ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024

კახა კალაძე – მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს, რათა მოწოდების სიმაღლეზე იყოს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ მიხეილ ყაველაშვილს წარმატებები უსურვა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული და პატრიოტი ადამიანი.

„პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საზოგადოებას წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილის სახით. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს. მან დღეს ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოების გაერთიანება. ეს უნდა მოვახერხოთ სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მიშას წარმატებები ვუსურვო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დავით სონღულაშვილი – ვფიქრობთ, 50 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე 70 000 ფერმერული მეურნეობისათვის შევძლებთ სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებას

საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებისა და აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „რაც შეეხება წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების მოდერნიზებისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს, ვფიქრობთ, 50 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე 70 000 ფერმერული მეურნეობისათვის შევძლებთ სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა ილტოზე საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავის პროექტირება და მშენებლობის სამუშაოების დაწყება. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული წყალსაცავი კახეთში 40 ათას ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე გარანტირებულად გაზრდის წყალუზრუნველყოფის ხარისხს, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ 50 ათასზე მეტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე იქონიებს გავლენას. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობაზეც. აკვაკულტურის წარმოების ზრდის ხელშეწყობა გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და მოიზიდავს ინვესტორებს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე – რესპუბლიკურ საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი თანამედროვე კლინიკა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სარჯველაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის სისტემისა და სექტორის განვითარებისთვის დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატმა, ყურადღება გაამახვილა რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციაზე და აღნიშნა, რომ მალე ქვეყანას, ძლიერი, მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური სახელმწიფო კლინიკა ექნება. „რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფცია წარდგენილ იქნა საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. ვფიქრობ ამას საზოგადოებაში საკმაოდ დიდი და პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა, მაღალია ინტერესიც და მოლოდინიც ამ მიმართულებით. ვფიქრობთ, ძალიან მალე, არც თუ ისე დიდი ხსნის შემდეგ, ჩვენ გვექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი თანამედროვე კლინიკა თბილისის ცენტრში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დავით სონღულაშვილი – ვიმუშავეთ არაერთ ინიციატივაზე, რომელიც მიმართული იყო სხვადასხვა სექტორული საქმიანობის მოწესრიგებაზე, ეკონომიკური რეფორმების საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე

ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ისტორიულ შენობაში საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ჩემს კოლეგებთან ერთად მუშაობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციაზე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მანიჭებს და მეც მზად ვარ, მთელი ჩემი ძალა, ენერგია და გამოცდილება, ამ სფეროს განვითარებას დავუთმო, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. დავით სონღულაშვილმა მოკლედ შეაჯამა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში გაწეული ოთხი წლის სამუშაო. „ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე ვიმუშავეთ, რომელიც მიმართული იყო როგორც სხვადასხვა სექტორული საქმიანობის მოწესრიგებაზე, ასევე ეკონომიკური რეფორმების საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე. ის კანონპროექტები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მომზადდა, განხილვები სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში, ხელს უწყობდა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და დარგების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. კომიტეტი, მუდმივად მზად იყო დიალოგისთვის და თანამშრომლობისთვის, როგორც კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეკონომიკური სექტორის ყველა წარმომადგენელთან. ყოველთვის აქცენტირებული ვიყავით ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რასაც თან ახლდა კომიტეტის საპასუხო მოქმედებები“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს ნაყოფიერი მუშაობისთვის, კომიტეტის აპარატს – მაღალი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. „განსაკუთრებული მადლობა მეათე მოწვევის პარლამენტს და ბატონ შალვა პაპუაშვილს თანამშრომლობისთვის, მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის. დაბოლოს, რა თქმა უნდა ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომლებმაც გამომიცხადეს ნდობა 2016 წლიდან და მომცეს შესაძლებლობა კომპეტენციის ფარგლებში გამეკეთებინა მაქსიმუმი ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური წინსვლისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა – სახელმწიფოს გრანტებით დაფინანსებულმა სტარტაპებმა უკვე დააგენერირეს 500 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური სარგებელი და შექმნეს 4 000-მდე ახალი მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილი

ქვეყანაში შეიქმნა ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2018 წლიდან დღემდე 100 და 150-ათასლარიანი გრანტებით დაფინანსდა 270-მდე სტარტაპი, ჯამში 44 მილიონი ლარის ოდენობით. დღეისთვის აღნიშნულმა სტარტაპებმა უკვე დააგენერირეს 500 მილიონ ლარზე მეტი კერძო ფინანსური სარგებელი და შექმნეს 4 000-მდე ახალი მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენების დროს განაცხადა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს პოლიტიკამ, რომელიც საერთაშორისო IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათებს მოიცავდა, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი – 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 784,4 მილიონ აშშ დოლარს გაუთანაბრდა, 2016 წელთან შედარებით კი 29-ჯერ არის გაზრდილი. „მომავალ წლებში გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 120-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ფუნქციონირებს და 10 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს (SME) და R&D კომპანიის სტატუსები და ამოქმედდება მნიშვნელოვანი საშეღავათო საგადასახადო პირობები სამივე კატეგორიის კომპანიებისთვის. 2025 წლიდან ამუშავდება სრულიად ახალი, სრულმასშტაბიანი აქსელერაციის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს წლიურად 160 სტარტაპის მომზადებას და დაფინანსებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში შეიქმნება ხელოვნური ინტელექტის, ფაგებისა და აგროტექნოლოგიების საერთაშორისო კომპეტენციის ცენტრები. 2025 წელს ქუთაისში გაიხსნება საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი, ასევე გაგრძელდება სასწავლო კურსების შეთავაზება მოწინავე IT პროფესიებში.

შოთა ხაბარელი – მიხეილ ყაველაშვილს ქვეყანა არაერთხელ უსახელებია, ის საკუთარი ქვეყნის სიყვარულით ყოველთვის გამოირჩეოდა

ვულოცავ მთელ საზოგადოებას ასეთი ღირსეული კანდიდატურის დაყენებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა იმის გამო დასახელდა, რომ არის ძალიან ეროვნული და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. „მიხეილ ყაველაშვილს ქვეყანა არაერთხელ უსახელებია. ის საკუთარი ქვეყნის სიყვარულით ყოველთვის გამოირჩეოდა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი, რის გამოც მისი კანდიდატურა იქნა შერჩეული. ღირსეული კანდიდატურაა და თანამდებობას ღირსეულად წარუძღვება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები