თუ მონობას თავისუფლებით არ ებრძვი, ხვალ უფრო დიდი მონა გახდები – არ მეშინია, ვიბრძვი! არავის მონა არ ვარ, თავისუფლებას ვირჩევ! – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იუმორისტი ონისე ცხადაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ონისე ცხადაძე წერს, შიში არის ყველაზე დამთრგუნველი გრძნობა, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გმართოს.
„სამი საშინელი და ყოვლად მიუღებელი გრძნობა არსებობს ჩემთვის: შიში, გაქცევა და მონობა. მიუხედავად იმისა, რომ მონობა არასდროს გამომიცდია, სხვა ადამიანებზე დაკვირვებით მივხვდი, რომ თუ მონობას თავისუფლებით არ ებრძვი, ხვალ უფრო დიდი მონა გახდები. ხვალ უფრო დიდ დავალებას მოგცემენ, რომელიც ყველანაირი ადამიანური მორალისგან არის დაცლილი.
ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნიდან პრობლემებს გაურბიან, ცდებიან. არსად დაგხვდებათ უპრობლემო გზები. ეს ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი. მინდა გითხრათ, რომ როდესაც აქ დავბრუნდი, საყვარელი ადამიანების დანახვისას, ნაცნობ მიწაზე ფეხის დადგმის შემდეგ სუნთქვა შემეკრა, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. ამიტომ პრობლემებს არ უნდა გაექცე. ისინი უნდა მოაგვარო. წინააღმდეგ შემთხვევაში სადღაც დაიღლები და გაქცევასაც ვეღარ შეძლებ.
შიში არის ყველაზე დამთრგუნველი გრძნობა, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გმართოს. ეს ყველაზე მანიპულაციური გრძნობაა.
არ მეშინია, ვიბრძვი! არავის მონა არ ვარ, თავისუფლებას ვირჩევ! პრობლემებს არ გავურბივარ, ვცდილობ მათ მოგვარებას! თუ გინდა კმაყოფილი იყო, შენც ასე მოიქეცი. სხვა შემთხვევაში შენი ცხოვრება იქნება სტაბილური, როგორც ყველას. შესაბამისად უინტერესოც. ისწავლი, გაერთობი, ოჯახს შექმნი, ბავშვებს გაზრდი… მერე რა?! როცა განვლილ ცხოვრებას გადახედავ, გექნება ისეთი რამ გაკეთებული, რაც ძალიან ცოტას, ან საერთოდაც არავის გაუკეთებია? დაუსვი შენს თავს კითხვები და პასუხები ქმედებებში ეძებე.
P.S. ფონდების დაყადაღებას რაც შეეხება, როგორ უნდა იყო ამდენად ბოროტი ადამიანი, რომ ეგ გააკეთო?! პირადად მე არ მაქვს პრობლემა, თუ ვეღარ დამეხმარებიან, მაგრამ იმ ბავშვებს რას ერჩოდით?! ამხელა უსამართლობას თუ ვუძლებ, თქვენ როგორ უძლებთ, ახლა ვიღაცას რომ მკურნალობა სჭირდება და ყველაზე დიდი იმედი გამქრალი აქვს?! დიდი მადლობა ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდს. ადრე თუ გვიან, ყველა თეთრს უკან დავუბრუნებ და უფრო მეტსაც“, – წერს ონისე ცხადაძე.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
ონისე ცხადაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.