ბრიტანული თვითმფრინავები დღეს ახლო აღმოსავლეთში, ცაში არიან, როგორც კოორდინირებული რეგიონული თავდაცვითი ოპერაციების ნაწილი, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
კირ სტარმერის თქმით, ირანის ქმედებებს გმობს და საკუთარ მოკავშირეებს მხარდაჭერას უცხადებს.
„დღეს დილით, ადრე, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში სამიზნეები დაბომბეს. მას შემდეგ ირანმა რეგიონში განურჩეველი დარტყმები განახორციელა. ვიცი, რომ ბრიტანელი ხალხი და თემები მთელ ჩვენს ქვეყანაში ღრმად შეშფოთებული იქნებიან იმის გამო, თუ რას ნიშნავს ეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, ასევე რეგიონში მყოფი უდანაშაულო ადამიანების ბედის გამო, რომელთა შორისაც ბევრი ჩვენგანის მეგობრები და ოჯახის წევრებიც არიან. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად ვითარდება, მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი პასუხი. გაერთიანებულ სამეფოს ამ დარტყმებში არანაირი როლი არ უთამაშია, მაგრამ ჩვენთვის დიდი ხანია, ნათელია, რომ ირანის რეჟიმი აბსოლუტურად ამაზრზენია. მათ საკუთარი ათასობით ადამიანი მოკლეს, სასტიკად ჩაახშვეს დისიდენტობა და რეგიონის დესტაბილიზაცია სცადეს. გაერთიანებულ სამეფოშიც კი ირანის რეჟიმი პირდაპირ საფრთხეს უქმნის დისიდენტებს და ებრაულ თემს. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე 20-ზე მეტ პოტენციურად სასიკვდილო თავდასხმას“, – განაცხადა სატრამერმა.
მისივე თქმით, ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლება არასდროს უნდა მიეცეს.
„ამიტომ, ცხადია, რომ მათ ბირთვული იარაღის შექმნის უფლება არასდროს უნდა მიეცეთ. ეს რჩება გაერთიანებული სამეფოს და ჩვენი მოკავშირეების, მათ შორის აშშ-ის მთავარ მიზნად. მე ვგმობ ირანის დღევანდელ თავდასხმებს რეგიონში პარტნიორებზე, რომელთაგან ბევრი ამ კონფლიქტის მხარე არ არის. ჩვენ ვუცხადებთ მათ მხარდაჭერას და სოლიდარობას, როგორც ჩვენი ვალდებულებების ნაწილს ახლო აღმოსავლეთში ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების მიმართ. ჩვენ გვაქვს თავდაცვითი შესაძლებლობების ფართო სპექტრი რეგიონში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავაძლიერეთ. ჩვენი ძალები აქტიურები არიან და ბრიტანული თვითმფრინავები დღეს ცაში არიან, როგორც კოორდინირებული რეგიონული თავდაცვითი ოპერაციების ნაწილი, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები. როგორც დიდ ბრიტანეთს ადრეც გაუკეთებია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ჩვენ გავაძლიერეთ ბრიტანული ბაზებისა და პერსონალის დაცვა უმაღლეს დონეზე. ჩვენ ასევე ვუკავშირდებით რეგიონში მყოფ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს და ყველაფერს ვაკეთებთ მათ მხარდასაჭერად,“ – აცხადებს კირ სტარმერი.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ირანს მოუწოდებს, დიპლომატიურ პროცესს დაუბრუნდეს.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია და დავუბრუნდეთ დიპლომატიურ პროცესს. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. ირანს შეუძლია, ეს ახლავე დაასრულოს. მათ თავი უნდა შეიკავონ შემდგომი დარტყმებისგან, უარი თქვან თავიანთ შეიარაღების პროგრამებზე და შეწყვიტონ საშინელი ძალადობა და რეპრესიები ირანელი ხალხის წინააღმდეგ, რომლებსაც აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ჩვენი დიდი ხნის პოზიციის შესაბამისად, ეს არის დეესკალაციისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების გზა,“ – აღნიშნავს სტარმერი.

