
საელჩოს ინფორმაციით, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფები შეუერთდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რათა ხმის მიცემის პროცესს მთელ საქართველოში დააკვირდნენ.
ელჩი დეგნანი კი არჩევნებს მარნეულისა და მცხეთის საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა. სხვა ამერიკელი დიპლომატები იმყოფებიან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში.
„დღეს შევხვდით ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს, არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ, რათა საქართველოს მოქალაქეების მიერ ხმის მიცემა უზრუნველყონ და ამ ადამიანებმა გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ მათ ქვეყანას მართავდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღოს ოფიციალური შედეგები და აჩვენოს, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.
საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები. საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ”, – განახცადა ელჩმა კელი დეგნანმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს – ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.