ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ესპანეთის პოზიციას აფასებს.
მისი თქმით, ესპანეთის ქმედება იმაზე მიუთითებს, რომ „დასავლეთში ეთიკა და გამოღვიძებული სინდისი ჯერ კიდევ არსებობს.“
„ესპანეთის პასუხისმგებლიანი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება სიონისტურ-ამერიკული კოალიციის მიერ ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევებსა და ქვეყნების, მათ შორის ირანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას, აჩვენებს, რომ დასავლეთში ეთიკა და გამოღვიძებული სინდისი ჯერ კიდევ არსებობს. ვაფასებ ესპანელ ოფიციალურ პირებს მათი პოზიციისთვის“, – წერს მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
ცნობისთვის, ესპანეთმა ამერიკას ირანზე თავდასხმისთვის სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შეწყვეტს. ტრამპის თქმით, აშშ-ის სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტს ესპანეთთან „ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტა“ უბრძანა.
მოგვიანებით, ესპანეთის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, მარია ხესუს მონტერომ განაცხადა, რომ ესპანეთი არავის ვასალი არ გახდება და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ესპანეთის მთავრობა ამერიკას როტასა და მორონის საჰაერო ბაზების გამოყენების უფლებას არ მისცემს და საკუთარი ქვეყნის ღირებულებების დაცვას გააგრძელებს.

