ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

კარლ ნეჰამერი: საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის, პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, უნდა ვმოძრაობდეთ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს

საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის, პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, უნდა ვმოძრაობდეთ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს- ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კარლ ნეჰამერმა აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რუსი სამხედროები დგანან საქართველოს ტერიტორიაზე და ამას ავტომატურად მოაქვს, ის რეალობა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა გარკვეულწილად სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს.

„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ასევე იმ თემაზე, რომელიც თითქმის უკვე ერთი წელია, რაც ჩვენ, ყველას ძალიან გვაფიქრებს და გვაშფოთებს. ლაპარაკია უკრაინის ომზე. ადამიანები უაღრეს გაჭირვებაში იმყოფებიან, ომი სულ უფრო მძიმე ხასიათს იძენს და ამითი იზრდება ადამიანების ტანჯვა. საქართველო მართლაც განსაკუთრებულ სიტუაციაშია, ამაზე ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება. ავსტრიაში საქართველოს ელჩი ყოველთვის მიუთითებს საქართველოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რუსი სამხედროები დგანან თქვენი ქვეყნის ტერიტორიებზე და ამას ავტომატურად მოაქვს, თავისთავად ის რეალობა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა გარკვეულწილად სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს. სწორედ ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას, ეს მართლაც, მარტივი არ არის. რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია. საქართველოს ლტოლვილთა ძალიან დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთის ფედერაციიდან და ყველაფერთან ერთად, ესეც ძალიან დიდი გამოწვევაა, მით უმეტეს ესეთ მძიმე პერიოდში საქართველოს მთავრობისთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა. ამავდროულად, მინდა ჩემი მხრივ გარანტია მოგცეთ და ვთქვა, რომ საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის და ჩემი მხრიდან აღიქვათ დახმარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ავსტრია მათ შორის მხარს უჭერს ევროკავშირის მისიას საქართველოში. 7 დამკვირვებელია წარმოდგენილი. ჩვენ ვეწვევით ამ მისიას და მართლაც, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ამ მისიას საქართველოს სტაბილურობაში. ბუნებრივია, ძნელია ამ მიმართულებით საჭიროზე მეტის გაკეთება, თუმცაღა, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ავსტრია თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი და იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ავსტრია, ისევე როგორც მთლიანად ევროკავშირი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აბსოლუტურად მხარს უჭერს და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში ვმოქმედებთ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ის, რომ რაციონალური შეფასებები გვქონდეს, პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა. უნდა ვმოძრაობდეთ ამ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, უფრო მეტიც არის, ვიდრე რთული და ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, ძალიან მიხარია აქ რომ ვიმყოფები, ძალიან მიხარია ამ მხარდაჭერას შეუძლია გარკვული წვლილის შეტანა და ასევე, ჩემი მხარდაჭერა, თქვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერა აღიქვათ იმ რთულ გზაზე, რომელზეც საქართველო იმყოფება“,- განაცხადა ნეჰამერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს

სომხეთის რესპუბლიკის მიერ გატარებული დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა თავის მთავარ ეტაპს აღწევს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი საუბრობს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რეგიონის მსოფლიოს დიდ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებაზე. „ჩვენი ურთიერთობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან უფრო არსებითია, ვიდრე ოდესმე. ეს ურთიერთობები ეფუძნება ბუნებრივ ინტერესებს, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველი და სტაბილურობის გარანტია. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს. თურქეთთან ურთიერთგაგების თვალსაჩინო საფუძველი ჩამოყალიბდა. სომხეთის რესპუბლიკამ წარადგინა კონსტრუქციული გადაწყვეტილებები აზერბაიჯანთან ურთიერთობების ყველა არსებულ საკითხზე. სომხეთმა შემოიტანა არა მხოლოდ წინადადებები, არამედ გადაწყვეტილებები. ამ კონტექსტში, რეგიონში ესკალაციების პროვოცირების ყველა მცდელობა მოკლებულია ლეგიტიმაციას და საფუძველს, რაც ნიშნავს, რომ რეგიონის ესკალაციის მცდელობები წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან უფრო პრაგმატულია, ვიდრე ოდესმე, აქცენტი კონკრეტულ საკითხებზე ემოციური შეფუთვის გარეშე. ჩვენ მოწოდებული ვართ, განვავითაროთ ეს ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. ჩვენი მეგობრობა საფრანგეთთან გამყარდა და განვითარდა. ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე, რაც დაფიქსირდა ასევე ბრიუსელში. სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენმა ურთიერთობამ ინდოეთთან ახალი წონა და მნიშვნელობა შეიძინა. ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან ვითარდება და ღრმავდება. ახლო აღმოსავლეთში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნა. ეს პოზიციონირება ქმნის მყარ საფუძველს სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის მარადიულობის დღის წესრიგის წარმატებით შესრულებისთვის, რომელიც განხორციელდება დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომავალ ეტაპებზე“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ვლადიმერ ბოჟაძე – ბათუმში რაც მოხდა, პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, ეს არის დაპირისპირება, კონფლიქტი, ძალადობა, რომელიც მიუღებელია

პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, ეს არის კონფლიქტი, რომელიც კონკრეტულად სასტუმროში მიხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ბათუმში გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რაც ბათუმში მოხდა, დაპირისპირება იყო. „ის ინფორმაცია მაქვს, რაც მედიაში გავრცელდა. ზვიად ქორიძის და გიორგი გახარიასთან მიმართებაშიც დაველოდოთ გამოძიებას. ძალადობა არის მიუღებელი, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი დასაგმობია, დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება ორივე საქმეზე დაწყებულია. პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ეს არის კონფლიქტი, რომელიც კონკრეტულად სასტუმროში მიხდა. გუშინ რაც „შერატონში“ მოხდა, დაპირისპირება იყო. ეს იყო ძალადობა, რომელიც არის მიუღებელი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს. „მოვისმინე ზვიად ქორიძის განცხადება, გახარიას პოსტი გავრცელდა, რამდენიმე წუთის წინ და ვიცი მთავარი, რომ დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ძალადობა მიუღებელია, ძალადობა შობს ძალადობას, ამიტომ ძალადობა აუცილებლად უნდა დასრულდეს და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც არ უნდა ვიყოთ. მედიის წარმომადგენელი ვიქნებით, მოქალაქე ვიქნებით, პოლიციელი, პოლიტიკოსი თუ სხვა. ჩემს თანაგუნდელებთან არ მისაუბრია. მეც გამოძიების შედეგებს ველოდები. მოვისმინე ზვიად ქორიძის პოზიცია და დამოკიდებულება, ზვიად ქორიძემ თავად მოჰყვა და თქვა, რომ ფეხებს ურტყამდა მაგიდასო. უფლება არ მაქვს ზვიად ქორიძის სიტყვებში ეჭვი შევიტანო, მაგრამ კეთილი ვინებოთ და ყველა ერთად გამოძიებას დაველოდოთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ალეკო ელისაშვილი: გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ე. ი. ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი...

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი გიორგი გახარია და და ზვიად ქორიძეზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და სოლიდარობას უცხადებს მათ: "მე რომ ქუჩაში შემაგინა ტიპმა და პასუხად შემოვცხე საქმე აღმიძრეს პოლიტიკური დევნის მუხლით. ანუ ვითომ იმ ტიპს ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით ვეძგერე. გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ესე იგი ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა ხო? )))) მხნეობა და სოლიდარობა გახარიას და მხნეობა და სოლიდარობა ზვიად ქორიძეს!"- წერს ალეკო ელისაშვილი  სოციალურ ქსელში.

სახალხო დამცველი თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე  და ჟურნალისტ  ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს  და  მოუწოდებს  საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ  პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ  ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე  თავდასხმა  არ გახდეს წახალისებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე – დაღუპულია 4 ადამიანი

თბილისი - ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ტრაილერი გადაბრუნდა ავტომობილებს დაეცა. ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავდა.შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, ხოლო თბილისი- ბაკურციხის მაგისტრალი დროებით გადაკეტილია.

ბოლო სიახლეები