სოციალურ მედიაზე დამოკიდებული ხართ? – ეს კითხვა მხოლოდ გამონათქვამი აღარ არის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სოციალურ მედიაზე დამოკიდებული ადამიანები სარისკო გადაწყვეტილებებს ხშირად ისე იღებენ, როგორც ამას ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების შემთხვევებში ვხედავთ. ამის შესახებ “ამერიკის ხმა” წერს.
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც სოციალურ მედიაში დიდ დროს ატარებენ, მიდრეკილი არიან ისეთივე სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისკენ, როგორც ეს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებში გვხვდება.
“მსოფლიოში ადამიანების, დაახლოებით, ერთი მესამედი სოციალურ მედიას იყენებს და მათ ნაწილში გარემოსთან არაადეკვატური ადაპტაცია, ამ გვერდების გადაჭარბებული გამოყენება შეინიშნება,” – განაცხადა დარ მეშიმ, რომელიც კვლევის წამყვანი ავტორი და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია.
“იმედია ჩვენს მიერ გამოვლენილი შედეგები გააჩენს მოტივაციას, რომ ადამიანებმა სოციალური მედიის ზედოზირება სერიოზულად აღიქვან,” – დასძინა მან.
მეში და მისი გუნდი 71 ადამიანს აკვირდებოდა. მათ, აზარტული თამაშების ტესტი გაიარეს, რომელიც ჩვეულებრივ, იმ ადამიანების გადაწყვეტილების მიღების უნარებს ზომავს, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე არიან დამოკიდებული.
“გადაწყვეტილების მიღების უნარი ხშირად დაქვეითებულია ადამიანებში, რომლებსაც ნივთიერებეზე დამოკიდებულება აქვთ. ისინი ზოგჯერ ვერ სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე და აგრძელებენ უარყოფითი შედეგების გზაზე სიარულს,”- თქვა მეშიმ.
კვლევის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი უწყვეტად ფიქრობდნენ სოციალურ მედიაზე მაშინ, როცა მისით არ სარგებლობდნენ. ასევე გამოიკვეთა მოსაზრება, რომ საკუთარი ონლაინ აქტივობა მათ ძილზე უარყოფითად მოქმედებს.