საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.
„რამდენადმე შემცირდა აჭარაში რაოდენობა. ამჟამად 49%-ია მხოლოდ, იყო 72%, გუშინ იყო 51%. ეს შეესაბანება 230 პაციენტს. თუმცა ძალზედ საყურადღებოა, რომ თბილისში იმატებს და 28%-ია უკვე საერთო ინფიცირებულების. ეს გახლავთ 134 ახალი დადასტურებული შემთხვევა. იმერეთში სტაბილურად არის, ოდნავ შემცირებულიც – 68 ახალი შემთხვევა. სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ რვა-რვა შემთხვევა. შიდა ქართლში 6 არის, ხოლო კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში 5-5 პაციენტია“, – განაცხადა ენდელაძემ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 553 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 66 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.