთრიწყაროს დროებითი მოთავსების საკანში.„იქ შიმშილობაც გამოვაცხადე და ვიდრე მიპოვიდნენ, სოზარ სუბარის და ლევან ტერაშვილის თხოვნა იყო, შემეწყვიტა შიმშილობა, ვინაიდან ეს ძალიან დამაზიანებდა და აზრი არ ჰქონდა ხელისუფლებისთვის, რა დამემართებოდა. ეს აღნიშნეს კიდეც, იშიმშილოს, არა უშავს, თუ მოკვდება, ოქმი შეადგინეთო. რკინაზე მეძინა, არანაირი საშუალება არ იყო, რამე დამეფინა. ადგილობრივი პოლიცია პროცესში მონაწილეობას არ იღებდა, მხოლოდ და მხოლოდ შემოსული, ვიღაც უცხოები, რომლებიც პოლიციელები არ იყვნენ. ვფიქრობ, უშიშროებიდან იყვნენ შემოსული და ახორციელებდნენ ჩემს ცემას, წამებას დაბმულ მდგომარეობაში, ბორკილებდადებულისას. ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, წინააღმდეგობის გაწევის საშუალება და შესაძლებლობა მქონდა და ამიტომ ხდებოდა ჩემი დაბმა, რათა მათთვის მარტივი ყოფილიყო, განეხორციელებინათ ის, რისი დავალებაც ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ძალიან დასუსტებული ვიყავი. საკანში ვიყავი მარტო. საკანი ნორმალური სიდიდის იყო, მოძრაობა შეიძლებოდა, მაგრამ ჩემ გვერდით იყო გარემონტებული საკნები, სადაც კრიმინალები ჰყავდათ. ჩემთვის არც საჭმლის, წყლის მოწოდება არ ხდებოდა. ორ, სამ დღეში მომაწვდიდნენ ნახევარ პურს და ძეხვს, ერთ ჭიქა წყალს. ერთი-ორჯერ იყო ასეთი შემთხვევა, დააფურთხეს ზედ და ისე მომაწოდეს. ეს გააკეთეს იმათ, ვინც ესწრებოდა და ახორციელებდა ჩემს ცემას, წამებას. იმ დროს ხდებოდა საჭმლის შემოწოდება, იმათ თანდასწრებით ხდებოდა ეს ყველაფერი. რუსთაველი ბიჭები, რომლებიც მუშაობდნენ პოლიციაში, ინფორმაცია რომ არ გასულიყო თეთრიწყაროს პოლიციიდან, სამსახურიდან გაუშვეს შვებულებაში. ასეთი დასუსტებული როდესაც ვიყავი, „პრაგულკის“ დროს ერთმა პატიმარმა, სვანის ბიჭი იყო, თვისი საჭმელი შემომიგდო „ფორთოჩკაში“. მათ ყველაფერი იცოდნენ, რაც მემართებოდა. ამის გამო ოთხი თვე დაუმატეს პატიმრობა. შემომაწოდა პურის ნაჭერი, „პეჩენია“ და ასეთი რაღაცები. ამისთვის დასაჯეს, ერთ კვირაში უნდა გასულიყო და ოთხი თვით დაუმატეს პატიმრობა“, – განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:„5 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფროაციაში.

ბოლო სიახლეები