დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
კირ სტარმერის თქმით, მისი გადაწყვეტილება, არ ჩაერთოს ისრაელისა და აშშ-ს ირანზე თავდასხმაში უცვლელი რჩება, ხოლო საუკეთესო გზა ირანისა და მსოფლიოსთვის ახლა მოლაპარაკებების გზით შეთანხმებაა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი კატარში Typhoon-ის ტიპის ოთხ თვითმფრინავს აგზავნის.
„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვაგზავნით დამატებით ოთხ „ტაიფუნის“ ტიპის თვითმფრინავს, რომლებიც შეუერთდებიან ჩვენს ესკადრილიას კატარში და მთელ რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გასაძლიერებლად“, – აღნიშნა სტარმერმა.
სტარმერს ასევე ჰკითხეს ტრამპის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გააფუჭა.
საპასუხოდ სტარმერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპზე დამოკიდებულია აშშ-ისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო მასზე – ბრიტანეთისთვის სწორი გადაწყვეტილების.
„არაფერი საკამათო ამაში არ არის“, – აღნიშნა სტარმერმა.

