დასრულდა როლან გაროსის ქალთა ტურნირი, რომლის ფინალში ამერიკელმა კორი გაუფმა სამ სეტში დაამარცხა მსოფლიო კლასიფიკაციის პირველი ნომერი არინა საბალენკა – 6:7(5), 6:2, 6:4.
ეს ამ ჩოგბურთელების მე-11 შეხვედრა იყო პროფესიულ ტურში – როლან გაროსის ფინალამდე მათ 5-5 გამარჯვება გაცვალეს.
ფინალი უკეთ საბალენკამ დაიწყო და 20 წუთში 4:1 და 40:0 დაწინაურდა, მაგრამ გაუფმა შეძლო სიტუაციის გამოსწორება. პარტიის ბოლოს საბალენკამ ორჯერ ვერ შეძლო სეტზე ჩაწოდება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ამერიკელი 4:1-სა და 5:3-ს იგებდა, მაგრამ მისმა მეტოქემ სეტი ზედიზედ ოთხი ქულის მოგებით დახურა.
მეორე სეტის დასაწყისი პირველს ჰგავდა, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად 4:1 გაუფი დაწინაურდა. ამერიკელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტში გაუფმა ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 3:1 გავიდა წინ. ამერიკელს უპირატესობის განვრცობაც შეეძლო, მაგრამ საბალენკამ ბრეიკ-პოინტები მოიგერია და ანგარიში გაათანაბრა – 3:3. თუმცა, ამის შემდეგ, რეიტინგის ლიდერმა ნულზე წააგო საკუთარი მოწოდება, უკუბრეიკი ვეღარ შეასრულა და გაუფმა კარიერაში პირველად მოიგო როლან გაროსი.
შეხვედრა 2 საათი და 42 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც გაუფმა 21 ბრეიკ-პოინტიდან 9 გამოიყენა, საბალენკამ – 13-დან 6. ამერიკელს „ვინერსებისა“ და არააუცილებელი შეცდომების რაოდენობა თანაბარი ჰქონდა (30/30), მისმა მეტოქემ კი 37 „ვინერსი“ შეასრულა და 70 (!) არააუცილებელი შეცდომა დაუშვა.
ახლა, 21 წლის კორი გაუფი „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონია. მანამდე მან 2023 წელს აშშ-ის ღია პირველობა მოიგო და მაშინაც ფინალში საბალენკა დაამარცხა. სულ ამერიკელს კარიერაში WTA-ის დონეზე 10 ტიტული დაუგროვდა.
როლან გაროსზე გამარჯვებისთვის გაუფმა 2.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.