თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეგიონში რთული მდგომარეობის დროს, ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობა დაუშვებელია.
კითხვაზე, რას ემსახურება მედიით გავრცელებული „ჰადსონის ინსტიტუტის“ კვლევა, თითქოს „ირანის ისლამური რესპუბლიკა გეგმაზომიერად და ორგანიზებულად აფართოებს გავლენასა და გავლენის ინფრასტრუქტურას საქართველოში“, კახა კალაძე პასუხობს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება მოღალატეობრივი ნაბიჯია.
„პირველი შემთხვევა არაა, როცა ვხედავთ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან შემჩნეული. ისინი ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. არანაირი კავშირი, ინტერესი საქართველოსთან მიმართებით არ აქვთ, მხოლოდ ის აინტერესებთ, როგორ გადადგან მტრული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაზიანებელია. არანაირი ფაქტი, კონკრეტიკა არ არსებობს. ეს არის ცილისწამება და სიცრუე. იმ მოცემულობაში, რაც დღეს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ხდება, ამ ტიპის განცხადებების თუ კვლევების გაკეთება, ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობაა და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, მსგავსი ტიპის კვლევა ხომ არ არის საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის გაჯანსაღებისთვის ხელის შეშლის მცდელობა, როგორც კალაძემ განაცხადა, მტერს არ ესიამოვნება, რომ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.
„რა თქმა უნდა, მსგავსი ქმედებები ყველაფერს ემსახურება. მტერს არ ესიამოვნება, რომ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, დალაგდეს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ პროცესებს ხელი შეუშალონ. თუ ქვეყანა და ხალხი უყვართ, მით უმეტეს ასეთ რთულ ვითარებაში, ასეთი ტიპის განცხადებებს როგორ უნდა აკეთებდნენ?“, – აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს მთავრობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინი აქვს.
„რაც შეეხება ურთიერთობების გადატვირთვას, ჩვენ ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ. ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადებაა გაკეთებული, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის არასამართლიანი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, მუქარა, შანტაჟი გვესმოდა, რაც არც მეგობრობაა, არც ნორმალური ურთიერთობა. შესაბამისად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გვაქვს მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიხედება. თუნდაც საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრაც იძლევა ოპტიმიზმის საშუალებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს.

