ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მუდმივად გააძლიერებს თავის ბირთვულ ძალებს. მისი თქმით, სამხრეთ კორეას „ყველაზე მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ“ მიიჩნევს. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია KCNA ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კიმმა განაცხადა, რომ ფხენიანის, როგორც ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოს სტატუსი შეუქცევადია და „თავდაცვითი ბირთვული შემაკავებელი ძალის“ გაფართოება აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების, რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.
ამასთან, კიმ ჩენ ინმა უარყო იდეა, რომ ქვეყნის ბირთვული განიარაღება შეიძლება, „გაცვალონ“ ეკონომიკურ სარგებელზე ან უსაფრთხოების გარანტიებზე.
„ამჟამინდელი მსოფლიო რეალობა, სადაც სუვერენული სახელმწიფოების ღირსება და უფლებები დაუნდობლად ირღვევა ცალმხრივი ძალითა და ძალადობით, ნათლად გვასწავლის, თუ რა არის სახელმწიფოს არსებობისა და მშვიდობის ნამდვილი გარანტია“, – განაცხადა კიმმა.
კიმმა ასევე დაადანაშაულა შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რეგიონის დესტაბილიზაციაში კორეის ნახევარკუნძულის მახლობლად სტრატეგიული ბირთვული აქტივების განლაგებით, მაგრამ თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა აღარ მიიჩნევს საკუთარ თავს საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნად და გააჩნია ძალა, საჭიროების შემთხვევაში სხვებს დაემუქროს.

