რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რომის პაპს, ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა.
კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ მიულოცა პაპს არჩევა და წარმატებები უსურვა.
პაპთან საუბრისას პუტინმა ასევე განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი.
„უკრაინის საკითხზე საუბრისას ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა ინტერესი მშვიდობის მიღწევაში პოლიტიკურ-დიპლომატიურ გზით, ხაზი გაუსვა, რომ კრიზისის საბოლოო, სამართლიანი და ყოვლისმომცველი მოგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებს რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის, პუტინმა პონტიფიკოსს ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის თაობაზე მიღწეული კონკრეტული შეთანხმებების შესახებ განუცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე მადლიერება გამოხატა პონტიფიკოსის მიმართ უკრაინის კრიზისის მოგვარებაში ხელშეწყობის გაწევის მზაობისთვის. კერძოდ, ვატიკანის მონაწილეობისთვის მწვავე ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაში.
„ვლადიმერ პუტინმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კიევის რეჟიმი ახდენს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ხაზი გაესვა, რომ უკრაინის მიერ დღეს განხორციელებული განზრახვითი და მიზნობრივი დარტყმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ერთმნიშვნელოვნად კვალიფიცირდება საერთაშორისო სამართლით, როგორც ტერორიზმი“, – აღნიშნულია განცხადებაში.