ეს იყო მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა. ეს ყველაფერი გარედან იყო თავს მოხვეული, თუნდაც ანტიკორუფციული ბიუროს ვითომ დამოუკიდებელ ორგანოდ გატანა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კალაძეს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება.
კახა კალაძის თქმით, არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც დროებით რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
„სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები, სარჩელიც არის შესული საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს იყო იმ მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა. არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო, ის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი. დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, დროებით ოკუპირებულია რუსების მხრიდან და ეს არის რეალობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებისა და მისი ფუნქციების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემის შესახებ. კალაძის თქმით, რეფორმების განხორციელება აუცილებელია და ამ მიმართულებით სვლა უნდა გაგრძელდეს.
„ეს იყო გარედან თავს მოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო, თუმცა, რეალურად, აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში და გააგრძელებს ამ ფორმით მუშაობას. ზოგადად, რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ამ მხრივ არის მოწინავე, გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და, ყველა შეფასებით, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ყველა საუბრობს, რომ საქართველო დგამს ქმედით ნაბიჯებს, მიიწევს წინ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება. ასევე, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ამასთან, ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ბიზნესომბუდსმენის კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. ცვლილებები შედის „საარჩევნო კოდექსშიც“, რომლის მიხედვითაც, არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.

