76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე, სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჯორჯ ფორმანი. ამის შესახებ მისი ოჯახის წევრებმა დაწერეს სოციალურ ქსელში.
ფორმანი 1949 წლის 10 იანვარს დაიბადა ტექსასში. 1968 წელს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა, რის შემდეგაც პროფესიულ კრივში წავიდა. ამერიკელმა სახელი გაითქვა 70-იან წლებში, როცა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1974 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკრივო ორთაბრძოლა, რომელშიც ფორმანი ჩემპიონის რანგში ხვდებოდა ლეგენდარულ მოჰამედ ალის. ამ ბრძოლამ მიიღო სახელწოდება „ჭექა-ქუხილი ჯუნგლებში“. მასში ფორმანმა კარიერაში პირველი მარცხი იწვნია.
1977 წელს ამერიკელმა კარიერა დაასრულა და ქრისტიანი მღვდელი გახდა. 1987 წელს რინგზე დაბრუნდა და 1994 წელს ისევ მოიპოვა ჩემპიონობა 45 წლის ასაკში, როცა ნოკაუტით დაამარცხა 26 წლის ჩემპიონი მაიკლ მურერი. ამით ფორმანი სუპერმძიმე წონის ისტორიაში ტიტულის ყველაზე ასაკოვანი მფლობელი გახდა.
საბოლოოდ კარიერა 1997 წელს, 48 წლის ასაკში დაასრულა. პროფესიონალურ რინგზე მან 81 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 76 (68 – ნოკაუტით) და ხუთჯერ დამარცხდა.