სამშაბათი, ივნისი 17, 2025

კახა კალაძე აცხადებს, რომ ცაგარელის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

თბილისში, ცაგარლის ქ. N5-ში არსებული ტერიტორია, მესაკუთრესთან მოლაპარაკების შედეგად, ქალაქს დაუბრუნდა და მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იქ, სადაც არსებობს მწვანე სივრცეების შენარჩუნების შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტი მათ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ერთ-ერთი ბოლო მონაცვლეობა, რომელიც რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად განხორციელდა, საბურთალოს რაიონში, არჩილ ცაგარელის ქ. N5-ში არსებული მიწის ნაკვეთია, სადაც, ასევე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იყო დაგეგმილი. მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნული ტერიტორიაც დაუბრუნდა ქალაქს და ახლა იქ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. აქვე მინდა, დავავალო საბურთალოს რაიონის გამგებელს, ამ ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყოს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ვარჯიშს და განტვირთვას შეძლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, რეკრეაციული სივრცეების დაცვა-შენარჩუნება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ყველაზე მეტად, რაც ჩვენს დედაქალაქს უხდება, რეკრეაციული სივრცეებია. მათი დაცვა-შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა. ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა დედაქალაქის გენერალური გეგმა დავამტკიცეთ, ათეულობით ჰექტარ სამშენებლო ტერიტორიას მიენიჭა ისეთი სტატუსი, სადაც მშენებლობა დაუშვებელია და იქ მხოლოდ მწვანე საფარი, ტყეები, პარკები, სკვერები, სპორტული მოედნები და სხვა რეკრეაციული სივრცეები უნდა მოეწყოს. ასევე, გავამკაცრეთ კანონმდებლობა ხე-ნარგავების უკანონო გაჩეხა-განადგურებისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემსუბუქებისთვის კი გატარდა არაერთი რეფორმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რომ მსგავსი ადგილმონაცვლეობის განხორციელება მუნიციპალიტეტისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

„ისეთი არეალების გამოსყიდვა დავიწყეთ, რომელიც წლების წინ გასხვისებული იყო სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოებისთვის. ეს გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული – მოგვიწია ადგილმონაცვლეობები იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტს დაებრუნებინა  ტერიტორიები და მოეწყო მწვანე სივრცეები. ასეთი ტერიტორიებია: დიღმის ტყე-პარკის ნაწილი, კუს ტბის ასასვლელთან არსებული ტერიტორია, ვაკის პარკის ტერიტორიის ნაწილი, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებული სკვერის ნაწილი და ა.შ. მომდევნო წლებში მსგავს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. თბილისს აქვს უდიდესი რესურსი იმისა, რომ მეტი მწვანე სივრცე გაჩნდეს უბნებში. გვახსოვს მავნე პრაქტიკა – რამდენი სპორტული მოედანი, პარკი, სკვერი გასხვისდა სამშენებლო სამუშაოებისთვის. 2017 წლიდან დავამთავრეთ ეს პრაქტიკა და დავიწყეთ ასეთი სივრცეების დაბრუნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – მადლობა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივისთვის, რომ განახლდეს სამმხრივი ფორმატი, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე

მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს თავისი ინიციატივისთვის, რომ განახლდეს სამმხრივი ფორმატი თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე და შედგეს შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, რუმან ქურთულმუშთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, სამივე ქვეყნის პარლამენტი ამისთვის მზად არის.„შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი იყო 2023 წელს, თურქეთში მომხდარი მძიმე მიწისძვრის გამო გადაიდო. სამივე ქვეყნის პარლამენტი მზად არის, ეს ფორმატი განახლდეს და პირველი შეხვედრა შედგეს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე თურქეთში. მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. კიდევ ერთხელ მადლობა თბილი მიღებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩემი ვიზიტი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენს პარლამენტებს შორის კავშირების გაღრმავებაში. დიდი მადლობა თქვენ და მადლობა თურქეთის პარლამენტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მარნეულში, სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს

მარნეულის რაიონში, სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს - ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.

ისრაელ კაცი – აიათოლა ალი ხამენეიმ, შესაძლოა, სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, შესაძლოა, სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს.როგორც თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელ კაცმა განაცხადა, ირანმა უნდა შეწყვიტოს ომის დანაშაულის ჩადენა და ისრაელის მოქალაქეების მისამართით რაკეტების სროლა.„მას უნდა ახსოვდეს, რა მოუვიდა დიქტატორს ირანის მეზობელ ქვეყანაში, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს საწინააღმდეგო გეზი აიღო. ჩვენ დღესაც გავაგრძელებთ მოქმედებას რეჟიმის სამიზნეებისა და სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ თეირანში, ისევე როგორც ეს გავაკეთეთ პროპაგანდისა და წაქეზების გამავრცელებელი ორგანოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.ისრაელ კაცმა ასევე მოუწოდა თეირანის მცხოვრებლებს, ევაკუაცია მოახდინონ იმ რაიონებიდან, რომელთა დატოვების ინსტრუქციასაც მათ ისრაელის თავდაცვის ძალები აძლევენ.„თეირანის მცხოვრებლებო, არ ჩაიგდოთ საფრთხეში თავი და ნუ გადაიქცევით დიქტატორის მძევლებად, რომელიც თქვენ გადასარჩენად გიყენებთ“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნონა გაფრინდაშვილი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და გულშემატკივრებს მიმართავს:„მეგობრებო, 2 დღის წინ სახლში ყოფნისას, უწყინარ სიტუაციაში, უცაბედად დავეცი. მივიღე სერიოზული დაზიანებები სახის არეში.მინდა ყველა ახლობელი და გულშემატკივარი დავამშვიდო — სახეზე გადატანილი ოპერაციისა და მკურნალობის ფონზე უკეთ ვარ.მადლობა ყველა ახლობელს და გულშემატკივარს ყურადღებისა და თანადგომისთვის.ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს ოჯახს, სანათესაოს და სამეგობროს იმისთვის, რომ სანერვიულო გავუჩინე.წინასწარ ვუხდი ბოდიშს ყველა მოახლოებული ღონისძიების ორგანიზატორს, კოლეგებს და პარტნიორებს, ასევე ჩვენი ოჯახის იუთუბ გადაცემის ერთგულ მაყურებელს — უნებური დაცემის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უახლოესი პერიოდი ვერ მივიღებ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, რადგანაც მომიწევს სახლში ყოფნა და ინტენსიური მკურნალობა.„დაცემას მოყვება ფეხზე წამოდგომა, ამ ორს კი ერთი გულიანი მიზანმიმართული მოძრაობა ყოფს.“ მწვერვალზე ასვლა კი მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლით არის შესაძლებელი, ბრძოლა კი გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე.“ჩემს შემთხვევაში და ჩემს ასაკში კი ბრძოლა იწყება იარების მოსაშუშებლად და ფორმაში შესასვლელად. ჩემი დევიზია: „აკეთე საყვარელი საქმე ნებისმიერ ასაკში და ამით გაიხანგრძლივე სიცოცხლე.“მეც კვლავ ვაპირებ საყვარელი საქმის კეთებას.  ვპირდები ჩემს გულშემატკივარს, რომ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატს სენიორებს შორის, რომელიც გაიმართება შემოდგომაზე, შევხვდები სრულ მზადყოფნაში და შევეცდები გამარჯვების მოპოვებას. ვაპირებ, რომ გავხდე ყველაზე ასაკოვანი მსოფლიოს ჩემპიონი — ჩემი ქვეყნის სასახელოდ და გულშემატკივრების გასახარად“,- წერს ნონა გაფრინდაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – ეს არის უმაღლესი სკოლა, სადაც შეგიძლია იპოვო საკუთარი პროფესიული გზა, მიიღო ცოდნა და გახდე სპეციალისტი

ჩემთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სამშენებლო ფაკულტეტი მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს. ეს არის უმაღლესი სკოლა, სადაც შეგიძლია საკუთარი პროფესიული გზა იპოვო, ცოდნა მიიღო და რაც მთავარია, გახდე სპეციალისტი, რომელსაც სამშენებლო სფეროს განვითარება შეუძლია, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, საპროექტო ორგანიზაცია „კაპიტელის” კონსტრუქტორმა, ნინო პავლიაშვილმა განაცხადა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნინო პავლიაშვილმა სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობათა მშენებლობის მიმართულებით, ბაკალავრიატი 2018 წელს დაასრულა, მაგისტრატურა - 2020 წელს, ხოლო დოქტორანტურა - 2023 წელს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნამდვილად გამოირჩევა თავისი მყარად ჩამოყალიბებული სტრუქტურით, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებითა და პროფესიონალი ლექტორებით, სამშენებლო ფაკულტეტი კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული ფაკულტეტია. აქ დიდ ყურადღებას უთმობენ როგორც თეორიულ განათლებას, ისე პრაქტიკულ საქმიანობას. ლაბორატორიები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, პროექტებზე მუშაობა კი რეალურ პირობებს ქმნის პროფესიული უნარების განვითარებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი თანამშრომლობს ქართულ და უცხოურ სამშენებლო კომპანიებთან, რაც სტაჟირების საშუალებას გვაძლევს, რათა ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენოთ. ასევე, ხშირად იმართება სემინარები, კონკურსები და ტრენინგები, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს ჩვენს გამოცდილებას. მუდმივი განვითარება და სიახლეების ძიება არის ის, რაც ადამიანს ავითარებს, ამიტომ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ვურჩევ, მაქსიმალურად გამოიყენონ მათთვის ხელმისაწვდომი რესურსები და დრო, რადგან ეს საკუთარი თავის განვითარებისათვის საუკეთესო პერიოდია. ასევე, ვურჩევ აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და მუდმივად იმუშაონ საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე, რადგან არსებული თუნდაც ყველაზე გამოცდილი საინჟინრო სკოლაც კი ვერ მოგვცემს ცოდნას ძალით, თუ ინიციატივასა და პასუხისმგებლობას თავად არ გამოვიჩენთ“, - განაცხადა ნინო პავლიაშვილმა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბოლო სიახლეები