ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს, ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს“, – განაცხადა კალასმა.
კითხვაზე, თუ დაადასტურებს ინფორმაციას მიზნობრივი სანქციების შესახებ და ასევე იმას, რომ სასანქციო სიაში ორი მოსამართლეა, კალასი პასუხობს:
„ჩვენ შევთავაზეთ სია, რადგან ვხედავთ, რომ სასჯელები, მათ შორის ახალგაზრდა მომიტინგეებისთვის, ნამდვილად არაპროპორციულია, ამიტომ ცხადია, რომ სასამართლო სისტემაც ოპერაციის ნაწილია. ასე რომ, დიახ, სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა, ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც იცით. ადრეც გვქონდა ბლოკირება, მაგრამ ასევე განვიხილავთ სამუშაო მეთოდებს. დღეს ჩვენ საქართველოს წერილს გავუგზავნით უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, მათ გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ და თუ ეს პირობები კონკრეტულ ვადაში არ დაკმაყოფილდება, მაშინ უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს“,- განაცხადა კალასმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად რა ვადაზეა საუბარი, კალასმა განაცხადა, რომ არ ახსოვს, თუმცა ყველაფერი წერილშია მითითებული.
მედიის წარმომადგენელმა კალასს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, „შეგვიძლია თუ არა, ველოდოთ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს“, რაზეც კალასმა უპასუხა:
„როგორც ვთქვი, ამაზე ვმუშაობთ, წინადადებები წარვადგინეთ, მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, შეგვიძლია თუ არა ერთი წევრი სახელმწიფოს ვეტოს დაძლევა. ვცდილობთ, ამაზე ვიმუშაოთ. ვარიანტებია სანქციები, როგორც მანამდე ვთქვი, უვიზო რეჟიმის შეჩერება და ყველა ის ელემენტი, რაც გვაქვს ამასთან დაკავშირებით“.