ფუნდამენტური პრინციპია, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იღებს. ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გააკეთა.
კირ სტარმერის განცხადებით, ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაში ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ბრიტანეთის მთავრობას ეკისრება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს „ფუნდამენტური პრინციპი“ ყველამ ნათლად გაიგოს.
„ბრიტანეთის ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. ასე მივუდექი ყველა საკითხს და ყველა გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაც მომიწია. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი – გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების გამოყენებით, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპი ძალიან ნათლად გავიგოთ“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
თუმცა, დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ლონდონი არ წყვეტს ახლო აღმოსავლეთში ამერიკელებთან თანამშრომლობას.
„აშშ და დიდი ბრიტანეთი ყოველდღიურად ერთად მუშაობენ, როგორც ყოველთვის, და, ცხადია, ირანთან დაკავშირებით. აშშ ახლა იყენებს ბრიტანულ საჰაერო ბაზებს ჩვენ მიერ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. რეგიონში ყოველდღიურად ხდება დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება. ჩვენი სამხედრო პერსონალი და აშშ-ის სამხედრო პერსონალი ერთად არიან განლაგებული ერთსა და იმავე ადგილებში, ერთსა და იმავე ბაზებზე და ორივე, როგორც აშშ, ასევე დიდი ბრიტანეთი, ამ ბაზების დასაცავად ერთად მუშაობენ“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი და, ლონდონსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ფონზე, ორი ქვეყნის ერთობლივი ქმედებები განიხილა.
„ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან დისკუსია მიმდინარეობს ყველა დონეზე, მუდმივად, ყოველდღე. ასეთია ურთიერთობის ბუნება“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
გარდა ამისა, სტარმერმა აღნიშნა, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში ომი, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ დიდ ბრიტანეთს ეკონომიკური ზიანი მიადგეს. როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერი აცხადებს, ომი ქვეყანაში მცხოვრებ მოსახლეობაზე იმოქმედებს. თუმცა, მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობა ამის თავიდან ასაცილებლად მუშაობს.
„ვაფასებთ რისკებს, ვაკვირდებით და ვესაუბრებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად, ადამიანებზე და, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბიზნესებზე პოტენციური ზეგავლენის შესამცირებლად, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ეს სამუშაო აუცილებელია, რადგან ადამიანები იგრძნობენ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო იზრდება უარყოფითი ზემოქმედების პოტენციალი ჩვენს ეკონომიკაზე, ასევე იზრდება გავლენა ყველა ადამიანის ცხოვრებასა და ბიზნესზე. ჩვენი საქმეა, რომ ამას წინ აღვუდგეთ, შევაფასოთ რისკი და სხვებთან ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.
როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა, „ზოგიერთი ადამიანი“ შეეცდება, კონფლიქტი დიდ ბრიტანეთში „თემებისა და ხალხის გასაყოფად“ გამოიყენოს, რაც მისივე თქმით, გაერთიანებულმა სამეფომ არ უნდა დაუშვას.
„ახლა დროა, გავერთიანდეთ, როგორც ქვეყანა, დავიცვათ ჩვენი პრინციპები და ღირებულებები და არ მივცეთ ხალხს საშუალება, რომ გაგვყოს“, – განაცხადა სტარმერმა.

