ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025

კახეთში, მევენახეებმა, ჯამურად, უკვე 80 მლნ-მდე ლარის შემოსავალი მიიღეს

13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 91 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც მიუთითებს, რომ რთველი პიკურ ფაზაში შედის, – ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გადამუშავებული ყურძნიდან 54 ათას ტონამდე რქაწითელია, 30,5 ათას ტონამდე საფერავი, 2,4 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს.

პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი.

რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 0,90 ლარს გადაუხდის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანა წითლიძე: პარლამენტში შესვლაზე გახარიას გადაწყვეტილება არის ღალატი პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანის, პოლიტიკური პარტიების და პატიმრების მიმართ, რომლებიც ციხეში არიან

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლა თუ დადასტურდება, ნიშნავს, რომ გახარიას „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებები უკვე ჰქონდა, გახარია ამას რის ფასად აკეთებს, ცოტა ხანში გამოჩნდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.წითლიძეს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.„ბევრჯერ გვაქვს ნანახი – „პარლამენტს შიგნიდან დავანგრევთ“. გახარიას პარტიისგან ეს გამორიცხული და მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რა არის გახარიას მთავარი მიზანი და მათი ეს მოტივაციაც გასაგებია. ეს გახარიას ამომრჩევლისთვის იქნება მკაფიო  სიგნალი, რას წარმოადგენს გერმანიაში გაქცეული გახარია, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს არც ქვეყანა, არც ამ ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, არ აინტერესებს პროტესტის არც ერთი მონაწილე ადამიანი, რომელსაც აკავებენ და ახლა ციხეში არიან. ფეხებზე ჰკიდია 130 პოლიტიკური პატიმარი, რომელიც ამ ქვეყანას ჰყავს და საკუთარი კომფორტისთვის, ხელფასებისთვის შედის პარლამენტში. არ გამოვრიცხავ, ეს ასევე იყოს „ქართულ ოცნებასთან“ ვაჭრობოს ნაწილი. მათი მხრიდან პარლამენტში შესვლა თუ დადასტურდება, ნიშნავს, რომ გახარიას „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებები უკვე ჰქონდა. რა იყო ეს შეთანხმება საბოლოოდ და გახარია ამას რის ფასად აკეთებს, ძალიან ცოტა ხანში გამოჩნდება.როდესაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი მართავს ქვეყანას, გახარიას ეს გადაწყვეტილება, პარლამენტში შესვლის შესახებ, პირველ რიგში, ღალატია პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანის, პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური პატიმრების, რომლებიც ციხეში არიან. მახსოვს, როგორი მშიშრები იყვნენ და როგორ ეშინოდათ, რომ ოდნავი წინააღმდეგობა გაეწიათ, ჩემი დასაცავი ხდებოდნენ ხოლმე ჩხუბის დროს. ვინმეს მოლოდინი, რომ მათ პარლამენტიდან შეუძლიათ „ქართული ოცნების“ დანგრევა, არ აქვს და ამის თვითონაც არ სჯერათ. მათი ერთადერთი მოტივაციაა „ქართულ ოცნებასთან“ ვაჭრობა. მათ შორის გახარია ელაპარაკებოდა „ოცნებას“, რომ იმის სანაცვლოდ, ის არ გააუქმონ და რაღაცნაირად იარსებონ, მზად იყო, „ქართული ოცნებისთვის“ ლეგიტიმაცია მიეცა და პარლამენტში შესულიყო. თუ დადასტურდება, რომ ისინი პარლამენტში შესვლას აპირებენ, ეს იმის ნათელი მაგალითი იქნება, რაზეც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ გახარია არასოდეს ყოფილა არანაირი ოპოზიცია. სამი წელი ვერ გაძლო ოპოზიციაში და სუპერ ძალოვანი მინისტრობიდან იქცა სუპერ მშიშარა, გაქცეულ ადამიანად, რომელიც ბერლინშია შეფარებული და პირს ბანს ბიძინა ივანიშვილს. რეალურად, ეს კიდევ ერთი ლუსტრაციის ძალიან კარგი მაგალითია საქართველოს ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის უმრავლესობაა. საკრებულოში შესვლა სხვა ნაწილია, ამაზე ისედაც ამბობდნენ, რომ საკრებულოებში შედიოდნენ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.მისივე თქმით, ყველაზე დიდი მონაპოვარი რეჟიმთან ართანამშრომლობაა. „ქვეყანას როდესაც საოკუპაციო რეჟიმი მართავს, მისი დამარცხების სხვა გზა არ არსებობს, გარდა ართანამშრომლობისა. ვინმეს თუ აწყობდა პარლამენტში ოპოზიციის შესვლა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა გამარჯვებული არჩევნები წაართვა, ეს შეიძლება, ყოფილიყო მხოლოდ „ქართული ოცნება“, რომელსაც ლეგიტიმაცია ჰაერივით სჭირდება და რასაც ახლა გახარია აკეთებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მცდელობა. ამიტომ, ამ პროცესში ერთადერთი სწორი გზა იყო ართანამშრომლობა, რამაც მოიტანა ის, რომ დღეს ე.წ. ხელისუფლება არალეგიტიმურია და მას არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ ცნობს. ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

შალვა პაპუაშვილი – შესაძლებელი რომ იყოს, მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით მარტა კოსის სახლთან და მოესმინა ქართველი ხალხის ხმისთვის, როგორც ჩანს, ის სელექციურად უდგება...

ქალბატონი კოსი, როგორც ჩანს, სელექციურად უდგება საქართველოს, მისთვის ქართველი ხალხი თუ არის მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ისინი ფულს უხდიან, ეს ვითარება ძალიან მძიმე ყოფილა საერთო ჯამში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ქალბატონ კოსს დღემდე არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის იმ ხალხის მხრიდან, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი.„რაც შეეხება ქართველი ხალხის ხმას, ლოჯისტიკურად რთული იქნება, თუმცა შესაძლებელი რომ იყოს, იმ მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით ქალბატონ კოსის სახლთან და მოესმინა მათი ხმისთვის. როგორც ჩანს, ქალბატონი კოსი სელექციურად უდგება საქართველოს. მისთვის ქართველი ხალხი თუ არის მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ისინი ფულს უხდიან, ეს ვითარება ძალიან მძიმე ყოფილა საერთო ჯამში. ეს ერთი. მეორე – ქალბატონ კოსს დღემდე არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის იმ ხალხის მხრიდან, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი. იქამდე, ვიდრე ქალბატონი კოსი და სხვა ბიუროკრატები ბრიუსელიდან არ დაგმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, ვიდრე არ გაემიჯნებიან ძალადობრივ შტურმს, არ შეწყვეტენ ამ მოძალადეების დაფინანსებას და თავზე ხელის გადასმას, მანამდე, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ფარისევლობა იქნება და სხვა არაფერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას მოუწოდა საქართველოს მთავრობას, „მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი“.

შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გააანალიზეს, რომ მოქმედი ელჩის საქართველოში საქმიანობით ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა

გუშინ ვნახეთ განცხადება. როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ მაინც იმაზე, რომ ნაცვლად იმისა, გერმანიის მოქმედი ელჩი მთავრობებს შორის ხიდის როლს ასრულებდეს, მან აირჩია კედლის როლი ჩვენ ქვეყნებსა და მთავრობებს შორის. ეს სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიის საგარეო უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.„მისი მხრიდან ვხედავდით თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. სხვა დროსაც ვთქვი, რომ 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე. ამიტომ, იმედი გვაქვს, ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გერმანიასთან ურთიერთობები დაბრუნდეს იქ, სადაც იმსახურებს, რომ იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი იქნა გაწვეული. დანარჩენზე სიღრმეებში აღარ შევალ.ჩვენი პოზიციები ცნობილია, მათ შორის გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს საჯაროდაც არაერთხელ გვითქვამს და იმავე პოზიციებზე ვრჩებით. ამ პოზიციების არგუმენტები გვაქვს. ჩვენ კი არა, მთელი საზოგადოება ხედავდა ამ ყველაფერს. ამიტომ ამ დეტალებს, განცხადებებს დიდად არ ჩავუღრმავდებოდი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს რომ ეს არის სიგნალი, მოხდეს გადააზრება. მნიშვნელოვანია, ელჩი ასრულებდეს ხიდის და არა კედლის როლს. ზოგადად, ვფიქრობ, ყველა ელჩისთვის უნდა იყოს კარგი მაგალითი, რათა დარჩნენ საკუთარი დიპლომატიური მისიის ფარგლებში, იზრუნონ იმაზე, რომ მათ წარმოდგენილ ქვეყანასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის იყვნენ ხიდი და არა კედელი. იმედი გვაქვს, გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გააანალიზეს, რომ მოქმედი ელჩის აქ საქმიანობით მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქსავიე ბატელი – საქართველოს არჩეული აქვს ევროპული მომავალი, ახლა არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა, თუ ეს ასე არ არის, ჩვენ ეს...

საქართველო ახლოს იყო ევროპულ გზასთან და ახლა ვხედავ, რომ ისინი დისტანცირდებიან, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელიმ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. „ეს სამწუხაროა. ისიც კი მოვისმინე, რომ არჩევნები იყო რთული. მე არ ვარ რომელიმე მაკონტროლებელი საბჭოს ან ორგანოს წევრი, თუმცა მოვისმინე, რომ ხალხი ახლა ძალიან უკმაყოფილოა. არჩევნები კარგად თუ ჩატარდა, შედეგებს პატივი უნდა ვცეთ. თუ არა, მაშინ უნდა ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება. საქართველოს არჩეული აქვს ევროპული მომავალი, ახლა მე არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა. თუ ეს ასე არ არის, ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს. და კიდევ, სამწუხაროა, თუ ისინი დაშორდებიან ევროპას, ისინი ახლოს იყვნენ ევროპასთან“, – განაცხადა ქსავიე ბატელიმ.ცნობისთვის, დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა გიმართება. შეხვედრას ხელმძღვანელობს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის მთავარი საკითხებია უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია, მოლდოვის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ევროკავშირთან ურთიერთობა, სუდანში არსებული ვითარება. შეხვედრაზე განიხილება საქართველოს საკითხიც.

ჟან ნოელ ბარო – ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ხალხის მისწრაფებებს მივცეთ წინსვლის საშუალება ევროპული გზისკენ და ამ მისწრაფებას პატივი სცენ, ამ სულისკვეთებით მივმართავთ საქართველოს...

ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ხალხის მისწრაფებებს მივცეთ წინსვლის საშუალება ევროპული გზისკენ, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ნოელ ბარომ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ჟან ნოელ ბაროს თქმით, მათი სურვილია, ამ მისწრაფებას პატივი სცენ.„საქართველოს საკითხზე დღეს გავმართავთ დისკუსიას. ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ხალხის მისწრაფებებს მივცეთ წინსვლის საშუალება ევროპული გზისკენ, ჩვენ გვინდა, რომ ამ მისწრაფებას პატივი სცენ. ეს არის სულისკვეთება, რომლითაც ჩვენ განვიხილავთ და მივმართავთ საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა ჟან ნოელ ბარომ.დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ხელმძღვანელობს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის მთავარი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე ომი, მოლდოვის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ევროკავშირთან ურთიერთობა და სუდანში არსებული ვითარება. შეხვედრაზე განიხილება საქართველოს საკითხიც. შეხვედრის ბოლოს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც, თბილისის დროით, 16:45 საათზეა ჩანიშნული.

ბოლო სიახლეები