ოთხშაბათი, დეკემბერი 4, 2024

კიმბერლი ლოუ – ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ, ვეთანხმები, რომ აშშ-ში გარკვეული ქმედებები უსამართლო იყო საქართველოს მიმართ

როგორც ვხვდები, საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ სურდა ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეწყვეტა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. ვიცით, რომ, ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში კიმბერლი ლოუმ განაცხადა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება.

ამასთან, კიმბერლი ლოუს შეფასებით, შეერთებულ შტატებში გარკვეული ქმედებები ძალიან უსამართლო იყო საქართველოს მიმართ.

„ამერიკა თვალს ადევნებს იმ არეულობებს, რაც საქართველოში ხდება, ჩვენი ფიქრები თქვენთანაა. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ასევე დაფუძნებულია ოჯახურ ღირებულებებსა და ქრისტიანულ ღირებულებებზე, როგორც თქვენი ქვეყანა. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე, ვდარდობთ თქვენზე, რაც ხდება და მყარად გვჯერა, რომ ამერიკის ძლიერი დიპლომატიით შეიძლება, მშვიდობა იყოს საქართველოში.

ასევე, მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა იმ სამუშაოსთვის, რომელიც გაწეული გაქვთ წლების განმავლობაში თქვენი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, თქვენი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად და ყველა იმ ნაბიჯის გამო, რომლებიც თქვენ გადადგით ევროკავშირში შესასვლელად. ბევრი სხვა ქვეყანა ახლა დაბნეულია, რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით, ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით და რატომ შეწყდა ეს მოლაპარაკებები. როგორც ვხვდები, თქვენს ამჟამინდელ მთავრობას არ სურდა ამ მოლაპარაკებების შეწყვეტა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. და ვიცით, რომ, ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ ამ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში.

ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ ევროკავშირში შესვლაში და ჩვენ გვაქვს გზა ამის გასაკეთებლად. ვეთანხმები, რომ შეერთებულ შტატებში იყო გარკვეული ქმედებები, რომლებიც ძალიან უსამართლო გახლდათ საქართველოს მიმართ, მათ შორის, „მეგობარი აქტი“, რომელიც შეჩერდა. ის ძალიან უსამართლო იყო საქართველოს კულტურისა და ხალხის მიმართ. არის დიპლომატიური ურთიერთობების, პრაგმატული და კონსტრუქციული მოლაპარაკებების სხვა გზებიც, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. როგორ ვიმუშავებთ ამაზე? ახლა მაგიდაზე საქართველოსთვის არის ის, რომ მე გავხდები შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში. ამ კუთხით შემიძლია, დავეხმარო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში, განვაახლო მოლაპარაკებები ბევრ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, რუსეთთან მიმართებაში. ვფიქრობ, უნდა ვიმუშაოთ ქვეყნის ერთიანობაზე და როგორც აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, მე შემიძლია, ვიმოქმედო, როგორც შუამავალმა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის. რაც ხალხს არ ესმის, არის ის, რომ დემოკრატიაა, როდესაც ხალხის 51 პროცენტი წყვეტს, რას მიიღებს დანარჩენი 49. ეს არის ფაქტი, რაც დემოკრატიითა და პოლიტიკით ხდება მთელ მსოფლიოში. ეს ასეა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოდის ადმინისტრაციაში და უზარმაზარ გლობალურ ცვლილებებს ვიხილავთ, რადგან პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას მშვიდობა სურს მსოფლიოში. ჩვენ ვაპირებთ, დავეხმაროთ ამ მშვიდობას საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირის წევრებს შორის. ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის წევრობა, მოლაპარაკებების განახლება, რადგან საქართველომ ძალიან ბევრი იმუშავა ეკონომიკაზე, ყველა საკითხზე ევროკავშირში შესასვლელად, მაგრამ ასევე სწორია კულტურული იდენტობის შენარჩუნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასული 20 წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ მრავალმა ქვეყანამ დაკარგა თავისი კულტურული იდენტობა მიერთებით, თუმცა არის სარგებელიც.

ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ, რომ საქართველომ თავი იგრძნოს სუვერენულ ქვეყნად, მაგრამ სარგებელი მიიღოს ვაჭრობისგან, და ვიცით, რომ ამის განხორციელება შეგვიძლია. ჩემი მრჩეველი საქართველოში ბესო შენგელიაა, ნობელის მშვიდობის პრიზის ნომინანტი. ის პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერია. მოხარული ვართ, რომ ვიმუშავებთ 2025 წლის სამშვიდობო სამიტზე საქართველოში. ეს გრანდიოზული იქნება. გვეყოლება მსოფლიო ლიდერები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც თქვენს ულამაზეს ქვეყანას მხარდასაჭერად ეწვევიან. ჩვენ დაუღალავად ვშრომობდით. ჩვენ გავაერთიანებთ თქვენს ქვეყანას. თქვენ გეოპოლიტიკურად წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ხართ და თქვენ გვერდით ვიდგებით ამ პროცესში. ასე რომ, ველოდებით ამას. პრეზიდენტი ტრამპი მოდის ადმინისტრაციაში და თქვენ იხილავთ ცვლილებებს საგარეო დიპლომატიაში, მეტ მშვიდობას მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთში, უზარმაზარ ეკონომიკურ ცვლილებებს“, – განაცხადა კიმბერლი ლოუმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

VIDEO: ჩხრეკა ოფისებსა და ბინებში – შსს კადრებს აქვეყნებს

სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შსს ვიდეო მტკიცებულებებს აქვეყნებს:

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი კობახიძეს ესაუბრა – ალენ ბერსეტმა ყველა შესაბამის მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაძაბული მდგომარეობისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, გენერალურმა მდივანმა ევროპის საბჭოს სახელით შეშფოთება გამოთქვა პოლარიზაციის გაღრმავებისა და მოვლენების პოლიტიკურ ჩიხში შესვლის გამო. „მან ასევე ყველა შესაბამის მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან. გენერალურმა მდივანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა დემონსტრაციების დროს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიების აუცილებლობას. ვინაიდან საქართველო ევროპის საბჭოს წევრია, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ორგანიზაციის როლი, მოუსმინოს ყველა მხარეს და ქვეყნის ვალდებულებაა, პატივი სცენ ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და სტანდარტებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას, რაც როგორც ქართველი ხალხის, ასევე მთლიანად ქვეყნისა და მისი სტაბილურობის ინტერესშია. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა თავის მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ მისწრაფებებში და უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული უსაფრთხოება. მან ასევე მზადყოფნა გამოხატა, არსებული კრიზისის დასაძლევად აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ევროპის საბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება. ამ მიზნით გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე შვიდი პირი დააკავა, დაკავებულთა ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად პიროტექნიკა და „მოლოტოვის კოქტეილები“ ამოიღეს

შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე შვიდი პირი დააკავა, საგამოძიებო მოქმედებები მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. 2024 წლის 28 ნოემბრიდან, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა მანიფესტაციის და გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რაც ამ დრომდე ატარებს ორგანიზებულ და ინტენსიურ ხასიათს. პირდაპირი ეთერების საშუალებით საზოგადოება თვალს ადევნებს მოძალადე ჯგუფების აგრესიულ და დესტრუქციულ ქმედებებს, რაც გამოიხატება, როგორც ადამიანების ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებში, ასევე, ინფრასტრუქტურის დაზიანებებში. ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის 150-ზე მეტმა თანამშრომელმა, არაერთმა მოქალაქემ და მედიის წარმომადგენელმა, დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება, დაზიანებულია თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა. მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცავებმა 4 დეკემბრის დილიდან დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 7 პირი დააკავა: 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1999 წელს დაბადებული თ.გ., 2005 წელს დაბადებული ი.მ., 2004 წელს დაბადებული გ.გ., 2005 წელს დაბადებული ზ.ც., ასევე წარსულში ნასამართლევები: 1971 წელს დაბადებული ვ.კ. და 1974 წელს დაბადებული ვ.კ. ჩადენილი დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში. სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე ასევე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი. ჩადენილი დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

„როიტერის“ ცნობით, ტრამპის გეგმის მიხედვით, უკრაინას სთავაზობენ, რუსეთის მიერ მიტაცებულ მიწებსა და ნატო-ზე უარი თქვას

„როიტერის“ ცნობით, ტრამპის გეგმის მიხედვით, უკრაინას სთავაზობენ, რუსეთის მიერ მიტაცებულ მიწებსა და ნატო-ზე უარი თქვას. როგორც სააგენტო წერს, ჟურნალისტებმა გააანალიზეს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლების წინადადებები, რომლებიც უკრაინის სამშვიდობო გეგმას ეხება. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპის მრჩევლები, საჯაროდ და კერძო საუბრებში, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებზე საუბრობენ, რომლებიც უახლოეს მომავალში უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას გამოიწვევს. როგორც იუწყებიან, ტრამპის მრჩევლები ცდილობენ, აიძულონ მოსკოვი და კიევი, დაიწყონ მოლაპარაკებები და ამას ე.წ. მათრახისა და თაფლაკვერის ტაქტიკის გამოყენებით ცდილობენ. ეს მოიცავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას, თუ ისინი არ დათანხმდებიან მოლაპარაკებებს და ასევე კიევისთვის დახმარების გაზრდასაც, თუ პუტინი უარის იტყვის მაგიდასთან დაჯდომაზე. სააგენტოს ცნობით, ტრამპის მრჩევლების განცხადებები იძლევა წარმოდგენას არჩეული პრეზიდენტის გეგმის კონტურების შესახებ. როგორც „როიტერი“ წერს, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ადამიანური რესურსის დანაკლისს განიცდის და პარალელურად კარგავს ტერიტორიებს, უკვე გასაგებს ხდის, რომ ის შეიძლება მზად იყოს მოლაპარაკებებისთვის. „როიტერი“ იუწყება, რომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც დამოკიდებული იქნება ტრამპის, ზელენსკისა და პუტინის პირად ურთიერთქმედებაზე. სააგენტო აცხადებს, რომ ახლა არსებობს სამი გეგმა. პირველი ეკუთვნის უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ კელოგს, მეორე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და მესამე რიჩარდ გრენელს, რომელიც ტრამპის პირველი ვადის დროს სადაზვერვო სამსახურს ხელმძღვანელობდა. კელოგის გეგმა ითვალისწინებს უკრაინის ომში არსებული ფრონტის ხაზის გაყინვას და უკრაინისთვის მეტი შეიარაღების გადაცემას, თუ კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებებს დათანხმდება. ამავე დროს, ის გააფრთხილებს მოსკოვს, რომ გაზრდის უკრაინის დახმარებას, თუ რუსეთი უარს იტყვის მოლაპარაკებებზე. ხოლო უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება შეჩერებული. ამავე დროს უკრაინას ასევე შესთავაზებენ უსაფრთხოების გარანტიებს, რაც მოიცავს აშშ-ის მხრიდან შეიარაღების მიწოდების გაზრდას, თუ კიევი ხელს მოაწერს შეთანხმებას. ვიცე-პრეზიდენტის გეგმა კი ითვალისწინებს დემილიტარიზებული ზონის შექმნას ფრონტის არსებულ ხაზზე, რომელიც იქნება გამაგრებული, რათა თავიდან იყოს აცილებული რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში. ეს წინადადებაც ასევე მოიცავს უკრაინის ნატო-ში წევრობაზე უარის თქმას. გრენელის გეგმა კი გამოდის ე.წ. ავტონომიური ზონების შექმნის ინიციატივით. ის ასევე ამბობს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება აშშ-ის ინტერესებში არ შედის. „როიტერი“ ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის მრჩევლების ზოგიერთ წინადადებას წინააღმდეგობა შეხვდება უკრაინის პრეზიდენტისგან, რომლის „გამარჯვების გეგმის“ ნაწილი უკრაინის ნატო-ში მიწვევაა, ასევე ზოგიერთი გეგმის წინააღმდეგ გამოვლენ აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები და ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელიც.

სალომე ზურაბიშვილი – სასწრაფოდ მოვუწოდებ პარტნიორებს, დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე

სასწრაფოდ მოვუწოდებ პარტნიორებს, დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რეპრესიები საქართველოში – სასწრაფოდ მოვუწოდებ პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ, რომ კრიზისის და არასტაბილურობის გაღრმავება აღკვეთონ, დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს. ნუ დააგვიანებთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ბოლო სიახლეები