იტალიამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდოს მოქალაქეობის მიღების უფლება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიური წარმოშობის არიან, მაგრამ საზღვარგარეთ დაიბადნენ. CNN-ის ინფორმაციით, იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს მთავრობის პოზიციას 2025 წლის სადავო კანონთან დაკავშირებით, რომელიც საგრძნობლად ამცირებს წარმოშობით მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას.
ახალი კანონი 2025 წლის მარტში საგანგებო სამთავრობო დეკრეტით მიიღეს. იგი გაასაჩივრეს ტურინის მოსამართლეებმა, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს დოკუმენტის შესაბამისობა კონსტიტუციასთან.
დეტალური გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი, თუმცა უკვე ეს განცხადებაც მიუთითებს მთავრობის ცვლილებების მხარდაჭერაზე.
მოქალაქეობის ტრადიციული პრინციპის დასასრული – მას შემდეგ, რაც იტალიური სახელმწიფო ჩამოყალიბდა ქვეყნის მოქალაქეობა ეფუძნებოდა პრინციპს Jus sanguinis – „სისხლის უფლებას“. ეს ნიშნავს, რომ იტალიის მოქალაქის შვილი ავტომატურად ითვლებოდა იტალიის მოქალაქედ, მიუხედავად იმისა, სად დაიბადა.
ეს პრინციპი დაფიქსირებული იყო 1865 წლის სამოქალაქო კოდექსში და მოგვიანებით დადასტურდა 1912 და 1992 წლების კანონებით. სწორედ ამან მისცა მილიონობით ემიგრანტის შთამომავალს შესაძლებლობა მოეთხოვა იტალიური პასპორტი.
რას ცვლის ახალი კანონი – ახალი წესების მიხედვით, მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომელთა მშობლები ან ბებია-ბაბუა იტალიაში არიან დაბადებული. გარდა ამისა, ამ ნათესავებს შვილის დაბადების ან საკუთარი გარდაცვალების მომენტში უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იტალიური მოქალაქეობა.
ფაქტობრივად, ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას იტალიური დიასპორის წარმომადგენლებისთვის.
რატომ გადაწყვიტეს წესების შეცვლა – იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეების რაოდენობა 2014 წლის 4,6 მილიონიდან 2024 წელს 6,4 მილიონამდე გაიზარდა.
ქვეყნის საკონსულოები გადატვირთულია განაცხადებით. მაგალითად, არგენტინაში იტალიის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა მხოლოდ 2024 წელს დაახლოებით 30 ათასი მოქალაქეობის განაცხადი განიხილეს.
კანონის მოწინააღმდეგე იურისტები ამტკიცებენ, რომ ახალი წესები შესაძლოა მოქალაქეობის უფლებას მილიონობით ადამიანს ჩამოართვას, რომლებიც თავს იტალიელთა შთამომავლებად მიიჩნევენ.
ადვოკატებმა უკვე განაცხადეს, რომ ბრძოლას გააგრძელებენ. საქმეები შეიძლება გადაიგზავნოს ევროპულ სასამართლოებში.

