“ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ მან წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში მიმდინარე პროცესის თემაზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, წინა შემთხვევებში ივანიშვილის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები და მისი დასანქცირება იყო პოლიტიკური ნაბიჯი, ახლაც გამორიცხული არაფერია.
“ჩვენ ვიცით ბიძინა ივანიშვილის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ. მისი შანტაჟი მიმდინარეობდა. ეს არც დაგვიმალავს და ამაზე ღიად ვისაუბრეთ. მან სხვადასხვა ქვეყანაში სასამართლო პროცესი წარმატებით დაასრულა, თუმცა, მისთვის თანხა არ დაუბრუნებიათ. ცხადია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ყველა ინსტაციაში გამართლდა. შემთხვევითი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ. ისიც ვიცით, აქედან გამომდინარე, მან რა პოზიცია დაიკავა და რა გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ინტერესები. პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებსა და სუვერენიტეტის დაცვას ითვალისწინებს.
დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმდენი უსამართლობა ხდება მსოფლიოში, რომ გამორიცხული არაფერია. როდესაც შენ კონკრეტულ ადამიანს სანქციას უწესებ, ეს განმარტებული და კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული უნდა იყოს. ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ძირითადად სიძულვილით, მუქარით, შანტაჟით იყო დაკავებული. გამოვიდნენ და დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მაშინ ჩვენ მტკიცედ დავდექით, ქვეყნის ინტერესები დავიცავით. არ მივეცით მათ იმის უფლება, რომ ქვეყანა ომში ჩეთრიათ, მეორე ფრონტი გაეხსნათ, ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა და სწორედ ამიტომ მიიღეს მაშინ ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

