თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში მიმდინარე აქციებში არასრულწლოვნების ჩართვა და ძალადობრივი ქმედებების წახალისება კატეგორიულად მიუღებელია. ამის შესახებ მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე შენარჩუნდება.
„წარმოუდგენელია. ყველაფერს კადრულობენ და იყენებენ. როგორ შეიძლება, არასრულწლოვანი, პატარა ბავშვი გამოიყვანო და ხელში მისცე, არ ვიცი, რა საგნები იყო – ხან პეტარდები, „მოლოტოვის კოქტეილები“ და ასროლინო პოლიციელის ან თუნდაც ნებისმიერი ადამიანის მისამართით? როგორ შეიძლება, ეს იკადრო და გააკეთო ჯანსაღად მოაზროვნე, ფხიზელმა ადამიანმა? წარმოუდგენელია უბრალოდ, თუმცა ყველანაირი ზღვარი გადალახეს. ვხედავთ, თუ რა პროცესების განვითარების სურვილი ჰქონდათ ქვეყანაში. „ნაცმაიდანი“ ვერ მოხდება საქართველოში. დღეს სახელმწიფო ძლიერია თავისი ინსტიტუტებით. ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნებთ სიმშვიდეს, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო საზოგადოებას: ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ეს არის ძალიან ბოროტი ძალა, ყველაფრის მკადრებლები. შესაბამისად, სიფრთხილე გვმართებს ყველას“, – განაცხადა კახა კალაძემ.