სამშაბათი, მარტი 4, 2025

კახა კალაძე აცხადებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონპროექტი ქვეყნის დასაცავად უმნიშვნელოვანესია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონპროექტები, რომელთა განხილვას საქართველოს პარლამენტი დღეს შესაბამის კომიტეტებში იწყებს, ქვეყნის დასაცავად უმნიშვნელოვანესია.

„დღეს სატელევიზიო მაუწყებლობა გაჯერებულია სიცრუით. ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცრუობენ კონკრეტული ტელევიზიები. მათი დღის წესრიგი მთლიანად აგებულია ტყუილის ტირაჟირებაზე და ამის შემდეგ შენ გიწევს იმის მტკიცება, რომ მართალი ადამიანი ხარ. ყოველგვარი სიახლის მოგონების გარეშე, გადავწყვიტეთ, გადმოვიტანოთ ბრიტანული მოდელი. თუ გვინდა განვითარება და წინსვლა, შესაბამისად,  გვექნება ის დამოკიდებულება, როგორიც არის დიდ ბრიტანეთში. ყველას მოუწევს დაექვემდებაროს იმ ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით,  შეუძლებელია რეაგირების გარეშე დარჩეს სიცრუის ის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება.

„ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოებაში მოხდეს დაპირისპირება, პოლარიზება და ეს უნდა შევაჩეროთ კანონით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ე.წ. ამერიკულ კანონს, თბილისის მერის განცხადებით, ის საჭიროა იმისთვის, რომ უცხოური დაფინანსება იყოს კონტროლირებადი და დანაშაულზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდეს.

„თქვენ ხედავთ, როგორი ძალები ებრძვიან ჩვენს სახელმწიფოს. როდესაც ვსაუბრობდით „დიფ სთეითზე“, „გლობალური ომის პარტიაზე“, არავის სჯეროდა, ხუმრობდნენ და მაქსიმალურად სურდათ, გაენეიტრალებინათ ჩვენი განცხადებები, თუმცა ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს. არსებობს „გლობალური ომის პარტიაც“ და დღეს აშშ-ის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ებრძვის მას. ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებთ მას ამ ბრძოლაში. გვინდა, გვჯეროდეს, რომ ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი და ის გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხება პირდაპირ აისახება საქართველოსთან დამოკიდებულებაზე.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და კარგადაც ჩანს, როგორ აქვს გადგმული ფესვები „გლობალური ომის პარტიას“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მისი მომავალი და საქართველოსადმი დამოკიდებულების შეცვლით ვიგრძნობთ „დიფ სთეითის“ დამარცხებას. შედეგად, ურთიერთობები დალაგდება და აღარ იქნება ის სიცრუის კამპანია, რასაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ვხედავდით. ყველა მათი განცხადება მიმართული იყო მეორე ფრონტის გახსნისკენ. ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა –  რევოლუციების მცდელობები, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებები, პოლარიზაციის გაღვივებისთვის ტელევიზიების გამოყენება – ყველაფერი უცხოური დაფინანსებით ხდებოდა. ამიტომ გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბოროტების მანქანა, რომელიც მოქმედებს წლების განმავლობაში და რაზეც ასეულობით მილიონია დახარჯული, მიზნად ისახავდა უსამშობლო ადამიანების ჩამოყალიბებას აგენტურის სახით, რომლებიც მზად არიან, ყველაფერს მოაწერონ ხელი, რაც ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ამიტომაც ზუსტად FARA-ს ანალოგი კანონი გადმოგვაქვს, რომ ყველაფერი იყოს კონტროლირებადი და დანაშაულზე იყოს სისხლის სამართლის პასუხისგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა, უკრაინელებს ეს ყველაზე მეტად სურთ, რადგან ომი ანგრევს ჩვენს ქალაქებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მშვიდობა რაც შეიძლება მალეა საჭირო.„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობას. ჩვენ უკვე გვქონდა მოლაპარაკებები და სხვა ნაბიჯები მალე იქნება გადადგმული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი დიპლომატია მართლაც არსებითი გავხადოთ, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა და უკრაინელებს ეს ყველაზე მეტად სურთ, რადგან ომი ანგრევს ჩვენს ქალაქებს. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ხალხს. ჩვენ გვჭირდება ომის შეჩერება და უსაფრთხოების გარანტია. ჩვენ ვმუშაობთ ამერიკასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად და ვიმედოვნებთ აშშ-ის მხარდაჭერას მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. მშვიდობა საჭიროა რაც შეიძლება მალე“, – წერს ზელენსკი. 

ილონ მასკი – ზელენსკის სურს სამუდამო ომი, დაუსრულებელი ხორცსაკეპი მანქანა, ეს ბოროტებაა

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ ზელენსკის სამუდამო ომი სურს.ამის შესახებ მასკი „იქსზე“ წერს და დონალდ ტრამპის პოსტს აზიარებს, რომელშიც საუბარია, რომ უკრაინის პრეზიდენტს მშვიდობა არ სურს, ვიდრე მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს.„ზელენსკის სურს სამუდამო ომი, დაუსრულებელი ხორცსაკეპი მანქანა. ეს ბოროტებაა“, – წერს მასკი.  

ლევან დოლიძე – უკრაინას აქვს არგუმენტები, რომ მოითხოვოს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, ამის საჭიროებას კარგად ცხადყოფს რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებით

შეთავაზება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა მინერალებთან დაკავშირებით, ჩემი შეფასებით, ერთმნიშვნელოვნად ნამდვილად არ გულისხმობს უსაფრთხოების გარანტიების შექმნას უკრაინისთვის, თუმცა ეს საკმაოდ საინტერესო წინადადებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„ეს, გარკვეულწილად, ახალი ელემენტის გაჩენაა ზოგადად რეგიონული ინტერესების გამოკვეთის მიმართულებით და ჯერ ნამდვილად რთულია რამე პროგნოზის გაკეთება, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამას ძალიან საინტერესო განვითარება შეიძლება მიეცეს, მათ შორის, შემაკავებელი ფაქტორის პოტენციურად არსებობის კუთხით“, – განაცხადა დოლიძემ.მისი თქმით, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს უკრაინის მიერ მოთხოვნილი უსაფრთხოების მყარი გარანტიების შექმნის საჭიროებას.„ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინას აქვს კონკრეტული საფუძვლები და საკმაოდ მყარი არგუმენტები იმისთვის, რომ მოითხოვოს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, რომელიც გამყარებული იქნება სამხედრო-პოლიტიკური კომპონენტებით. ამის საჭიროებას ძალიან კარგად ცხადყოფს ისტორია; ამას ცხადყოფს რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა დოლიძემ.როგორც დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომელსაც ძალიან საინტერესო ფორმა შეიძლება მიეცეს შემაკავებელი ფაქტორის კუთხითაც სამომავლოდ.„კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ უნდა მოვიაზროთ, როგორც ერთმნიშვნელოვანი ჩანაცვლება უსაფრთხოების იმ გარანტიების, რომლებსაც დღეს პრეზიდენტი ზელენსკი ითხოვს. მეტიც, აქვე მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ ეს არის სწორედ ის ახალი ელემენტი რეგიონული ინტერესების გამოკვეთის კუთხით, რომელზეც ძალიან აქტიურად უნდა დაფიქრდეს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რეგიონის სხვა სახელმწიფოები და, პირველ რიგში, საქართველო, ვინაიდან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ იკვეთება ახალი გლობალური წესრიგი და ძალიან სერიოზული საუბრები მიდის, მაგალითად, ახალ იალტასთან დაკავშირებით, რაც ხშირად ისმის, სხვათა შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდანაც, ასეთი ტიპის შეთავაზებები და განცხადებები ძალიან ყურადსაღებია, ჩემი აზრით. თუმცა, ჩვენ სამწუხაროდ, არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ახლა ძალიან აქტიურად ვიყოთ ამაზე ფოკუსირებული“, – განაცხადა დოლიძემ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ევროპასა და აშშ-ის შორის უთანხმოების გამწვავება, დოლიძემ განაცხადა, რომ უთანხმოება თვალსაჩინოა.„პირველ რიგში, ვგულისხმობ უკრაინასა და აშშ-ს შორის, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ოკეანის ორივე მხარეს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, როგორც ევროპული სახელმწიფოებისთვის, ასე აშშ-ისთვის, ძალიან მკაფიო და თვალსაჩინო იქნება ის საფრთხეები, რაც შეიძლება, ამ სირთულეების გაღრმავების შემთხვევაში ჩვენ მივიღოთ. ჩვენ ამ რეგიონის ნაწილი ვართ, თვალს ვადევნებთ და ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ ის, რაც მოხდა უკრაინაში 2022 წელს, გარკვეულწილად, არის პირდაპირი გამოვლინება იმ სისუსტის, რაც დასავლეთმა გამოავლინა 2014 წელს, როდესაც მოხდა რუსეთის ფედერაციის პირველი შეჭრა უკრაინაში. ის, რაც მოხდა 2014 წელს, გარკვეულწილად, იყო გაგრძელება იმ პრობლემის, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დადგა 2008 წელს. მე ვფიქრობ, ევროპულ სახელმწიფოებს და აშშ-ს ეს რისკი სათანადოდ თავის დროზე უნდა შეეფასებინათ და მიეღოთ სწორი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა დოლიძემ.მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ აისახება უკრაინაში სამშვიდობო პოლიტიკა და მშვიდობა საქართველოზე და რა გავლენას მოახდენს მთელი ეს პროცესი, მათ შორის, გეოპოლიტიკურ ჭრილში, ლევან დოლიძემ განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, ამ ომის დროულად, სწორად, ეფექტიანად დასრულებაზე ძალიან დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს ბედი.„ჩვენთვის უკიდურესად დამაზიანებელი იქნება, ეს ომი რომ დასრულდეს იმ პირობებით, როგორც ამის დასრულება დღეს რუსეთის ფედერაციას სურს“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.

📽️უკეთესი იქნებოდა, რომ ოპოზიცია 60 კაცით პარლამენტში ყოფილიყო, ყველა კანონზე არგუმენტირებულად ეჩხუბა, ეკამათა და ყოველდღიურად აეწია ხალხში მუხტი – იაგო ხვიჩია

უკეთესი იქნებოდა, რომ ოპოზიცია 60 კაცით პარლამენტში ყოფილიყო, ყველა კანონზე არგუმენტირებულად ეჩხუბა, ეკამათა და ყოველდღიურად აეწია ხალხში მუხტი... - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„ყოველდღიურად ხდება ახალ-ახალი კანონების პარლამენტში რეგისტრაცია და ყოველდღიურად მიღება დაჩქარებული წესით, წინააღმდეგობის გამწევი არავინ არ ჰყავს, აი იმ ოპოზიციას და ხალხს, რომელსაც არ უნდოდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შესულიყო, ხომ უკეთესი იქნებოდა, რომ ოპოზიცია 60 კაცით პარლამენტში ყოფილიყო, ყველა კანონზე არგუმენტირებულად ეჩხუბა, ეკამათა და ყოველდღიურად აეწია ხალხში მუხტი...“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტხნიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული

ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტხნიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება. ის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.გერმანიის საგარეო უწყების მიერ „იქსზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანია დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იცავენ თავისუფლებას.„„ქართული ოცნება“ აგრძელებს დაშინების კამპანიას ჟურნალისტების, დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იცავენ თავისუფლებას“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართება.  

ბოლო სიახლეები