პარასკევი, სექტემბერი 19, 2025

იუსტიციის მინისტრმა ირლანდიელ კოლეგას იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო

რატი ბრეგაძისა და ჰელენ მაკენტის შეხვედრა დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდნენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ ირლანდიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე კონფერენციის ორგანიზებისათვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ირლანდიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ირლანდიისა და ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობა ბოლო წლებში საგრძნობლად გააქტიურდა.

რატი ბრეგაძემ ჰელენ მაკენტის ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკუთარი ხედვა წარუდგინა და ორ უწყებას შორის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა, რომელიც გაითვალისწინებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მართლმსაჯულებისა და სამართლის უზენაესობის სფეროში ადამიანის უფლებების, ელექტრონული მმართველობის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების მიმართულებით.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სერვისების დიგიტალიზაცია წარმოადგენს როგორც საქართველოს, ისე ირლანდიის იუსტიციის სამინისტროების პრიორიტეტს, რაც კარგი საფუძველია ამ სფეროში თანამშრომლობისათვის.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ირლანდიელ კოლეგას იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო ქართული კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოების პროცესს, იუსტიციის სამინისტროს სერვისების დიგიტალიზაციასპენიტენციურ და პრობაციის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის, ციფრულ უნივერსიტეტს.

რატი ბრეგაძემ ჰელენ მაკენტი საქართველოში მოიწვია და იმედი გამოთქვა, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელი გახდება ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა საერთაშორისო კონფერენციაში – „მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები – 2025“ მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერებმა საერთაშორისო კონფერენციაში - „მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები - 2025“ (New Trends in High-Energy Physics – 2025) - მიიღეს მონაწილეობა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თანამედროვე მაღალი ენერგიების ფიზიკაში წამყვანი თემების განხილვას მიეძღვნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერები ორი პლენარული მოხსენებით წარდგნენ - პროფესორი პაატა კერვალიშვილი თემით: „ლეპტონები, როგორც შესაძლო ქუბითები კვანტური კომპიუტერებისთვის“ (Leptons as Possible Qubits for Quantum Computing) და პროფესორები თამარ ბერბერაშვილი, ვახტანგ გოგიჩაიშვილი და პაატა კერვალიშვილი ჯგუფური თემით: „სპინ-პოლარიზებული ნაკადის სასაზღვრო მნიშვნელობის ამონახსნი“ (Boundary Value Solution for Spin-Polarized Flow).სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერის - პაატა კერვალიშვილის განცხადებით, აღნიშნული სამეცნიერო ფორუმი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკურ და ბირთვულ ფიზიკაში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე, მიეძღვნა მაღალი ენერგიების ფიზიკაში კონფერენციების სერიის ორგანიზატორის, ცნობილი უნგრელი მეცნიერის, პროფესორ ლასლო იენკოვსკის ხსოვნას, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გარდაიცვალა.როგორც პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებს მსგავსი ფორმატის სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით შესაძლებლობა აქვთ საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში მიმდინარე უახლესი კვლევები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს გააცნონ, მათთან სამომავლო კოლაბორაცია გააღრმაონ და ამავდროულად, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მკვლევრები დააინტერესონ. მისი თქმით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მსოფლიოს 20 ქვეყნის 90-მდე მეცნიერმა მიიღო.ცნობისათვის, საერთაშორისო კონფერენციამ - „მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები – 2025“ - მუშაობა დღეს დაასრულა. სამეცნიერო ფორუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში უმასპინძლა. კონფერენციის ვებგვერდი განთავსებულია ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) სერვერზე: https://indico.cern.ch/event/1501140/overview

ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს.უწყების ცნობით, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, ქვეყნის დეოკუპაციის, ხოლო მეორე მხრივ, ომის შედეგად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ.ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, მუდმივი საბჭოს სხდომაზე ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფის (აშშ, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა) მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადება კვლავ ადასტურებს ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.„განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომიდან 17 წლისთავზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაშინ როცა გაერო-ს წესდება და ეუთო-ს ჰელსინკის დასკვნითი აქტი ნათლად ადასტურებს სუვერენული უფლებების, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის დაუშვებლობას.ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება.ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი გმობს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის განგრძობითი სამხედრო ყოფნის, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების და ადგილზე არსებული რთული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო.ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი გამოხატავს მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველყოფისათვის, ერთადერთი ფორმატის მიმართ. ხაზგასმით არის აღნიშნული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ადგილზე სტაბილურობას უწყობს ხელს.ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს ეუთო-სა და საერთაშორისო საზოგადოებას აქტიური ჩართულობისკენ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად.განცხადების დასასრულს ხაზგასმულია ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობა, რომელთა დადგენილი წესების მიხედვით ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ესკალაციის პრევენციისთვის. ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი აუცილებლად მიიჩნევს გალში აღნიშნული მექანიზმის მუშაობის უპირობოდ განახლებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველად საქართველოში, ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების ორგანიზაციის 55-ე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველად საქართველოში, პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის - „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ (EYE) - რიგით 55-ე საერთაშორისო კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“ (The 55th Edition of EYE Conferences – ARTIFICIAL INTELIGENCE AND SUSTAINABILITY) გაიხსნა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, EYE კონფერენციას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით და „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) ინიციატივით ტარდება, ესწრებოდნენ: ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ივან დლიუგოსის უნივერსიტეტის (Jan Długosz University in Czestochowa, პოლონეთი) ვიცე-რექტორი მარცინ სოსნოვსკი, „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პრეზიდენტი სელია პედრო, „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) პრეზიდენტი იური სვანიძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ბააკაშვილი, EYE-ის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი და „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ პრეზიდენტი გიორგი მოლოდინი, ამავე კომიტეტის გენერალური მდივანი, სტუ-ის სტუდენტი ანნა გოგალაძე და სხვები.55-ე საერთაშორისო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, თბილისში, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება EYE-ის აღმასრულებელმა კომისიამ მალტაში გამართულ 54-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.„დღეს ჩვენი უნივერსიტეტი ისტორიას ქმნის. საქართველოში პირველად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ 55-ე საერთაშორისო კონფერენციას - „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“. ის რომ ჩვენი უნივერსიტეტი შეირჩა EYE-ის აღმასრულებელი კომისიის მიერ, კენჭისყრის საფუძველზე, მალტაში გამართულ 54-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის დასტურია. ეს არჩევანი ადასტურებს, რომ თანამედროვე ინჟინერია და ტექნოლოგიური ინოვაციები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაღალი სტანდარტით ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებისა და ახალგაზრდა ინჟინრების ინოვაციური ენერგია უზრუნველყოფს ახალი იდეების და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ ახალგაზრდული ხედვა და კრეატიული ნამუშევრები ქმნის გარემოს, სადაც ცოდნა რეალურად გარდაიქმნება ინოვაციად.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც კონფერენციის მასპინძელი, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინოვაციური პროექტების წარსადგენად იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას. ეს პლატფორმა არა მხოლოდ ხელს უწყობს უნივერსიტეტის და სტუდენტების განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აფართოვებს საქართველოს როლს გლობალურ საინჟინრო და სამეცნიერო სივრცეში. წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა.სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პრეზიდენტმა სელია პედრომ და „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) პრეზიდენტმა იური სვანიძემ.EYE კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს 100-ამდე დელეგატი - ინჟინერიის სხვადასხვა სფეროში მოქმედი ქართველი და უცხოელი (გერმანია, იტალია, პოეტუგალია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, შვეიცარია, ბელგია, ნიდერლანდები, პოლონეთი) ახალგაზრდა მკვლევრები, ახალგაზრდა ექსპერტები და პროფესიონალები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები: ილონა შეყილაშვილი - სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრი - თემით: „ხელოვნური ინტელექტი და განვითარება; ადეტუნჯი აიოადე - თემებით: „ხელოვნური ინტელექტი და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები მასშტაბირებადი, რეალური ცხოვრების გადაწყვეტილებებისთვის” და „ჭკვიანი მშენებლობის სისტემები; მარიამ კენჭაძე - „გონების თამაშები: ნეიროჩარტი კრიმინალი ციფრულ ეპოქაში“; ალექსანდერ ჩიშევიჩი - „ხელოვნური ინტელექტით მართვადი ელექტროკარდიოგრამის დიაგნოსტიკა: ღრმა სწავლება და დიდი ენობრივი მოდელები ჭკვიან ჯანდაცვაში”; გოგი გორგილაძე და ნია ფოფხაძე – სტუ-ის არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ბაკალავრები – „მინიმალიზმი: შეზღუდვა თუ თავისუფლების გზა“; გიორგი ფაცაცია - სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი - „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში: შესაძლებლობები, გამოწვევები და მომავალი მიმართულებები“; პოლ ჯენკინსონი - „მდგრადობა - ჩვენი თაობის გამოწვევა“; გიორგი მუშკუდიანი - სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი - „დიდი ენობრივი მოდელების გამოყენება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის და საოპერაციო ხარჯების შემცირება განახლებადი ენერგიის, ჰიდროენერგიისა და თხევადი გაგრილების დახმარებით; დარენ მაკდონალდი - თემებით: „ხელოვნური ინტელექტი ვეტერინარულ დიაგნოსტიკაში: პარაზიტული ინფექციების აღმოფხვრა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში“ და „ხელოვნური ინტელექტი პარაზიტოლოგიაში“; ავთანდილ ბიჩნიგაური - სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ინდიკატორების აღმოჩენა და მართვა აკადემიურ ნაშრომებში“; გიორგი ოტიაშვილი - არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ბაკალავრი - „ორი უბნის შედარებითი ანალიზი ვილნიუსსა და თბილისში“; ამირან ლაზარიშვილი - სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტი - „მაცივარ-კონტეინერი ხილისა და კენკრის ტრანსპორტირებისთვის“; ა. კვინიკაძე - „ინტელექტის განვითარების ალტერნატიული გზები“; თინათინ იორდანიშვილი - სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტი - „მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის სტრატეგიები სამრეწველო სექტორში: გამოწვევები და შესაძლებლობები“;სტუ-ს ინფორმაციითვე, ორგანიზაციაში - „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ - საქართველოს 2024 წლიდან წარმოადგენს „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტი“ (GYEC), რომელიც „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) მიერ დაფუძნებული ახალგაზრდა სპეციალისტთა ორგანიზაციაა. „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ მუშაობა ფართოდ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ პრეზიდენტია, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს (SDSU-G) და ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი მოლოდინი, რომელიც „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია; „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ გენერალური მდივანი კი ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ანნა გოგალაძეა.„ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ (EYE) 55-ე საერთაშორისო კონფერენცია 20 სექტემბრის ჩათვლით იმუშავებს. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სემინარები, პანელური დისკუსიები და პრაქტიკული სამუშაოები, რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების გამოყენებას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ – 19 სექტემბერს, მთავარანგელოზი მიქაელის ხსენების დღეა

19 სექტემბერს აღინიშნება ხსენება საკვირველებისა, რომელიც მთავარანგელოზი მიქაელის მიერ აღსრულდა ხონაში.მიქაელ მთავარანგელოზი უფლის მხედრობის წინამძღოლი და ბოროტ ძალებთან მთავარი მებრძოლია. ეკლესია მას უფლის მხედართმთავარს უწოდებს. უფალმა იგი აკურთხა მთავარსარდლად უხორცო ძალთა, ანგელოზთა და უწოდა მიქაელი, რაც ებრაულად ნიშნავს: "ვინ არის, ვითარცა ღმერთი"როცა სატანა უფალს აუმხედრდა, მიქაელი შეეწინააღმდეგა. ბრძანა: - "ვინ არის მსგავსი ღვთისა? არავინ, ღვთის გარდა!" გაიყო ანგელოზთა სამყარო და ერთმანეთს შეება. გაიმარჯვეს უფლის ერთგულებმა, წმინდა მთავარანგელოზის მეთაურობით. უფალმა იგი აკურთხა მთავარსარდლად უხორცო ძალთა, ანგელოზთა და უწოდა მიქაელი, რაც ებრაულად ნიშნავს: "ვინ არის, ვითარცა ღმერთი".ლოცვაჰოი, დიდო მთავარო ზეცისა მხედრობათაო მიქაელ! მთავართა ბნელისაითა წარმწყმედელო და ბოროტთა მძლეველო, აწ ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა იღუწიან სავნებელად ჩუენდა, და შეუხებელად დაგვიცევ მტერთა წყობათა და ზედა მოსლვისაგან, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან; ევედრე ქრისტესა მეუფესა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა, მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყვისგებაი წინაშე მისსა, და ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გვიხსნნეს და დაგვიფარნეს ჩუენ ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათაგან, ვნებათა წყლულებისაგან და ამაოისაგან სიკუდილისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მიხეილ სააკაშვილი – მე, როგორც ნეპალელი შვილის მამა, ვაგრძელებ ამ ქვეყნის მოვლენებისთვის თვალყურის დევნებას და საქართველოში არანაირ პოსტრევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება

ნეპალში მთავრობის დამხობას არეულობა იმიტომ მოჰყვა, რომ იქ ყველა, მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკოსი დისკრედიტირებული იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, საქართველოში არანაირ პოსტრევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება.„მე, როგორც ნეპალელი შვილის მამა (ჩემი ნიკუშა დროებით ნეპალში ცხოვრობს), ვაგრძელებ ამ ქვეყნის მოვლენებისთვის თვალყურის დევნებას. ნეპალში მთავრობის დამხობას არეულობა სწორედ იმიტომ მოჰყვა, რომ იქ ყველა, მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკოსი დისკრედიტირებული იყო. იგივე მიზეზს ისახავს აქ რუსული ბანდიტური სინდიკატი, რომელმაც ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს. საბედნიეროდ, მათ ეს არ გამოუვიდათ. თვითონ კი არიან ბოლომდე დისკრედიტებული, მაგრამ ის პოლიტიკოსები, რომლებიც არ აჰყვნენ მათ თამაშს უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობენ, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ დაიჭირეს ხაბე და სხვებიც.ამიტომ აქ, არანაირ პოსტრევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება. ჩვენ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ სწრაფად დემოკრატიის აღსადგენად და ყველანაირი პროვოკაციის გამოსარიცხად, მას შემდეგ რაც ქოცები მოშორდებიან“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები