ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების ინიციატივაზე: მათ ჩაიდინეს ღალატი, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები

დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოაშკარავებული ინფორმაციით ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა იყო ძალიან მძიმე ქვეყნისთვის და მათ ჩაიდინეს  ღალატი.  ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

„პარლამენტში შექმნილია საგამოძიებო კომისია, მიმდინარეობს კონკრეტული ადამიანების დაბარება, კითხვების დასმა. ალბათ, საზოგადოება თვალს ადევნებს, ვიცი, ბევრი აღშფოთებულია იმ ინფორმაციით, რაც გამოიკვეთა, თუ რა ხდებოდა რეალურად. ძალიან მძიმე იყო მათი მმართველობა, მათ ჩაიდინეს ღალატი, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები  და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე აზრით, კომისიის მუშაობის მიზანი მკაფიოა და საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, იცოდეს სიმართლე აგვისტოს ომის შესახებ.

„ვისაც შეუძლია გააკეთოს შეფასება და ანალიზი, ყველა კარგად ხედავს, თუ რა არის აღნიშნული კომისიის მიზანი. იმ კონკრეტული პასუხებიდანაც კარგად ჩანს, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორ მართავდნენ ქვეყანას და რა მდგომარეობაში ჩააგდეს ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ პარტიას, პერსპექტივა არ აქვს.

„არ ვიცი, რა ახალ ქმედებებზე უნდა გადავიდეს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გაუბედურებული და გაფარჩაკებულია. ეს მათი გადასაწყვეტია – რა ფორმით, როგორ და რანაირად, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოში ქვეყნის მტრებს, აგენტურას, იმ ადამიანებს, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არანაირი პერსპექტივა არ აქვთ მომავალში და ისინი პოლიტიკურ ველზე ყოველთვის დამარცხებულები იქნებიან“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„გორის ბაზრის“ ყოფილი მფლობელი ჯემალ წიკლაური – პირველი მეწარმე ვიყავი, ვინც „ნაცმოძრაობის“ დროს დამიჭირეს, გამიმართლა, რომ ახალაიების დროს არ ვიყავი ციხეში, თორემ ცოცხალი ვერ...

პირველი მეწარმე ვიყავი საქართველოში, რომელიც დამიჭირეს, ციხეში ყოფნის დროს დიდი ზეწოლები იყო, გამიმართლა, რომ ახალაიების დროს არ ვიყავი, თორემ ცოცხალი ვერ გამოვიდოდი, – ამის შესახებ „გორის ბაზრის“ ყოფილმა მფლობელმა, ჯემალ წიკლაურმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.კომისიის სხდომაზე ჯემალ წიკლაურმა გაიხსენა, რა პირობებში იმყოფებოდა საპატიმროში.„ჩემი საკუთრება, „გორის ბაზარი“ შევისყიდე 1996 წელს კონკურსის წესით. დამწვარი იყო ეს ბაზარი და მისი აღდგენა მქონდა დავალებული. 2004 წლის თებერვალში დაიწყო ჩემზე ზეწოლა, სააკაშვილის ხელისუფლება რომ მოვიდა. დამიბარა მიშა ქარელმა, მაშინდელმა გუბერნატორმა და მითხრა, უნდა დათმო ობიექტი, ჩააბარო სახელმწიფოს, თუ არადა პრობლემები გექნებაო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. გადაწყვიტეს ჩემთან, საწარმოში შემოსვლა და შემოწმება ჩაეტარებინათ, მაგრამ სასამართლო განჩინება მოვთხოვე და არ შემოვუშვი. ამის შემდეგ მეძახიან სამსახურში, ჯემალ, ვიღაც არის შემოსული და აწიოკებს ბაზარსო. გამოვედი, შევხედე და დავინახე გუბერნატორი მიშა ქარელი, პროკურორი, ტელევიზია, ვინც მათ ემორჩილებოდა.შემოვიდა საგადასახადო სამსახური, შეამოწმეს და დამიდგინეს, რომ ვითომ სახელმწიფოს დავუმალე 300 ათასი ლარი გადასახადი. ამის საფუძველზე დამაკავეს. ორმა სასამართლომ სამთვიანი პატიმრობა მომისაჯა. სხვათა შორის, პირველი მეწარმე ვიყავი საქართველოში, რომელიც დამიჭირეს. 2004 წლის 23 თებერვალს დამაკავეს. ციხეში ყოფნის დროს დიდი ზეწოლები იყო. მოგეხსენებათ, როგორი პირობები იყო, მაგრამ გამიმართლა, რომ ახალაიების დროს არ ვიყავი, თორემ ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. ღამით შემოიყვანეს ვიღაც კაცი, რომელსაც ისე ებერებოდა მუცელი, გასაბერი ბურთი რომ გაბეროთ. მთელი ღამე ხელებს ურტყამდა კარზე, რომ მოეხედათ, მაგრამ ვიდრე არ გათენდა, არავინ ყურადღება არ მიაქცია, კაციშვილი არ შემოვიდა. 12-კაციან საკანში 52 ვიყავით. გვეძინა მორიგეობით. თუ დამიჯერებთ, საერთოდ არ მეძინა, მედიკამენტი თუ გამთიშავდა და მაშინ მივწვებოდი. ვერ ვიძინებდი, საჭმელს ვერ ვჭამდი. მთელი ოთხი თვის განმავლობაში, შეიძლება, 3-4-ჯერ მქონდეს ნაჭამი. რომელ საკანშიც ვიჯექი, ყველაზე უკეთესი საკანი იყო, 52 კაცი კი ვიყავით, მაგრამ სველი წერტილი იყო. ტუალეტში იყო დიდი კასრი და იმაში, „კიპიწელნიკს“ რომ ვეძახით, ეს იყო წყლის გადასავლებად. სხვა საკნებშიც ნამყოფი ვარ, მაგრამ იქ იყო საშინელება, ყველაფერი ეყარა, ყველაფერი ჩანდა. ერთხელ მომიწია გასეირნება იმ ოთხ თვეში და სუფთა ჰაერზე ცუდად გავხდით პატიმრები, ისე ვიყავით შეჩვეული. ვეხვეწებოდით, უკან დაგვაბრუნეთ-თქო“, – განაცხადა ჯემალ წიკლაურმა.

ODIHR-ი მოუწოდებს ხელისუფლებას, გადახედოს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ განხორციელებას და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაში დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველოს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც ავალდებულებს ყველა ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც მიიჩნევა, რომ მოქმედებს უცხოური სუბიექტის ინტერესებში, დარეგისტრირდეს უცხოურ აგენტად, მაგალითად, უცხოური დაფინანსების გამო, და აწესებს სანქციებს მისი შეუსრულებლობის გამო, აძლიერებს შეშფოთებას ბოლო დროს მიღებული სხვა კანონებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე კანონის ნეგატიური ზემოქმედების გამო, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) განცხადებაში.„ეს კანონი ღრმად აისახება სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაზე და ყველაზე, ვინც მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვაზე. სამოქალაქო საზოგადოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის და ნებისმიერმა ახალმა მოთხოვნამ უნდა გააძლიეროს მათი მნიშვნელოვანი მუშაობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეზღუდვების დაწესების ნაცვლად“, – აცხადებს ODIHR-ის დირექტორი, მარია თელალიანი.განცხადების თანახმად, ახალმიღებულმა კანონმა უნდა შეცვალოს გასულ წელს მიღებული „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შეშფოთების ფონზე, რომ ის შეაფერხებს გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას.„კანონმა, სხვა ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, შეიძლება, კიდევ უფრო შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების საქმიანობა მათი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო გარანტიების გაუქმებით.როგორც ODIHR-მა გასულ წელს სამართლებრივ ანალიზში აღნიშნა, შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს, რომელზეც საქართველოს ახალი კანონია დაფუძნებული, აქვს სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებისთვის უცხოური გავლენის ინსტრუმენტის იარლიყის მიკერებას მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსების მიღების გამო. ამის ნაცვლად, ის ცდილობს, უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში უცხოური ძალების სახელით, დარეგისტრირდნენ სახელისუფლო ორგანოებში და ეს ინფორმაცია საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი. ერთი ქვეყნიდან მეორეში კანონმდებლობის იმპორტს ყოველთვის სიფრთხილით უნდა მივუდგეთ და უნდა განიხილებოდეს უფრო ფართო ეროვნული ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს კონტექსტში.ODIHR-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს კანონის დეტალური გადაფასების აუცილებლობას. ოფისი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ამ სფეროში საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაში სამართლებრივი მიმოხილვისა და კონსულტაციის სხვა ფორმების საშუალებით, მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით.ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, დაიცვას შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები, როგორც კანონით, ასევე პრაქტიკაში. მათ ასევე აღიარეს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ლობისტური საქმიანობის რეგულირება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და კორუფციის თავიდან ასაცილებლად, მან პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს და არ ხელყოს პოლიტიკური და საზოგადოების მონაწილეობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ამავე საავტომობილო გზის კმ70-კმ184 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.საავტომობილო გზის კმ1-კმ69 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი ზერეკიძე: 2007 წლის 13 აგვისტოს 120 ბავშვი გადაგვიყვანეს რუსთავის “კრიტში”, 6 მანქანა იყო ეზოში, ნელ-ნელა აჰყავდათ ბავშვები, რომ შევედი, ოფლში ედგათ ბავშვებს ფეხები,...

სტადიონზე ჩაგვიყვანეს, ზაფხულია, 13 აგვისტო, უცებ დიდი კარი იღება, მანქანები და სპეცრაზმი შემოდის და 120 ბავშვი გადაგვიყვანეს რუსთავის "კრიტში", - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, გიორგი ზერეკიძემ, რომელიც 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საკუთარი პატიმრობის წლებს იხსენებს.მისი განცხადებით, 120 არასრულწლოვანი ავჭალის კოლონიიდან ე.წ. კრიტში გადაიყვანეს, სადაც მათ ოთხი თვე გაატარეს. ზერეკიძემ აღნიშნა ისიც, რომ "კრიტი", სადაც არასრულწლოვანები იყვნენ, ზრდასრული პატიმრებისთვის კარცერად გამოიყენებოდა."სანამ გადაგვიყვანდნენ, ციხის მანქანები ხომ რკინისაა, 6 მანქანა იყო ეზოში, სახურავი ხომ გახურებული იყო, ნელ-ნელა აჰყავდათ ბავშვები. მე ბოლოსკენ ამიყვანეს და რომ შევედი შიგნით, ოფლში ედგათ ბავშვებს ფეხები, საერთოდ, ჰაერი კი არა, გეგონებოდა, "დუშიდან" გამოხვედიო.ბუნტი არ ყოფილა, იყო უბრალოდ ყვირილი და ამ ბუნტის ორგანიზატორობაზე, ერთ პატიმარს ხელის დარტყმაზეც დაუმატეს და გადაგვიყვანეს რუსთავის მეორეს "კრიტში". იქ ვიყავით 4 თვის განმავლობაში ჩამწყვდეულები - სადაც ჩვენ ვიყავით, დიდი პატიმრებისთვის ეგ კარცერად იყო განკუთვნილი. მერე ისევ დაგვაბრუნეს ავჭალაში. ნელ-ნელა დროც გადიოდა და ერთ-ერთ გამოსვლაში ლომაია ამბობს, რომ თურმე, ჩემმა მშობლებმა ასაკი გადამიკეთეს და ვარ 16 თუ 17 წლის, როდესაც მართლა 14 წლის ვიყავი. მაგასაც კი მაბრალებდნენ, რომ ვითომ მე არ ვიყავი 14 წლის." - განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა ტრაგედიების მოსმენის ფონზე ჩეხეთის საელჩოსგან ტერმინ „დემოკრატიის შუქურის“ დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა უცოდინრობაა ან ცინიზმი

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლთა პირადი ტრაგედიების მოსმენის ფონზე ჩეხეთის საელჩოს მხრიდან ტერმინის „დემოკრატიის შუქურა“ დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა ან უცოდინრობაა, ან ცინიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოში ჩეხეთის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ პოსტს, სადაც ნათქვამია: „სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ – ძირი ეთხრება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს, კვლავ დაუსჯელი რჩება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური და ციფრული არხებით თავდასხმები და ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების შევიწროების მიზნით იზრდება სასამართლოსა და სამართლებრივი სისტემის გამოყენება“.პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ჩეხეთის საელჩო თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს.„ტერმინი „დემოკრატიის შუქურა“ მჭიდროდ არის დაკავშირებული სააკაშვილთან, მათ შორის როგორც უცხოელი აქტორებისგან სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხელის დაფარების სიმბოლო.საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლების პირადი ტრაგედიების მოსმენის ფონზე ჩეხეთის საელჩოს მხრიდან ამ ტერმინის დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა ან უცოდინრობაა, ან ცინიზმი.სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ჩეხეთის საელჩომ დაგმოს და გაემიჯნოს, მათ შორის ჩეხეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლების ძალადობრივ ქმედებებს და რიტორიკას, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები