თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ერთ-ერთი დამკავებელი პოლიციელი, ნიკა კიზირია იკითხება. სწორედ კიზირია იყო ერთ-ერთი, ვინც ხელბორკილები დაადო პროევროპული აქციის მონაწილეს.
მოწმე სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ხომერიკს დაკავების მომენტში ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, შემდეგ კი მანქანაში ჩასვეს, გაესაუბრნენ და შსს-ში გადაიყვანეს, რაც უარყო თავად სინდისის პატიმარმა.
ხომერიკმა პოლიციელს პირდაპირ უთხრა, რომ “იტყუება” და თქვა, რომ პოლიციელები მანქანაში ურტყამდნენ:
მოწმე ნიკა კიზირია: [მანქანაში] კომუნიკაცია რაც გვქონდა, იყო გასაუბრების ხასიათის. მას ასდიოდა საწვავის სუნი, რაზეც დავუსვით შეკითხვა, თუ საიდან იყო ეს სუნი.
ხომერიკი: სიცრუეა, არანაირი გასაუბრება არ მომხდარა, მირტყამდნენ მანქანაში;
ხომერიკი: ჩემი დაკავება მოხდა მშვიდ სიტუაციაში?
მოწმე: კი, ბატონო
ხომერიკი: თუ მშვიდ სიტუაციაში მოხდა ჩემი დაკავება, რაც სრული სიცრუეა, მე სხვანაირად მახსოვს, ალბათ, რადგან ბრალდებული ვარ, ჩემი სიმართლე მაქვს და ეს სიმართლე ჭეშმარიტია, წესით, ჩემთვის არ უნდა გერტყათ, ხო?
მოწმე: არანაირ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. (პუბლიკა)
ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი. დავით ხომერიკი დუმილის უფლებას იყენებს.
ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.