ორშაბათი, თებერვალი 23, 2026

ისრაელის იუსტიციის სამინისტროსთან სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა

ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს რატი ბრეგაძემ და ისრაელის ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა გიდეონ საარმა.

დეკლარაცია წარმოადგენს მხარეებს შორის 2021 წლის ოქტომბერში გაფორმებული მემორანდუმის გაგრძელებას და ითვალისწინებს ისეთ საკითხებში თანამშრომლობას, როგორიცაა: საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა, ბიზნესისა და მიწის რეგისტრაცია, სანოტარო სერვისები, ელექტრონული აპოსტილი და სხვა.

დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, საჯარო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა, დაგეგმილი სემინარები და ერთობლივი ღონისძიებები გასული წლის ოქტომბერში ხელმოწერილი მემორანდუმის სწრაფი და ეფექტიანი შესრულების ნათელი მაგალითია.

რატი ბრეგაძემ კოლეგას სერვისების მიწოდების სფეროში ბოლო დროს განხორციელებული სიახლეების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკვე ფუნქციონირებს 8 მობილური იუსტიციის სახლი და წლის ბოლომდე მისი რიცხვი ოცამდე გაიზრდება.  მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მობილურ აპლიკაცია „JustApp“-ზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ყველა სერვისი ონლაინ მიიღოს.  შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისრაელელ მეცნიერებს ჟურნალ „იუსტიციაში“ სტატიების გამოქვეყნებაც შესთავაზა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი და ერეკლე ღვინიანიძე, ასევე, საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი ესწრებოდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი: ნუ იფიქრებთ, რომ ბრიუსელი ჩვენი ინტერესით იღვიძებს და იძინებს, ან ქალბატონ კალასს რაიმე აქვს შეცვლილი თავის წარმოდგენებში, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი ქვეყნის...

უცხოური ჩარევა გამოწვევაა და დღევანდელ სამყაროში სწორედ ჩარევა, მეხუთე კოლონების შექმნა სხვა ქვეყნებში არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელსაც იყენებენ გავლენების გასატარებლად. ამას აღიარებს ყველა. ერთადერთი, ვინც ამას არ აღიარებს, არიან ისინი, ვინც საქართველოში თავად არიან მეხუთე კოლონა და თავად არიან შექმნილი და დაფინანსებული, რათა საკუთარ ქვეყანას უმტრონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ყველა ქვეყანა თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და საქართველოს ხელისუფლებაც საქართველოს ინტერესზე ზრუნავს.„ოთხი წელი გადის უკრაინაში ომის დაწყებიდან და ოთხი წლის წინ, აქედან რამდენიმე მეტრში, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და პარტიები – მეხუთე კოლონა, ზუსტად ამ სქემით იდგა პარლამენტის წინ, ითხოვდა, ჩავრთულიყავით ომში, გაგვეგზავნა მებრძოლები უკრაინაში, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა ცა, შევსულიყავით ესკალაციაში, რომლის ბოლოც აუცილებლად იქნებოდა ომი. ამას აკეთებდა უცხოეთიდან დაფინანსებული მეხუთე კოლონა. საკუთარ ქვეყნებში ამას ებრძვიან, პრევენციას ახდენენ და აქ აფინანსებენ მეხუთე კოლონას, რათა კრიტიკულ მომენტებში ზურგში ლახვარი ჩასცხონ საკუთარ ქვეყანას, შეიყვანონ ომში, გამოუთხარონ ძირი დემოკრატიას, არჩევნების და დემოკრატიის არაღიარების გზაზე იდგნენ და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა თავის ინტერესებს უყურებს. თქვენ ნუ იფიქრებთ, რომ ბრიუსელი ჩვენი ინტერესით იღვიძებს და იძინებს, ქალბატონ კალასს, რომელიც ესტონეთში პრემიერ-მინისტრობის დროს საქართველოს მიმართ მტრულ პოლიტიკას ატარებდა, რაიმე აქვს შეცვლილი თავის წარმოდგენებში. ყველამ საკუთარ ინტერესზე უნდა იზრუნოს, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი ქვეყნის ინტერესზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრეზიდენტმა პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და  პარლამენტის ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

ტატა ხვედელიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა დაგვიანებული

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა დაგვიანებული.როგორც ხვედელიანმა განაცხადა, ხელისუფლებამ პირველ რიგში ქვეყნის მოსახლეობაზე უნდა იზრუნოს.„ზოგადად, ეს გადაწყვეტილება სწორია, თუმცა დაგვიანებულია, რადგან ჩვენს მოსახლეობას ეს პრობლემა, დიდი ხანია, აწუხებს. ამაზე საუბარი მუდმივად არის. ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულია, როგორც სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება იძულების წესით იღებს, რათა საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება სწორია.სახელმწიფომ ბიზნესს სტანდარტები უნდა შესთავაზოს და ამ მიმართულებით სწორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს. ქვეყანაში ქართველები მძიმე მდგომარეობაში არიან, გარბიან ქვეყნიდან იმ გაუსაძლისი პირობების გამო, რომელიც „ოცნებამ“ ქვეყანაში შექმნა. ქვეყნის ხელისუფლებამ პირველ რიგში ქვეყნის მოსახლეობაზე უნდა იზრუნოს“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანის, საკურიერო მომსახურებისა და გიდების მიმართულებით ვერ დასაქმდებიან.

ირაკლი კობახიძე – წარმოუდგენელია, როდესაც ესტონეთის საელჩო ცდილობს განათლების რეფორმის პოლიტიზებას და ამ ყველაფერში არის აყოლილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს

წარმოუდგენელია, როდესაც კონკრეტული საელჩო, ამ შემთხვევაში, ესტონეთის საელჩო, ცდილობს განათლების რეფორმის პოლიტიზებას და ამ ყველაფერში არის აყოლილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის შეფასებით, განათლების რეფორმის პოლიტიზება არასწორია.„ყველა ვთანხმდებით, რომ უმაღლესი განათლების ხარისხი საქართველოში არ არის სათანადო და ამ კუთხით, მსგავსი ვითარება გვაქვს ილიას უნივერსიტეტშიც, ისევე, როგორც სხვა უნივერსიტეტებში. ეს ეხება, მათ შორის, თსუ-ს, ტექნიკურ უნივერსიტეტს და სხვა უნივერსიტეტებს, საჯაროს, კერძოს. ჩვენ გვინდა ვითარების გაუმჯობესება. ამ მცდელობის პოლიტიზებას როდესაც ცდილობს ესტონეთის საელჩო, ეს გაუგებარიც არის და არასწორიც. ეს არის კიდევ ერთი იაფფასიანი მცდელობა, პოლიტიკური სარჩული მიეცეს იმას, რასაც საერთოდ ვერ ექნება პოლიტიკური სარჩული“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს

ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, აქედან გამომდინარე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, არის ორმაგი სტანდარტი – ყველას უნდა, რომ სხვის საქმეში ჩაყოს ცხვირი, როცა მათ საქმეში ყოფენ ცხვირს, ეს არ მოსწონთ.„მარტივად არის საქმე, როდესაც თვითონ ერევიან. უნდათ რომ ეს ასე დარჩეს . როდესაც მათ საქმეში ერევიან, უნდათ, რომ პრევენციული ზომები მიიღონ. ორმაგი სტანდარტია. ყველას უნდა, რომ სხვის საქმეში ჩაყოს ცხვირი, როცა მათ საქმეში ყოფენ ცხვირს, ეს არ მოსწონთ. ჩვენი ინტერესია, რომ არც ჩვენ ჩავაყოფინოთ არავის ცხვირი ჩვენს საქმეში. ეს არის ჩვენი საქმე. ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, აქედან გამომდინარე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს. თავის დროზე გამჭვირვალობის კანონი გააპროტესტეს, სხვა საკანონმდებლო აქტები გააპროტესტეს. ყველა ეს კანონი ემსახურებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვას და რა თქმა უნდა, მყარად ვრჩებით ამ პოზიციაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები