რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.
„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.
თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.
მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

