პრემიერის ინფორმირებულობის მიზნით, ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან 2019 წელს საგუშაგოს აღმართვის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახი კახიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის წევრებისა და პრემიერ-მინისტრისთვის ჩორჩანაში 2019 წელს საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა.
„ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა. არც თათბირზე, არც მთავრობის სხდომის ფორმატში ინფორმაცია მთავრობის წევრებისა და მთავრობის მეთაურისთვის არ ყოფილა. შესაბამისად, მე, მაგალითად, არ მივიღებდი გადაწყვეტილებას. მეტსაც გეტყვით, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციის ფორმატში მივმართავდი უსაფრთხოების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს. თუ უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში არა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩავაყენებდი საქმის კურსში; შერიგების მინისტრს ჩავაყენებდი საქმის კურსში. ბუნებრივია, სუს-ი ისედაც უნდა ყოფილიყო საქმის კურსში, რადგან მას ევალება, კანონით, კოორდინაცია. უკვე პრემიერ-მინისტრთან შეჯერებული გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობებდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მერე მივიღებდი გადაწყვეტილებას. ეს არ არის საგუშაგო, როგორც ადრე „ტეკები“ იდგა. ეს არის ძალიან ფეთქებად ტერიტორიაზე საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კახიშვილმა.