ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება, – ამის შესახებ ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემო თანამემამულეებო, ალი ხამენეი, ჩვენი დროის სისხლისმსმელი დესპოტი, ირანის ათიათასობით მამაცი ვაჟისა და ქალიშვილის მკვლელი, ისტორიიდან წაიშალა. მისი სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება. რეჟიმის ნარჩენების მიერ ხამენეის მემკვიდრის დანიშვნის ნებისმიერი მცდელობა, თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის. ვისაც ისინი მის ადგილას დანიშნავენ, არც ლეგიტიმაცია ექნება და არც დღეგრძელობა და უდავოდ, ამ რეჟიმის დანაშაულების თანამონაწილე იქნება“, – წერს ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი.
ამასთან, რეზა ფეჰლევმა სამხედროების, სამართალდამცავ ორგანოებისა და უსაფრთხოების ძალებისთვის მიმართვისას აღნიშნა, რომ ეს მათი უკანასკნელი შესაძლებლობაა, ერს შეუერთდნენ და ირანის თავისუფალი, აყვავებული მომავლის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღონ.
„კრიმინალი ხამენეის სიკვდილი, ვერ იქნება შურისძიება დაღვრილი სისხლისთვის, მაგრამ შეიძლება, იქცეს მალამოდ მგლოვიარე მამებისა და დედების, ქმრებისა და ცოლების, ვაჟებისა და ქალიშვილების და იმ ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ირანის „ლომისა და მზის“ ეროვნულ რევოლუციას. ირანის პატივცემულო და მამაცო ხალხო, ეს შეიძლება, ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაულის დასაწყისი იყოს, მაგრამ ეს გზის დასასრული არ არის. ფხიზლად და მზად იყავით. ქუჩებში ფართოდ და გადამწყვეტად გამოსვლის დრო ძალიან ახლოსაა“, – წერს რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში.
როგორც ყოფილი შაჰის ვაჟი აღნიშნავს, ერთიანობით საბოლოო გამარჯვებას მიაღწევენ და ირანის თავისუფლებას ერთად იზეიმებენ.

