ნიგერიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა და ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სანდი ოლისემ ხვიჩა კვარაცხელია იმ ხუთ ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებიც წელს „ოქროს ბურთის“ ჯილდოს მთავარი პრეტენდენტები არიან.
სოციალური ქსელის, X-ის პირად გვერდზე ოლისემ რამდენიმე მოთამაშე შეაქო – მათ შორის, ინგლისელი ბუკაიო საკა, ესპანელი ლამინე იამალი, ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, ბრაზილიელი რაფინია და ფრანგი უსმან დემბელე.
„ხვიჩა კვარაცხელიას გასაოცარი თვისებები და მოედნის არაჩვეულებრივი ხედვა აქვს. რაფინია ყველაფერს მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აკეთებს, საკა იმდენად მოქნილია, რომ ეს მშვენიერია, პლუს დემბელე და ლამინე იამალი – ისინი ჩემთვის „ოქროს ბურთის“ მოპოვების კანდიდატები არიან.
ამ ფეხბურთელებმა ფეხბურთის ცქერის სიყვარული ხელახლა გამიღვივეს. მათი წყალობით, ისევ შემიძლია ოთხმოცდაათი წუთის განმავლობაში ტელევიზორთან ვიყო მიჯაჭვული“, – წერს ვეტერანი ნიგერიელი მოთამაშე.
სანდი ოლისე „აიაქსსა“ და „იუვენტუსში“ ბრწყინავდა, ნიგერიის ეროვნული ნაკრების რიგებში კი აფრიკის თასის გამარჯვებული (1994) და ოლიმპიური ჩემპიონი (1996) გახდა. 1996 წელს ნიგერიის ოლიმპიურმა ნაკრებმა ტურნირის ნახევარფინალში ბრაზილიის დამარცხება (4:3) შეძლო, ხოლო ფინალში არგენტინას (3:2) სძლია.
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნიგერიის ნაკრები მერვედფინალში ბულგარეთის, პარაგვაისა და ესპანეთის ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. ესპანეთთან პირველივე მატჩი ნიგერიამ 3:2 მოიგო, გადამწყვეტი ბურთი კი ოლისემ გაიტანა და ეს გოლი ტურნირის საუკეთესოთას შორის დაასახელეს.