კრემლში მიაჩნიათ, რომ პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარმა მათი შეხვედრა დააახლოვა, – ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი იყო ნდობით აღსავსე და გულწრფელი, რომელიც კონსტრუქციულ სამუშაო ატმოსფეროში ჩატარდა.
„ეს იყო აბსოლუტურად ნდობით აღსავსე, გულწრფელი, კონსტრუქციული სამუშაო ატმოსფერო, ეს მართლაც ასეა“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვის თქმით, ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მარტო იმყოფებოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დააახლოვა თუ არა ამ საუბარმა ორი ლიდერის უშუალო შეხვედრა, პესკოვმა მოკლედ უპასუხა: „უდავოდ“. ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა საფუძვლიანად უნდა იყოს მომზადებული და რთულ ტექნიკურ მოლაპარაკებებს მოითხოვს.
„ცხადია, რომ ეს შეხვედრა სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული, საჭიროა ჯერ რთული ტექნიკური მოლაპარაკებების ჩატარება, სწორედ ამიტომ, ორშაბათს, ჩვენი მომლაპარაკებლები გაემგზავრებიან ერ-რიადში ამ რთული პროცესის დასაწყებად“, – განაცხადა პესკოვმა.