ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში, რომ კორპუსი აუცილებლად აშენდება, ეს არის ძალიან დიდი შანსი და გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროგრამის ფარგლებში ახალი კორპუსების მშენებლობა ბოლომდე იქნება მიყვანილი.
„უმეტეს შემთხვევაში ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, სადაც დღეს ცხოვრობენ. ამის საშუალება მუნიციპალიტეტს არ აქვს და არ გვაქვს იმისი უფლებამოსილება, იმაზე მეტი ფართი შევთავაზოთ მოსახლეს, სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა, თუმცა, მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ამის უფლება და შესაძლებლობა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც თავს იკავებენ. რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ამაზე და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა. ბევრს ეშინია, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა მოხდა მოსახლეობის ვერდაკმაყოფილება. სამშენებლო კომპანიებმა, რომლებმაც აიღეს ვალდებულება წლების წინ, ვერ შეასრულეს და დააკმაყოფილეს ის შეთანხმება, რომელიც იყო მიღწეული მოსახლეობასთან. უამრავი ასეთი შენობა-ნაგებობა გვქონდა დედაქალაქში, სადაც იყო დაუმთავრებელი მშენებლობები. ძალიან განერვიულებული, დაჩაგრული, გაუბედურებული იყო მოსახლეობა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ელოდებოდა, როდის მიიღებდა საკუთარ საცხოვრებელ ფართს. აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევებში საუბარია მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე, საუბარია, რომ მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში და გეხმარებათ, რომ საცხოვრებელი კორპუსი აუცილებლად იქნება აშენებული. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობას, რომელიც ასეთ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, არაფერი ექნება გადასახდელი. ქირით უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტი. ვიდრე სამშენებლო სამუშაობი დასრულდება, იქნებით უზრუნველყოფილნი. შემდეგ, დაახლოებით წელიწად-ნახევარი, მაქსიმუმ, ორი წელი სჭირდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებას და გადმოგეცემათ ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმ ფართის ბინები, რომლებშიც ცხოვრობდით. უბრალოდ, იქნება მთლიანად გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი შანსი, შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული მასში. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა ოჯახს, ადამიანს, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს – გამოიყენეთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის მხრიდან. ჩვენ ისტორიული უბნებისთვის ასევე გვაქვს წარმოდგენილი პროგრამა, სადაც, ინვესტორების ჩართულობით, იქ მცხოვრებ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, მოხდეს ავარიული საცხოვრებელი ფართების მოწესრიგება, განახლება-რეაბილიტაცია. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები ჩვენთვის ძვირფასია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების აღდგენა-რეაბილიტაციას „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს, რომელიც უახლოეს მომავალში ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების განახლებას დაიწყებს.
„მოგიწოდებთ, გამოიყენეთ, ისარგებლეთ ჩანაცვლების პროგრამით. ჩვენ ცუდს არაფერს გთავაზობთ, ნუ გეშინიათ, ყველანაირად გვერდით გიდგავართ. მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო სტრუქტურები არიან თქვენ უკან და ყველანაირ პასუხისმგებლობას იღებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იქნება. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, უსაფრთხო პირობებში გააგრძელოთ ცხოვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.