შესაძლოა, მომავალში კბილები ლაბორატორიულ პირობებში გავზარდოთ. ეს ყველაფერი კი ჩვენივე უჯრედების გამოყენებით.
ლონდონის კინგს კოლეჯის მეცნიერებმა ლაბორატორიაში კბილების გაზრდის გზას მიაგნეს, რაც სტომატოლოგიაში გარღვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
მკვლევრებმა წარმოადგინეს სპეციალიზებული მასალა, რომელიც უჯრედებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. ამით ერთი უჯრედი მეორეს კბილის უჯრედად გარდაქმნის სიგნალს უგზავნის.
კბილების ადრეული განვითარების ბუნებრივი პირობების იმიტაციით, ეს ინოვაცია მეცნიერებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს. სწორედ ასე, მომავალში, შესაძლოა, კბილები ლაბორატორიაში გავზარდოთ.
ბიოინჟინერიით შექმნილმა კბილებმა შეიძლება ჩაანაცვლოს ბჟენები და იმპლანტები, რაც დღევანდელი სტომატოლოგიური პროცედურის უფრო ბუნებრივი და გამძლე ალტერნატივა იქნება.
ბჟენი კბილების აღსადგენად იდეალური გადაწყვეტა არ არის, რადგან ის დროთა განმავლობაში ასუსტებს კბილის სტრუქტურას, აქვს შეზღუდული ეფექტი და შეიძლება გამოიწვიოს კარიესის განვითარება.
რაც შეეხება იმპლანტებს, ისინი ინვაზიურ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს და ალვეოლურ ძვალთან სწორ დაკავშირებას.
როგორც ბჟენები, ასევე იმპლანტები ხელოვნურია და სრულად არ აღადგენს კბილების ბუნებრივ ფუნქციას. ამან, შესაძლოა, გრძელვადიანი გართულებები გამოიწვიოს.
“ეს ალტერნატივა ბუნებრივი კბილის ლაბორატორიულ პირობებში გაზრდის საშუალებას იძლევა. ჩვენ ვაიძულეთ უჯრედები გაეგზავნათ ისეთი სიგნალები, რომლებიც კბილის გაზრდისთვისაა საჭირო”, — განაცხადა ლონდონის კინგს კოლეჯის სტომატოლოგიის, პირის ღრუსა და კრანიოფაციალური მეცნიერებების ფაკულტეტის წარმომადგენელმა, სიუეჩენ ჟანგმა.
მკვლევრების თქმით, აქამდე ეს ვერავინ შეძლო და ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც კბილი ლაბორატორიულ პირობებში გაზარდეს.
სირთულეების დაძლევა
ლაბორატორიაში კბილების გაზრდის შემდეგ, მეცნიერები ახლა მათი პაციენტების პირის ღრუში გადატანის გამოწვევის წინაშე დგანან. სიუეჩენის თქმით, გუნდი ამ გამოწვევის დასაძლევად სხვადასხვა მიდგომას იკვლევს.
“ჩვენ რამდენიმე ვერსიას განვიხილავთ. შეგვიძლია ‘ახალგაზრდა’ კბილის უჯრედები გადავიტანოთ დაკარგული კბილის ადგილას და მივცეთ მათ პირის ღრუში ზრდის საშუალება. მეორე მხრივ, შეგვიძლია მთელი კბილი ლაბორატორიაში შევქმნათ, სანამ პაციენტის პირის ღრუში მოვათავსებთ. ორივე ვარიანტის შემთხვევაში, კბილის ადრეული განვითარების პროცესი ლაბორატორიაში უნდა დავიწყოთ”, — ამბობენ მკვლევრები.
ეს კვლევა რეგენერაციული მედიცინის ნაწილია, რომელიც დაზიანებული ქსოვილების აღსადგენად და ჩასანაცვლებლად ორგანიზმის ბიოლოგიის გამოყენებას ცდილობს.
“დარგის განვითარებასთან ერთად, ასეთ ინოვაციას აქვს პოტენციალი რევოლუცია მოახდინოს სტომატოლოგიაში”, — აღნიშნულია კვლევაში.