მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც უკრაინა იმყოფება. უმძიმესი მდგომარეობაა. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს, უკრაინა ამას ნამდვილად არ იმსახურებდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას გული შესტკივა უკრაინელ ხალხზე, თუმცა მისი უმთავრესი საზრუნავი ქვეყნის სუვერენიტეტის და ქართველი ხალხის ინტერესის დაცვაა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გული შეგვტკივა უკრაინელ ხალხზე, მაგრამ, პირველ რიგში, ვფიქრობთ და ვზრუნავთ ჩვენს ქვეყანაზე და ხალხზე. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკით მომავალშიც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ, პირველ რიგში, დავიცვათ საქართველო, ქვეყნის სუვერენიტეტი და ქართველი ხალხის ინტერესი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანაში არ გვქონდეს ის ვითარება და მდგომარეობა, რაც დღეს უკრაინაშია, რისკენაც მოგვიწოდებდნენ, გვაშანტაჟებდნენ, გვავალდებულებდნენ, გვემუქრებოდნენ, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო და მივერთებოდით სანქციებს. ჩვენი სწორი პოლიტიკით, პრაგმატული ხედვით და გადადგმული ნაბიჯებით შევინარჩუნეთ მშვიდობა და დავიცავით ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

