რადიკალურ ოპოზიციონერებს უნდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლონ, სხვა დააზიანონ, რაღაც დააზიანონ, კანონი დაარღვიონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, სადაც ხელისუფლების მისამართით რეპრესიებზე საუბრობენ.
კალაძის თქმით, პოლიტიკოსი ვალდებულია, კანონი დაიცვას.
„რეპრესიებზე საუბარი ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა. მათ აქვთ სურვილი, თავიანთი დანაშაული რეპრესიად შეფუთონ. ანუ, რა გამოდის, პოლიტიკოსის სტატუსი თუ გაქვს, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რომ სხვა დააზიანო, რაღაც დააზიანო, კანონი დაარღვიო? მათი განცხადებებიდან ასე ჩანს, რომ უნდათ, ამ ყველაფრის უფლება ჰქონდეთ. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების, ხალხის წინაშე და პირველები უნდა ვიყოთ, ვინც კანონს დაიცავს. ამ შემთხვევაში პირიქით ხდება. თუ რაიმე სიბინძურე არსებობს, აკეთებს რადიკალური დაჯგუფება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, თბილისის მერის თქმით, მათი გადაწყვეტილება საინტერესო არაა.
„საერთოდ არაა საინტერესო, რას გადაწყვეტს რადიკალური დაჯგუფება. ვიცით მათი დღის წესრიგი – რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ რა პოზიცია ჰქონდათ. პირდაპირ აცხადებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ. დღეს უკვე პოზიცია შეცვლილი აქვთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

