ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ რამდენიმე ასეულმა დრუზმა სირიის საზღვარი გადაკვეთა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დრუზებს მოუწოდებს, მათივე უსაფრთხოებისთვის, არ გადაკვეთონ საზღვარი.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მუშაობენ მათ ისრაელში დაბრუნებაზე. როგორც ისრაელის მედია წერს, ამ წუთებისთვის საზღვარზე ქაოსია.
ისრაელის თავდაცვის ძალები მიიჩნევენ, რომ სირიის სამთავრობო ძალები სუვეიდის 70%-ს ან მეტს აკონტროლებენ, ქალაქში დაახლოებით 200 ჯარისკაცია, ხოლო მის გარეუბანში ათასი. ისრაელის განცხადებით, დარტყმას მიაყენებს სირიის ძალებს, თუ ისინი სუვეიდს არ დატოვებენ.
„თქვენ ისრაელის მოქალაქეები ხართ. არ გადაკვეთოთ საზღვარი. ამით თქვენს სიცოცხლეს საფრთხეში აგდებთ. შეიძლება მოგკლან, შეიძლება გაგიტაცონ. თქვენ ხელს უშლით ისრაელის თავდაცვის ძალების ძალისხმევას. ამიტომ, გთხოვთ – დაბრუნდით თქვენს სახლებში, მიეცით ისრაელის თავდაცვის ძალებს მოქმედების საშუალება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე.