უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი 30-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობს, სადაც ცეცხლის შეწყვეტას მონიტორინგს „მსურველთა კოალიცია“ გაუწევს. ამის შესახებ კელოგმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში ისაუბრა.
დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ადგილზე.
„უკრაინლებს უნდა ვუთხრათ: ეს არის ერთ-ერთი სიტუაცია, რომელიც შესაძლოა, დროთა განმავლობაში განვითარდეს. თუ ადგილზე ცეცხლის შეწყვეტას თანხმდები, მიწა, რომელსაც აკონტროლებთ, რომლისთვისაც იბრძოდით – ეს არის თქვენი მიწა ამჟამად. ის რაც 5-10 წელიწადში მოხდება, განსხვავებულია“, – განაცხადა მან და მაგალითად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბალტიის ქვეყნების მდგომარეობა და გერმანიის გაერთიანება მოიყვანა.
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, უკრაინა თანახმაა ადგილზე ცეცხლის შეწყვეტაზე და დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე გარკვეული დროით.
„ისინი მზად არიან, შექმნან დემილიტარიზებული ზონა. ფაქტობრივად, მათ თქვეს, ჩვენ უკან გავალთ 15 კილომეტრით და თქვენ, რუსებიც გადით 15 კილომეტრით. ანუ იქმნება 30-კილომეტრიანი ზონა, რომელიც მკაფიოდ კონტროლდება“, – თქვა კელოგმა და აღნიშნა, რომ დემილიტარიზებული ზონის მონიტორინგი „მსურველთა კოალიციის“ წევრებს შეუძლიათ. როგორც კელოგმა თქვა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები მზად არიან, განათავსონ ძალები ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის.
„თუ შესაძლებელი გახდება ზავის 30 დღით შენარჩუნება – მე კი ნამდვილად მჯერა ამის – მაშინ შესაძლებელი იქნება მისი გახანგრძლივება და როდესაც სამხედრო ხარ, ძალიან რთულია კონფლიქტის განახლება. არ მგონია, რომ ამას გააკეთებენ“, – თქვა გენერალმა.