ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025

კახა კალაძე: პირობა დავდე, რომ არცერთი სამშენებლო სამუშაო არ განხორციელდებოდა სკვერების, რეკრეაციული სივრცეებისა და სტადიონების ხარჯზე

პირობა დავდე, რომ არცერთი სამშენებლო სამუშაო არ განხორციელდებოდა სკვერების, რეკრეაციული სივრცეებისა და სტადიონების ხარჯზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მისი თქმით, არ იყო სასიამოვნო, როდესაც წლების განმავლობაში ვხედავდით სკვერებისა და პარკების ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს.

„ურბანული პოლიტიკა ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, როდესაც წლების განმავლობაში სკვერებისა და პარკების ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს ვხედავდით და ძირითადად ეს იყო საცხოვრებელი კორპუსები. ასევე ხდებოდა სტადიონების ადგილზე. ეს მიდგომა და დამოკიდებულება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო და თბილისელებისთვის ჩემი საარჩევნო დაპირება 2017 წელს, როდესაც კამპანიაში ვიყავი ჩართული, ეს იყო ერთ-ერთი მიმართულება. პირობა დავდე, რომ არც ერთი სამშენებლო სამუშაო არ განხორციელდებოდა სკვერების, რეკრეაციული სივრცეებისა და სტადიონების ხარჯზე. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ, პირველი რაც მოვაწესრიგეთ, ეს ქაოტური განაშენიანება იყო, რაც ქალაქში ხდებოდა და რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, შევაჩერეთ. მივიღეთ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება ქალაქის განვითარება. მინდა, მადლობა გადავუხადო გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სანამ დედაქალაქის მერი ვარ, ამ ქალაქში ვერავინ გაბედავს რეკრეაციული სივრცეებისა და სტადიონების ხარჯზე საცხოვრებელი კორპუსების აშენებას. ჩვენ რა თქმა უნდა, მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, ყველანაირად შევუწყობთ ხელს და დავეხმარებით, იმიტომ, რომ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს სამშენებლო სექტორს, მაგრამ ქალაქის განაშენიანება უნდა მოხდეს გენერალური გეგმის ფარგლებში და ურბანულად სწორად დაგეგმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თინა ბოკუჩავა – ზოგიერთს ყველგან მიშა ნუ გელანდებათ, მეოთხე წელია პუტინის ტყვეა და პუტინის მონებისგან ამ ქვეყნის დახსნა უნდა, დემოკრატიული ძალების ერთმანეთის ჭმით...

ზოგიერთს ყველგან მიშა ნუ გელანდებათ, მეოთხე წელია პუტინის ტყვეა და პუტინის მონებისგან ამ ქვეყნის დახსნა უნდა,  დემოკრატიული ძალების ერთმანეთის ჭმით ეს არ მიიღწევა, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს.როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებასა და სიცოცხლეს სწირავს ქვეყნის პუტინისგან გათავისუფლებას.„ზოგიერთს ყველგან მიშა ნუ გელანდებათ. მეოთხე წელია პუტინის ტყვეა და ერთადერთი რამ უნდა – პუტინის მონებისგან ამ ქვეყნის დახსნა, ამას წირავს თავისუფლებას და სიცოცხლეს. დემოკრატიული ძალების ერთმანეთის ჭმით ეს არ მიიღწევა. წერტილი“, – წერს ბოკუჩავა.ცნობისთვის,  „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ სინამდვილეში ბურჭულაძე მიშას „კუკლაა“ და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან ერთად იყენებს ყველა ერთობის ასარევად, სადაც მიშა არაა ცენტრში, ამას ემსახურება ეს კლოუნადა“. ამასთან, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე.

გია ვოლსკი – მძიმე სურათია, რომ საქართველოს ედავები მილიარდ-ნახევარს, მაშინ როდესაც აპირებდი, ქვეყანა შეგეყვანა მძიმე მდგომარეობაში, რადგან საკუთარ ვალდებულებებს ვერ გაართვი თავი

წაგება შეიძლება სასამართლოშიც, არბიტრაჟშიც, მაგრამ ამას ახლავს ის პოლიტიკური ასპექტი, რომელიც უნდა იქნეს დანახული და შეფასებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, მძიმე სურათია, რომ საქართველოს ედავები მილიარდ-ნახევარს, მაშინ როდესაც აპირებდი, ქვეყანა იმის გამო შეგეყვანა მძიმე მდგომარეობაში, რომ საკუთარ ვალდებულებებს ვერ გაართვი თავი.„სასამართლო დავა, საარბიტრაჟო დავა არ უნდა იყოს უცხო ხილი, მსოფლიოში ხდება ასეთი რამ, დაპირისპირება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, მაგრამ აქ არის გადაჭდობილი ეს დავა სერიოზულ პოლიტიკურ ასპექტებთან. ხაზი უნდა გაესვას, რომ არსებობდა ასეთი თაღლითური პროექტი და გამოვლინდა, რომ ეს პროექტი მართლაც თაღლითური იყო, მით უმეტეს, იმ დამოკიდებულებით, რომელიც ანაკლიის პორტის ყოფილმა მფლობელებმა განახორციელეს, რაღაც დრიბლინგი პოლიტიკურ ველზე. ეს დადასტურდა, ჩვენთვის ამას აქვს მნიშვნელობა. წაგება შეიძლება სასამართლოშიც, არბიტრაჟშიც, მაგრამ ამას ახლავს ის პოლიტიკური ასპექტი, რომელიც უნდა იქნეს დანახული და შეფასებული. ეს არის მძიმე სურათი, რომ საქართველოს ედავები მილიარდ-ნახევარს, მაშინ როდესაც აპირებდი, ქვეყანა შეგეყვანა მძიმე მდგომარეობაში იმის გამო, რომ საკუთარ ვალდებულებებს ვერ გაართვი თავი. ეს არის დასკვნა, ამის იქით არაფერი არსებობს, არც არანაირი დაჩემებული ქველმოქმედება, გარდა იმისა, რომ წალენჯიხაში რაღაც პატარა პლასტმასის აბაზანა ააგეს, ამის იქით არაფერი არსებობს. არსებობს ერთი დასკვნა – საქმე გვაქვს ასეთ პოლიტიკურ თაღლითებთან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუცკასმა თანამდებობა დატოვა.პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას თქმით, პრემიერმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს დილით სატელეფონო ზარით აცნობა.გადადგომამდე, უკვე ყოფილი პრემიერი სკანდალში გაეხვია. ლიეტუვის მედიამ გამოავლინა მისი საეჭვო საქმიანი კავშირები, რის საფუძველზეც, გენერალურმა პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.მოგვიანებით, ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს კომპანია „დანკორაში“, რომელიც პრემიერის ცოლის ძმას ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია ევროპულ დაფინანსებას იღებდა და იძენდა აკუმულატორის სისტემებს თავად პრემიერის კომპანია „გარნისისგან“.

გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციის ნაწილი ამბობს, 4 ოქტომბერს იქნება რევოლუციაო, ნაწილი – ყური დავადოთ მიწაზე და რევოლუციის გუგუნი გვეტყვის, როდის მოვაო, ეს პრობლემაა დედა...

ორ ბანაკად გაყოფილი „ნაცმოძრაობის“ ფილიალები ვერ თანხმდებიან, რევოლუციის გზით უნდა წავიდნენ ბოლომდე, თუ თან რევოლუციის და თან არჩევნების, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას გამარჯვების თეორიული შანსიც კი არ აქვს, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის საკითხზეც ვერ თანხმდებიან.„რევოლუციის გზით თუ მიდიხარ, მაშინ არჩევნებში როგორ იღებ  მონაწილეობას. არჩევნებში თუ იღებ მონაწილეობას, რაც თავისთავად კარგია, რადგან ეს არის გზა, თუ გინდა, საზოგადოებაში ნდობა მოიპოვო, მაშინ იმ რევოლუციურ კომიტეტს როგორ უერთდები? დედა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები კი იმაზე ვერ თანხმდებიან, რევოლუციური გზის რა თარიღი აირჩიონ. უკვე იმდენად არიან შოკში, ზოგი ამბობს, მშვიდობიანი რევოლუცია, ზოგი ამბობს, ძალადობრივი რევოლუციაო გვინდაო. წლების განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ეს ხალხი არჩევნებისთვის არ ემზადებოდა, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან და რევოლუციური მიზნები აქვთ, რაზეც ხან ამბობდნენ, ეს იყო სუს-ის მოგონილი, ხან ხელისუფლების მოგონილი და დღეს აღიარებენ, რომ დიახ, უნდათ რევოლუცია. წიგნს თუ გადაშლიან, ან წიგნის გადაშლა თუ დაეზარებათ, ინტერნეტში შევიდნენ და ნახავენ, რომ მშვიდობიანი რევოლუციის განმარტება არ არსებობს. ეს იგივეა, რაც დაახლოებით კეთილი ტერორისტი. რევოლუციის განმარტება მარტივად არის ჩამოყალიბებული, ეს არის ძალადობრივი გზით, ხელისუფლების დამხობის მეშვეობით არსებული პოლიტიკური სისტემის შეცვლა, შემდეგ შეიძლება, მეთოდები იყოს განსხვავებული. თუ ცდილობენ, „დააბოლონ“ თავისი ან სხვისი ამომრჩეველი, ეს იქნება შეუძლებელი. უბრალოდ, აქ საუბარია თარიღებზე, რაზეც ვერ თანხმდებიან. ნაწილი ამბობს, რომ 4 ოქტომბერს იქნება რევოლუცია, ნაწილი ამბობს, მოდი, ყური დავადოთ მიწაზე და რევოლუციის გუგუნი თვითონ გვეტყვის, როდის მოვა რევოლუციაო. ეს პრობლემა უდგათ ახლა დედა ნაცმოძრაობაში“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ, მოემზადე, საქართველო, ბრძოლა ბოლომდე

4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.ბურჭულაძის თქმით, 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ.„ამ განცხადების ადრესატი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია და არცერთი პოლიტიკოსი. ამიტომაც, მივმართავ მის უდიდებულესობას, ქართველ ხალხს. 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას. ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს. 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. ასე რომ, 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ. მოემზადე, საქართველო, ბრძოლა ბოლომდე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ბოლო სიახლეები