პარასკევი, ივნისი 13, 2025

კახა კალაძე – ისმის კითხვა, რას აკეთებს საქართველო ისეთს, რომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ? ჩვენ ვიცით, რა არის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა

არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა. ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს ქართველი ხალხის ინტერესს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ისმის კითხვა: რა არის ამის მიზეზი? რას აკეთებს საქართველო ისეთს, რომ ქართველებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა? ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს და დაიცავს ქვეყანაში უსაფრთხოებას, მშვიდობას და განავითარებს ქვეყნის ეკონომიკას. ქვეყნის ინტერესების დათმობა არ მოხდება. ეს უნდა გაიგოს ყველამ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის აქვს უფლება, მითითებები მისცეს ხელისუფლებას. ჩვენ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის განვითარებას და არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, ისე მოიქცეს, როგორც, მაგალითად, უკრაინასთან მიმართებით მოიქცნენ, როგორც ის იქნა გამოყენებული ვიღაცების ინტერესებისთვის. საქართველოს ხელისუფლება ამას არ გააკეთებს. ჩვენ გვახსოვს, რამხელა უბედურება მოუტანა 2008 წლის ომმა ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, რა გეგმა აქვს ხელისუფლებას უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების თავიდან ასაცილებლად, კალაძემ აღნიშნა, რომ გეგმა ქვეყნის ინტერესების დაცვა და მშვიდობის შენარჩუნებაა.

„ჩვენი გეგმა არის ძალიან მარტივი, ეს არის ქვეყნის ინტერესების დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოწოდება იყო და რეზოლუციაშიც ასახეს, რომ ქვეყანა უნდა მიუერთდეს სანქციებს, არ ვაპირებთ სანქციებზე მიერთებას, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე – არ გვინდა, ეკონომიკა ჩამოიშალოს და ამან კიდევ დამატებითი პრობლემები გამოიწვიოს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ არავის ვებრძვით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და ხალხს. საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო, საქართველო არის დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფრისთვის ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს, იბრძოლეს, რომ ჩვენ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები“, – აღნიშნა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით. არც მშიერის დაპურება გვეშლება, არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა, არც მდუმარებაში...

"მოგესალმებით სრულიად საქართველოს. არ მეგონა, რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემი ოჯახის ბულინგის თემას, თუმცა, როგორც ჩანს, გაუსვრელი არავინ უნდა დარჩეს.  დღეს ბიჭები არიან სამიზნეები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ,  ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში ,არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით… როცა ყვირი "სირცხვილია" -ს, სულ ცოტა, მისი შინაარსი კარგად უნდა გესმოდეს ადამიანს - "რა არის სირცხვილი და რა - არა". ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით. არც მშიერის დაპურება გვეშლება, არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა, არც მდუმარებაში გლოვა, არც უსახლკარობის შიში, არც ერთმანეთის სიყვარული და არც - ქვეყნის. არც გაზის ყლაპვის შეგვშინებია ოდესმე და არც ვინმესთვის სიმართლის თქმის. ასე რომ, შორს ხელები ჩემი ოჯახიდან" - წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში და შვილების, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეების ფოტოს აქვეყნებს. ეს განცხადება მომღერალმა გუშინდელი კონცერტის შემდეგ გააკეთა. როცა გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები სცენაზე ზუკა ხუციშვილთან ერთად სიმღერას ასრულებდნენ, სცენაზე ახალგაზრდა ბიჭი ავიდა, რომელმაც ძმებ ჭოხონელიძეებს სიტყვის თქმის უფლება სთხოვა და თქვა, რომ მათ თანატოლს, 21 წლის მატე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამ თხოვნაზე ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებისგან მან უარი მიიღო, აუდიტორიიდან კი ისმოდა შეძახილები: "სირცხვილია", "ასე არ შეიძლება..." 

კახა კალაძემ 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან ათი წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.პანაშვიდს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, 13 ივნისის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.„ათი წელი გავიდა იმ მძიმე ტრაგედიიდან, რომელიც თბილისს 2015 წლის 13 ივნისს დაატყდა თავს. 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ამ ადამიანების ოჯახებს, მათ ახლობლებს. თუ გავიხსენებთ, მართლაც ძალიან მძიმე იყო ის, რაც 13 ივნისს ხდებოდა, თუმცა პოზიტივი რაც იყო, ეს იყო ერთიანობა, ერთობა, როდესაც ყველა – დიდი და პატარა გაერთიანდა, რათა მხარში დადგომოდა ჩვენს დედაქალაქს. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რა შეუძლია ერთობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.მემორიალთან, დედაქალაქის მერთან ერთად, იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები.

კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე: როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამის ქმედებებს განახორციელებს.მისივე განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა კანონდამრღვევი პოლიტიკოსი იქნება თუ არა, ყველა თანაბრად აგებს პასუხს."რასაც ვხედავთ, ზოგიერთი პოლიტიკოსების მხრიდან კანონის დარღვევის პირველი შემთხვევა არ არის. როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება ამ ყველაფრის ფარი. ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამის ქმედებებს განახორციელებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში ისრაელის საელჩო – ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, საელჩო დაკეტილია, ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურებაც

საქართველოში ისრაელის საელჩო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო დაკეტილია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.საქართველოში ისრაელის საელჩო აღნიშნავს, რომ ასე ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურება.„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, საელჩო დაკეტილია და საკონსულო მომსახურება არ იქნება ხელმისაწვდომი. განახლებებისთვის ეწვიეთ საელჩოს ვებგვერდს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ირანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა

ისრაელის მიერ თეირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ ირანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა.ამის შესახებ „სიენენი“ წერს.ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი და რამდენიმე სამხედრო მეთაური დაიღუპა.

ბოლო სიახლეები