ორშაბათი, დეკემბერი 8, 2025

კახა კალაძე – ჩვენი პოლიტიკა არის პროქართული, ქართველობა მეამაყებოდა მაშინ, როდესაც ევროპაში ვცხოვრობდი და მეამაყება დღეს, როცა მმართველ გუნდთან ერთად ვმონაწილეობ ქვეყნის განვითარებაში

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები და გააცნო სამომავლო გეგმები.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტებისა და თბილისის მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი სახეზეა, რასაც მოსახლეობა კარგად ხედავს და აფასებს, თუმცა რჩება ბევრი გამოწვევა, რის დასაძლევად მზად არის თავის გუნდთან ერთად.

„ჩემთვის დიდი პატივია, მომავალშიც ვემსახურო თბილისს და თბილისელებს. ძალიან ვუფრთხილდები თქვენს ნდობას და სიყვარულს. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მოტივაციის მთავარი წყარო ხართ თქვენ, რიგითი თბილისელები, ადამიანები, რომელთა ცხოვრების სასიკეთოდ გარდაქმნაში თუნდაც მცირე წვლილი გვაქვს შეტანილი. გვაბედნიერებს ყოველი გახარებული ადამიანის ნახვა, თუმცა ილუზიაში არ ვიმყოფები და ვიცი, რომ პრობლემა ბევრია, რასაც სჭირდება გამკლავება.

ახლა ვიმყოფები თბილისის გულში, მთაწმინდის რაიონში, ჩვენი დედაქალაქის ისტორიულ არეალში. აქ არაერთ ოჯახს აქვს ავარიული საცხოვრებლის პრობლემა. 2026 წლიდან ჩვენ ავამოქმედებთ ახალ პროგრამას ისტორიულ არეალში მდებარე ავარიული შენობების ჩასანაცვლებლად. ამ თემაზე მე უკვე ვისაუბრე მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერია გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში არსებულ უძრავ ქონებას, რაც შეფასდება საბაზრო ღირებულებით და დაიცავს მოსახლეობის ეკონომიკურ ინტერესებს. ისტორიულ ზონაში გათავისუფლებული არეალები კი მომზადდება საინვესტიციო მიზნებისთვის ისე, რომ ქალაქის ისტორიული იდენტობა შენარჩუნდეს, მაგრამ პარალელურად გაჩნდეს განვითარების ახალი შესაძლებლობები“, – განაცხადა კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურ შეხვედრებზე მოსახლეობის მხრიდან ერთსულოვნებას და მხარდაჭერას გრძნობს, დარწმუნებულია არჩევნებში გამარჯვებაში.

„ჩვენი პოლიტიკა არის პროქართული, ჩვენი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების დაცვა. საქართველო ჩვენი სამშობლოა და ის ერთადერთია. ქართველობა მეამაყებოდა მაშინ, როდესაც ევროპაში ვცხოვრობდი და მეამაყება დღეს, როდესაც ამ ქვეყნის განვითარებაში მმართველ გუნდთან ერთად ვმონაწილეობ.

ამ ერთსულოვნებით, რასაც ვხედავთ, რაც მთელ ქალაქშია, რასაც მოსახლეობასთან შეხვედრებზე ვგრძნობთ, დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს ყველანი გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი, ჩვენი ქვეყანა. დღეს, ისე როგორც არასდროს, ქვეყანაში გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, როდესაც მოსახლეობას ვხვდები, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ისინი ჩვენი გაკეთებული პროექტებით მადლიერები არიან, თუმცა ჩვენ წინაშე უამრავი პრობლემა დგას. მე არ მეშინია ამ გამოწვევების, რადგან ძალიან ძლიერი გუნდი მიმაგრებს ზურგს. თქვენ ჩემი თანაგუნდელები ხართ, ჩემთან ერთად იბრძვით ყოველდღიურად, რომ ერთად რაღაც კარგი გავუკეთოთ ამ ქალაქს, მშვიდობა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას. მჯერა, თქვენი მხარდაჭერით, 4 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მთაწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი დაესწრნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი – მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირს აკრიტიკებს.„მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია“, – წერს მასკი.ცნობისთვის, ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 

დონალდ ტუსკი – ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა, ჩვენ საერთო მტრები გვყავს

ევროპა აშშ-ს უახლოესი მოკავშირეა და პრობლემა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპას საერთო მტრები ჰყავთ.„ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა. ჩვენ საერთო მტრები გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ასე იყო. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი გონივრული სტრატეგიაა, თუ რამე არ შეცვლილა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.ტუსკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი გააზიარა და დაწერა: „თუ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს გააერთიანებთ, მიიღებთ…“. 

ირაკლი კობახიძე – უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება

უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.„არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელ დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა და მეოთხე ქართველი გახდა დავით ბოდაველის (1982), ავთანდილ ჭრიკიშვილისა (2015) და ბექა ღვინიაშვილის (2019) შემდეგ, ვისაც ეს პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული.გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – ლიპარტელიანმა ფრანგი სარა-ლეონ სისიქი ვაზარით დაამარცხა, ჯაბნიაშვილმა კი ასევე ვაზარით ​იტალიელ ტიციანო ფალკონეს აჯობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ტელეფონით ესაუბრა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი.მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ხანგრძლივი და არსებითი იყო.„მადლიერი ვარ ძალიან ფოკუსირებული, კონსტრუქციული დისკუსიისთვის. ჩვენ დავფარეთ მრავალი ასპექტი და განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, რომლებმაც შესაძლოა, სისხლისღვრის დასრულება უზრუნველყოს და აღმოფხვრას რუსეთის ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრის საფრთხე, ისევე როგორც რუსეთის მიერ თავისი დაპირებების შეუსრულებლობის რისკი, რაც წარსულში არაერთხელ მომხდარა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მოლაპარაკებებისადმი ინტენსიური მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერზე მუშაობას გააგრძელებს.„უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს. შევთანხმდით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგ ნაბიჯებსა და საუბრების ფორმატებზე. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს მოლაპარაკებებისადმი ასეთი ინტენსიური მიდგომისთვის. ახლა რუსტემ უმეროვს და გენერალ გნატოვს დეტალური პირადი ანგარიშით ველი. ყველაფრის განხილვა ტელეფონით არ შეიძლება, ამიტომ ჩვენს გუნდებთან იდეებსა და წინადადებებზე მჭიდროდ მუშაობა გვჭირდება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველაფერი იყოს ქმედითი – მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციისთვის ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზომა. მადლობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები